სამოქალაქო საზოგადოების ლექსიკაში ხშირად ვხვდებით ტერმინს „რუსული პროპაგანდა“. საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი მას რეალურ საფრთხედ აფასებს,

ზოგისთვის კი ის მხოლოდ გარკვეული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული არარსებული რეალობაა.

თუმცა, ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდა მხოლოდ ქართული სამოქალაქო სექტორის „შიში“ არ არის - მისი არსებობის შესახებ 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის ასიგნებების აქტშიც (გვ. 1418) ჩაიწერა. საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი ვლადიმერ პუტინს წინაშე განაცხადა, რომ პროპაგანდა აქტიურად მუშაობს. ასევე, ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც არაერთხელ აისახა  რუსული პროპაგანდის საფრთხის შესახებ. რუსულ ნარატივს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. რუსეთის ფედერაცია კარგად ახერხებს ხისტი და რბილი ძალის ურთიერთმონაცვლეობას და ჰიბრიდული

ომის წარმოებას.

პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი კომუნიკაციის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენოს, თუმცა ყველა ეს მეთოდი საერთო ნიშნით ხასიათდება და აუდიტორიის ღირებულებების თუ რწმენისკენ არის მიმართული. პროპაგანდა პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია, ის მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისთვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას. არსებობს პროპაგანდის განსხვავებული ფორმები, რომლებიც ქცევის სხვადასხვა თავისებურებას მოითხოვენ. პროპაგანდის ტექნიკები საუკეთესოდ მისი მაგალითების გააზრებისას ვლინდება. პროპაგანდის მრავალფეროვანი ტექნიკებიდან ფაქტ-მეტრმა რამდენიმე მათგანი ე.წ. „ქართველთა მარშის“ მაგალითზე განიხილა, რომლის გაცხადებული მიზანი

 ქვეყნის „არალეგალური იმიგრანტებისგან გასუფთავებაა“.

  • სტერეოტიპიზაცია, ე.წ. „იარლიყების მიწებება“ - ამ დროს პროპაგანდისტი უარყოფითი შინაარსის, ემოციის თუ დატვირთვის მქონე სახელებს ან/და ფაქტებს აიგივებს იმ ჯგუფებთან თუ ადამიანებთან, რომლთა დისკრედიტირებასაც ცდილობს.
მაგალითი: „ქართველთა მარშის“ დაანონსებამდე ბევრად ადრე, ინტერნეტსივრცეში ვრცელდებოდა ტერმინები: „დაუბანელი არაბი“, „სუნიანი თურქი“, „უტუალეტო ინდოელი“ და ა.შ. მრავლად იყო ე.წ. „შემეცნებითი“ სტატიები, რომლებიც ინდოეთში საპირფარეშოების არარსებობაზე მსჯელობდნენ, თან ყოველგვარი ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე. ვრცელდებოდა Facebook სტატუსები,

სადაც ნათქვამი იყო, რომ არაბების საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილები ბინძურია და ა.შ.

  • მცდარი დილემა - ამ ტექნიკას შავ-თეთრ დილემასაც უწოდებენ, როცა ადრესატებს მხოლოდ ორ ალტერნატივას უსახავენ და აქედან ერთ-ერთს, პირდაპირ ან ირიბად, უკეთესად წარმოაჩენენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „მძიმე ვითარებიდან“ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს, მათგან ერთი „ცუდია“, მეორე - "კარგი".
მაგალითი:

სანდრო ბრეგაძე („ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი): „ქართველთა მარში“ არის გადამწყვეტი ბრძოლა მამულიშვილებსა და მოღალატეებს შორის. თუ გაიმარჯვებს „ქართველთა მარში“ მაშინ ჩვენი სამშობლო ეროვნული განვითარების გზით წავა, თუ დამარცხდა, გარყვნილება, ღალატი, ჰომოსექსუალიზმი, ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა გაშლის ფრთებს...“

აღნიშნული მოწოდება მცდარი დილემის ტექნიკის კლასიკური მაგალითია და რამდენიმე სახის უკიდურესობას აერთიანებს:Screen Shot 2017-07-14 at 5.09.06 PM

აღნიშნულ დილემებში პირველი ვარიანტები პოზიტიურია და ავტორის მიერ მხარდაჭერილი, ხოლო ალტერნატივა, აუცილებლად ნეგატიური და აპოკალიპტური ხასიათის.

  • დემონიზება - პროპაგანდის ეს ტექნიკა გულისხმობს მოწინააღმდეგე მხარის არაჰუმანურად წარმოჩენას, ბრალდებებს და არასწორ განზოგადებებს.
მაგალითი: „თურქები სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობენ“. „არაბი, ირანელი თუ ვიღაც უცხოტომელი, მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, შემოვა საქართველოში, იყიდის ქვეყანას 2-3 მილიარდ დოლარად და შენ გახდები მისი მონა“. „ინდოელმა ოპერატორი დააჰიპნოზა და თანხა გააცემინა

“.

აღნიშნული გამონათქვამები და ინფორმაცია გადაუმოწმებელია. არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს ასეა. თუმცა, ისინი მაინც ვირუსულად ვრცელდება. ისინი ქმნიან „მტრის ხატს“, დემონიზებულად წარმოაჩენენ პროპაგანდის მსხვერპლს და „სახიფათო“ მომავალს წინასწარმეტყველებენ.

  • ყალბი ახალი ამბავი - ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. დამკვიდრებული გაგებით იგი არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. არსებობს რამდენიმე სახის ყალბი ახალი ამბავი: განზრახ შეცდომაში შემყვანი ამბავი; რეალურ ფაქტად აღქმული ხუმრობა; ამბები, სადაც სიმართლე სადავო და რთული დასადგენია; დროში ლავირებადი ახალი ამბები და ა.შ.
მაგალითები: „თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს“, - ეს ყალბი ინფორმაცია მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია. „საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადასცა“, - ამ ყალბი

 ინფორმაციის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების გაღიზიანების გამოწვევა იყო თურქეთის მიმართ. ეს ნიუსები განზრახ შეცდომაში შემყვანი ყალბი ამბების კატეგორიაში ერთიანდება.

„ინდოელმა ოპერატორი დააჰიპნოზა და თანხა გააცემინა“, - Mediacity.ge-ს მიერ გავრცელებული ეს ყალბი ინფორმაცია, რეალურად, ამავე სტატიის

ავტორის ხუმრობაა, რომელიც სტატიის სათაურად არის გამოტანილი.

„ვანდალიზმი მცხეთაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე არაბული და ლათინური წარწერებია“, - განეკუთვნება ყალბი ამბების ისეთ კატეგორიას, რომელსაც ნიუსის გამავრცელებლები სხვადასხვა დროს ატრიალებენ, ხშირად წლების ინტერვალით. ძველ დაუდასტურებელ ამბებს, ახალ ამბებად ავრცელებენ იმ პროცესების სასარგებლოდ, რომლებიც მათ ინტერესში შედის. იგივე კატეგორიაშია Facebook გვერდის - „წინააღმდეგობა მომავლისთვის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სათაურით: „ჯუნგლები თბილისის მეტროში, ამ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს“. ეს მანიპულაციური

ვიდეო 2015 წლის სექტემბრიდან ტრიალებს ინტერნეტსივრცეში, არანაირ დამამტკიცებელ საბუთს არ შეიცავს, რომ გადაღებულია ნამდვილად თბილისში და როგორც წესი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ აგრესიის აღძვრისთვის გამოიყენება. ვიდეო „ქართველთა მარშის“ წინ, 13 ივლისს, თავიდან „გაცოცხლდა“, რა თქმა უნდა, იგივე მოტივებით.

სადავო და რთული დასადგენია იმ მომრავლებული სტატუსების შინაარსიც, რომელთა თანახმადაც, უცხოელები, ძირითადად არაბები, თურქები და ინდოელები, ჩვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემენ, აგინებენ და აუპატიურებენ.

დასკვნა დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რუსული ნარატივის გავრცელების ძირითადი იარაღი პროპაგანდაა. პროპაგანდა მუშაობს სხვადასხვა ტექნიკებით და სხვა ეროვნების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ თუ ძალიან საშიში ეთნო-ნაციონალიზმის გაღვივებისკენაა მიმართული. რუსული მცოცავი ანექსია კი კვლავ გრძელდება. ერთი მხრივ ხისტი ძალის გამოყენება ჩვენ მიმართ და მეორე მხრივ პროპაგანდა, გვარწმუნებს, რომ რუსეთის ფედერაცია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. პროპაგანდისტული მანქანა ნამდვილად კარგად მუშაობს: საოკუპაციო ხაზის ლამის ცენტრალურ მაგისტრალამდე მისვლას მხოლოდ მოქალაქეთა მცირე ჯგუფები აპროტესტებენ, მაშინ, როდესაც პროპაგანდის მიერ შექმნილი „მტრის ხატის“ წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი დაირაზმა. რუსეთი ყოველთვის კარგად ახერხებდა ოკუპაციის თემის გადაფარვას არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ოკუპირებულ საქართველოშიც და ბევრი ქართველის აზროვნებაშიც.

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი