2013

წლის 14 ივნისს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამავე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი განიხილებოდა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტა, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა პარლამენტს პრეზიდენტის ვეტო.

მისი განცხადებით: „ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია იყო ძალიან ცალსახა - იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი არ გაიზიარებდა ადვოკატების მოთხოვნას, რომ ვეტო ყოფილიყო დადებული ამ კანონპროექტზე და შენარჩუნებოდათ ადვოკატებს ეს უფლება [იგულისხმება დაცვის მხრიდან მტკიცებულების შენახვის და მისი შემდგომ წარდგენის უფლება], ადვოკატები მიმართავდნენ უკიდურესი პროტესტის ფორმებს“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად თანხვედრაში იყო პრეზიდენტის ვეტო ადვოკატთა ასოციაციის მოთხოვნებთან. ჩვენ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტი გადავამოწმეთ.

პრეზიდენტმა ვეტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს დაადო, რომელიც ადვოკატის უფლებებს შეეხება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო.

ქვეყნის პირველ პირს დაუშვებლად მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან 84-ე მუხლის

ამოღება. ამ მუხლის თანახმად, დაცვის მხარეს განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემონახვის და სასამართლო პროცესის არსებითი განხილვის ეტაპზე მისი წარდგენის უფლება ჰქონდა. პრეზიდენტის შენიშვნის თანახმად, აღნიშნული ცვლილება დაცვის მხარის უფლებებს შეასუსტებს.

მეორე მოტივი, რის გამოც  ქვეყნის პირველმა პირმა ვეტოს უფლება გამოიყენა, კანონპროექტის რიგი მუხლების ამოქმედების ვადას შეეხებოდა. აღნიშნული კანონპროექტის 112-ე მუხლის თანახმად, ადვოკატს სასამართლოს ნებართვით ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო ქმედების ჩატარების უფლება აქვს. პრეზიდენტმა პარლამენტს  აღნიშნული მუხლის 2014 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედება შესთავაზა.

მიმდინარე წლის 30 მაისს ქუთაისში პარლამენტის წინ ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა საპროტესტო აქცია

გამართეს და სიმბოლურად ხელბორკილები დაიდეს. ისინი  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, კერძოდ  84-ე მუხლის ამოღებას. მათი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსიდან 84-ე მუხლის ამოღება, დაცვის მხარის უფლებებს ზღუდავს და ეს ცვლილება მათთვის ბორკილების დადების ტოლფასია. ადვოკატთა კორპუსი ასევე  112-ე მუხლის დროულად ამოქმედებას ითხოვდა.

11

ივნისს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც  სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა, ადვოკატთა კორპუსმა თავიანთი მოთხოვნები პარლამენტარებს გააცნო.

პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და მიმდინარე წლის 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვეტო 92 ხმით დაძლია.

დასკვნა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნები კანონპროექტის ამოქმედების ვადებს და კოდექსიდან 84-ე მუხლის ამოღებას შეეხებოდა. ანალოგიური მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა, რაც პარლამენტის მიერ გაზიარებული არ იქნა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ადვოკატთა ასოციაციის პოზიციასთან თანხვედრაში იყო და ადვოკატები პარლამენტს ვეტოს გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ, შეესაბამება სიმართლეს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი