საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა „არჩევანში“ კონსტიტუციის პროექტზე საუბრისას აღნიშნა (

მე-15 წთ-დან): „ეს არის ტყუილი, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები რაიმე ფორმით არსებითად იზღუდება. პრეზიდენტთან დაკავშირებით არის ორადორი მეტ-ნაკლებად არსებითი ცვლილება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტის გადამოწმებას შეეცადა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტის თავდაპირველი ვერსია შეიმუშავა, რომელშიც შემდგომ არაერთი ცვლილება განხორციელდა, რაც დიდწილად ვენეციის კომისიის დასკვნამ

განაპირობა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ფაქტ-მეტრი აღნიშნულ სტატიაში კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტთან დაკავშირებული ცვლილებების მიმოხილვას გთავაზობთ.

კონსტიტუციის

მოქმედ რედაქციაში ვკითხულობთ: „პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით“. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. პროცესში ჩართულია ყველა ის პირი, რომელსაც კანონით აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირია.

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება არაერთი საკითხი. პროექტის მიხედვით, სრულად იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და პირდაპირი არჩევის ნაცვლად, მას უკვე 300 ხმოსანი, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით აირჩევს. ხმოსანთა შემადგენლობა კონსტიტუციის პროექტითა და ორგანული კანონით იქნება განსაზღვრული. არსებული პროექტის მიხედვით, ხმოსნების შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. დანარჩენი წევრები კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით კვოტების შესაბამისად დაემატებიან. საბოლოოდ კი, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ასეთ სიტუაციაში კი, პირდაპირი არჩევის წესით არჩეულ კანდიდატთან შედარებით, ხმოსნების მიერ არჩეულ პრეზიდენტს ხალხისგან იმაზე ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება ვიდრე ეს ამჟამადაა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები, სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ირიბადაც კი. ახლა იძულებით გადაადგილებული პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ. ახალი წესით კი მათი ეს უფლება იზღუდება იმის გამო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ ირჩევენ და, შესაბამისად, ხმოსანთა ჯგუფში წარმომადგენელი არ ეყოლებათ. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კი 1991 წლის შემდეგ არ არჩეულა და ამ ადამიანების მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, პირველი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს. მართალია, პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტის ჩანაწერის მიხედვით კვლავ ტერმინოლოგიურად „ქვეყნის მთავარსარდალია“, მაგრამ ამ მხრივ მნიშვნელოვნად შეკვეცილია მისი უფლებამოსილებები, რაც დიდწილად აზრს უკარგავს მთავარსარდლის სტატუსს. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინების გარეშე, საკუთარი ინიციატივით ვეღარ იღებს გადაწყვეტილებას საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ასევე ვეღარ დებს ზავს და ვერ გამოსცემს დეკრეტებს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში პრეზიდენტს სჭირდება პრემიერ-მინისტრის წარდგინება. ასეთი ჩანაწერით, პრეზიდენტი ინიციატივის ავტორობიდან შუალედურ რგოლად იქცა, სადაც ის შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასა და პარლამენტში მის გაგზავნამდე. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი თავად იღებდა გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე და წარუდგენდა პარლამენტს. პრეზიდენტის შუალედურ რგოლად ქცევა და პრემიერ-მინისტრისთვის ამ უფლებამოსილებების გადაცემა ასუსტებს და არსებითად ცვლის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით.

თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეროვნული უშიშროების საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის სრულად გაუქმება და მის მაგივრად ეროვნული თავდაცვის საბჭოს შემოღებაა. ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მუდმივმოქმედია და მას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება ეროვნული თავდაცვის საბჭოს, ის უშუალოდ საომარი მდგომარეობის დროს იქმნება და იმ დროს არსებული კონკრეტული მდგომარეობის მოგვარებას ემსახურება. კონსტიტუციის პროექტით, აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმება თავისთავად იწვევს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირებას. აღნიშნულს კი ის განაპირობებს, რომ საკითხები, რომლებიც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს გადასაწყვეტი იყო, ქრება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს, როგორც ინსტიტუტის გაქრობასთან ერთად.

ასევე მნიშვნელოვანია ცვლილება მხედართმთავრების დანიშვნასთან დაკავშირებით. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით კი პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება მხოლოდ თავდაცვის ძალების მეთაურის მიმართ აქვს. შინაარსობრივად შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი „თავდაცვის ძალების მეთაური“ ანაცვლებს გენერალური შტაბის უფროსს, ამიტომ ამ მხრივ ორივე შემთხვევაში პრეზიდენტს რჩება უფლებამოსილება თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების. ამას გარდა, მოქმედ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი ასევე ნიშნავს და ათავისუფლებს სხვა მხედართმთავრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტში არაფერია ნათქვამი. რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება გარანტირებული აღარ აქვს  და ვის უფლებამოსილებაში გადავა სხვა მხედართმთავრების დანიშვნის საკითხი ჯერ კვლავ გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტს ამის უფლება აღარ ექნება.

გარდა ამ საკითხებისა, იზღუდება პრეზიდენტის უფლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენასთან მიმართებით. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი“. ახალი კონსტიტუციის მიხედვით კი აღნიშნული უფლება პრეზიდენტს ერთმევა და სრულად გადაეცემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც 15 წევრია, რომელთაგან 5 თავად პარლამენტის არჩეულია.

მნიშვნელოვანია ასევე ცვლილება პარლამენტთან მიმართვის ნაწილშიც. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“. აღნიშნული ჩანაწერის პირველი წინადადება შეიცვალა და ხალხისა და პარლამენტის ნაცვლად, მხოლოდ ხალხი დარჩა, ხოლო მეორე წინადადება უცვლელად გადავიდა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილება იკითხებოდა იმგვარად, რომ პრეზიდენტს შეეძლო სურვილისამებრ იმ რაოდენობით მიემართა პარლამენტისა და ხალხისთვის რამდენჯერაც ამას საჭიროდ ჩათვლიდა. სიტყვა „პარლამენტის“ პირველი წინადადებიდან ამოღებით კი პრეზიდენტს მკაცრად განესაღვრა, რომ მას მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეეძლება მოხსენების წარდგენა. აქამდე პარლამენტს კონსტიტუციით იმის ვალდებულება ჰქონდა, რომ სულ მცირე მოესმინა პრეზიდენტის მოხსენება ერთზე მეტჯერ თუ თავად პრეზიდენტი გადაწყვეტდა ამას. ჩანაწერის ასეთი ცვლილების შემდეგ კი აშკარაა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ მხრივაც მკვეთრად შეზღუდულია.

ასევე ცვლილებად უნდა ჩაითვალოს მოქმედი კონსტიტუციის 731

მუხლის მესამე პუნქტის ჩანაწერის კონსტიტუციის პროექტიდან ამოღება. აღნიშნულის მიხედვით, „კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა“. ამ ცვლილებამდე ისეთ სამართლებრივ აქტებს, რომლებზეც მთავრობას პრეზიდენტისთვის წინასწარი თანხმობა ჰქონდა ნათქვამი, პრეზიდენტის მიერ მისი გამოცემის შემდეგ კონსტრასიგნაციას არ საჭიროებდა. კონსტიტუციის პროექტში ასეთი ჩანაწერის არარსებობა კი ქმნის სიტუაციას, რომლის დროსაც, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის შეთავაზებას მთავრობა დათანხმდეს და თქვას, რომ კონკრეტული აქტის გამოცემა მისაღებია მთავრობისთვის, გამოცემის შემდეგ პრეზიდენტი მაინც ვალდებული იქნება, რომ წინასწარი თანხმობის მიუხედავად მთავრობას თანახელმოწერისთვის გაუგზავნოს სამართლებრივი აქტი. თავის მხრივ, ეს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას იმ სამართლებრივ აქტზე, რაზეც წინასწარ თანხმობა განაცხადა მაინც არ მოუწეროს პრეზიდენტს ხელი და სამართლებრივმა აქტმა ძალა ვერ შეიძინოს.

ასევე შეცვლილია თავშესაფრის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა თავშესაფრის მიცემის საკითხი, რომელიც კონტრასიგნაციას არ საჭიროებს, მაგრამ პროექტში აღნიშნული ჩანაწერი აღარ არსებობს. ის მხოლოდ ადამიანის უფლებათა თავშია დარჩენილი და ნათქვამია, რომ თავშესაფრის საკითხი გადაწყდება კანონით დადგენილი წესით. ამ დროისთვის კი დაუდგენელია, თუ რა ჩანაწერი გაკეთდება კანონში ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ და ვის მიენიჭება ჯერჯერობით პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

დასკვნა

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის არაერთ უფლებამოსილებაში შევიდა ცვლილება. აღნიშნული ცვლილებებით კი, კიდევ უფრო შესუსტდა პრეზიდენტის როლი ხელისუფლების განხორციელებაში და ის უფრო მეტად ფორმალურ ფიგურად იქცა. ამდენად, ცალსახაა, რომ პრეზიდენტის უფლებები ნამდვილად იზღუდება და პარლამენტის თავმჯდომარე ცდება, როცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი