სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია/დანამატები მუდმივად წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ფაქტ-მეტრი ამჯერად პარლამენტარების მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოთი და პრემია/დანამატის ოდენობით დაინტერესდა და 2010-2016 წლებში პარლამენტის წევრებზე გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა მიმოიხილა.

საქართველოს პარლამენტის წევრების შრომით გასამრჯელოს განსაზღვრავს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ" და 2013 წლის 18 იანვარს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა განისაზღვრა. პარლამენტარების თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, რასაც ემატება აღნიშნული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

ცხრილი 1: პარლამენტის წევრთა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა
1 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 3 905
2 პარლამენტის თავმჯდომარის I მოადგილე 3 750
3 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 3 505
4 უმრავლესობის ლიდერი 2 705
5 უმცირესობის ლიდერი 2 705
6 კომიტეტის თავმჯდომარე 2 705
7 ფრაქციის თავმჯდომარე 2 635
8 დროებითი კომისიის თავმჯდომარე 2 105
9 უმრავლესობის ლიდერის მოადგილე 1 970
10 უმცირესობის ლიდერის მოადგილე 1 970
11 კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე 1 970
12 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 1 905
13 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 1 905
14 პარლამენტის წევრი 1 790

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ოდენობის შრომის ანაზღაურება (პრემია-დანამატის ჩათვლით) გაიცა პარლამენტის წევრებზე 2010-2016 წლებში. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის აპარატიდან გამოვითხოვეთ.

ცხრილი 2: პარლამენტის წევრებზე გაცუმული შრომის ანაზღაურება 2010-2012 წლებში
წელი თანამდებობრივი სარგო პრემია დანამატი ჯამი
2010 3 349 731 2 266 231 1 851 054 7 467 016
2011 3 327 365 2 286 173 1 807 237 7 420 775
2012 2 878 520 1 746 175 1 442 929 6 067 624

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2010 წელს პარლამენტის წევრებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 7 467 016 ლარი შეადგინა. აქედან 3 349 ათასი ლარი თანამდებობრივ სარგოზე მოდიოდა, 2 266 ათასი პრემიების სახით, ხოლო 1 851 ათასი ლარი დანამატის სახით გაიცა. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი იყო 2011 წელსაც. 2012 წლის 9 თვეში პარლამენტარებზე გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 6 067 ათასი ლარი შეადგინა, რაც 12 თვის შემთხვევაში იგივე იქნებოდა, რაც 2011, 2010 წლებში დაფიქსირდა.

ცხრილი 3: პარლამენტის წევრებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2012-2016 წლებში
წელი თანამდებობრივი სარგო პრემია დანამატი ჯამი
2012 (20 ოქტომბერი - 21 დეკემბერი) 684 152 922 962 606 434 2 213 548
2013 3 572567 14 867 4 018 311 7 605 745
2014 3 592 200 - 5 415 036 9 007 236
2015 3 591 600 - 5 470 919 9 062 519
2016 3 000 000 - 4 629 355 7 629 355

რაც შეეხება 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტს, 2012 წლის სამი თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით 2 213 ათასი ლარი გაიცა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 7 605 ათასი ლარი იყო. 2014 წელს კი, 9 მლნ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 3 592 ათასი თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა, ხოლო 5 415 ათასი დანამატის სახით. დაახლოებით ანალოგიური თანხა გამოიყო 2015 წელსაც. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს პარლამენტარების მიერ აღებული შრომის ანაზღაურება კვლავ შემცირდა და როგორც ეს 2013 წელს იყო - 7 629 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს მე-8 მოწვევის პარლამენტს სრული დატვირთვით არ უმუშავია, რადგან გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი პარლამენტის არჩევა მოხდა. 2010-2012 წლებში, საშუალოდ, პარლამენტის წევრებზე 7 მლნ ლარამდე თანხა გაიცა. მომდევნო მოწვევის პარლამენტში კი აღნიშნული თანხა გაიზარდა. ეს განსაკუთრებით 2014 და 2015 წლებს ეხება. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ძირითადად დანამატების მუხლით გაწერილი თანხების ხარჯზე მოხდა. ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა იმ პარლამენტარების სიით, რომლებმაც 2016 წელს ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურება მიიღეს.

ცხრილი 4: 2016 წელს პარლამენტის წევრებზე გაცემული ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება
თანამდებობრივი სარგო დანამატი შრომის ანაზღაურება
დავით უსუფაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე) 20 000 47 387 67 387
მანანა კობახიძე (პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) 20 000 44 037 64 037
ზვიადი ძიძიგური (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე) 20 000 43 387 63 387
მურმანი დუმბაძე (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე) 20 000 43 387 63 387
გელა სამხარაული 20 000 43 387 63 387
თედო ჯაფარიძე (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე) 20 000 43 387 63 387
დავით ბაქრაძე (საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი) 20 000 43 348 63 348
ირაკლი ჩიქოვანი 20 000 41 867 61 867

ამათაგან, დავით უსუფაშვილის შემთხვევაში, მაღალი დანამატი მისი საპარლამენტო უფლებამოსილებით და, შესაბმისად, კანონით განსაზღვრული დანამტით არის განპირობებული. ის 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მანანა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდნენ მურმან დუმბაძე და ზვიად ძიძიგური. დავით ბაქარაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი იყო და მის მიერ აღებული მაღალი დანამატიც ამას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი