ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატებისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქალაქის თვითმმართველობის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯზე საუბრისას აღნიშნა: „2012 წელს მერიაში და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებში, ე.წ. ა(ა)იპ-ებში, მუშაობდა 2 000 კაცი, ხელფასებზე და ყველაფერზე იხარჯებოდა 11 მილიონი. ახლა 365 ადამიანი მუშაობს მერიაში და 5 000-მდე ამ სტრუქტურებში. ხელფასებზე იხარჯება 19 მილიონ 100 ათასი ლარი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქუთაისის მერიაში 2012-2017 წლებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობისა და გაწეული ადმინისტრაციული ხარჯის თაობაზე ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა

და გაარკვია, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტის მერიაში 425 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო  2016 წელს კი დასაქმებულთა რიცხვი 341-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ა(ა)იპ-ებში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუთაისში 2012 წელს არსებობდა 8 ა(ა)იპ დაწესებულება, სადაც 2 815 ადამიანი იყო დასაქმებული.

მომდევნო წლებში ქუთაისში მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, სადაც დასაქმებულთა რიცხვი 3 993-ს შეადგენს.

  ცხრილი 1:

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ების მონაცემები

ა(ა)იპ 2012 2016 2017 (8 თვე)
რაოდენობა 8 16 15
დასაქმებულთა რაოდენობა 2 815 3 979 3 993
ხელფასის ხარჯი 6 845 231 16 734 276 11 677 812
წლიური ასიგნებები (ლარი) 11 594 000 25 111 900 24 277 000
წყარო: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური

რაც შეეხება უშუალოდ მერიის ხარჯებს, 2012 წელს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 6 057 000 ლარს შეადგენდა. 2016 წელს კი მისი მოცულობა 5 287 200 ლარამდე შემცირდა.

ცხრილი 2:

 ქუთაისის მერიის საშტატო ერთეულები და ადმინისტრაციული ხარჯი

 წელი 2012 2016 2017
საშტატო ერთეული 425 341 341
ადმ. ხარჯი (ლარი) 6 057 000 5 287 200 -
წყარო: ქუთაისის მერია

ხოლო, ა(ა)იპ-ების ხარჯებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუთაისში 2012 წელს უკვე არსებობდა 8 ა(ა)იპ დაწესებულებულება და აქ დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასებზე 6 845 231 ლარი გაიცა. გამოდის, რომ საერთო ჯამში, ა(ა)იპ-ებში სახელფასო და მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 2012 წელს 12 902 231 ლარი იყო. ხოლო 2016 წელს მერიის ადმინისტრაციულმა ხარჯმა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასების ჯამურმა მაჩვენებელმა 22 021 476 ლარი (5 287 200+16 734 276)

შეადგინა.

  ცხრილი 3:

მერიისა და ა(ა)იპ-ების საერთო ხარჯი (ლარი)

2012 2016 2017 (8 თვე)
ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასი (ლარი) 6 845 231 16 734 276 11 677 812
მერიის ადმინისტრაციული ხარჯი (ლარი) 6 057 000 5 287 200
ჯამი 12 902 231 22 021 476  

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა რაოდენობა 1 178 ერთეულითაა გაზრდილი. მუნიცპალიტეტში განმარტავენ,

 რომ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა მატება ორი ახალი ბაგა-ბაღის აშენებამ და მეორე ცვლის პედაგოგების დამატებამ გამოიწვია (ამ დაწესებულებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დამატებით 427 თანამშრომელი დასაქმდა), ასევე 2015 წელს ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა ქალაქის დასუფთავების სამსახური, რომელიც ადრე შპს-ის სახით არსებობდა. დღეისთვის ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებში“ 502 ადამიანია დასაქმებული.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ ამ ორ ა(ა)იპ-ში განხორციელებულ ცვლილებებს არ გამოუწვევია. ერთიანობაში, 2012 წელს არსებულ და ამის შემდეგ შექმნილ ა(ა)იპ-ებში, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ და ა(ა)იპ „ბაგა ბაღების გაერთიანების“ დამატებულ თანამშრომელთა  გარდა, დამატებით, 249 ერთეულით გაიზარდა ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაო ადგილები.

  დასკვნა 2012

წელს ქუთაისის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერცუილ) იურიდიული პირის სტატუსით მოქმედ ორგანიზაციებში დასაქმებული იყო 3 230 ადამიანი და ადმინისტრაციულმა ხარჯმა თითქმის 13 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, 2016 წელს მერიასა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი 4 334-მდე გაიზარდა და სახელფასო ანაზღაურებამ 22 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ხარჯის მნიშვნელოვანი ოდენობით ზრდა ასიგნებების მოცულობის შედარების დროსაც თვალშისაცემია. ა(ა)იპ-ებზე 2012 წელს, ასიგნებების სახით, 11 594 000 ლარი გაიცა, 2016 წელს – 25 111 900 ლარი, ხოლო წელს 24 მილიონ ლარზე მეტის გაცემაა დაგეგმილი.

გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული რიცხვები, ოფიციალურ მაჩვენებლებს არ ემთხვევა, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით (ვაშაძე ასახელებს, რომ ადრე ა(ა)იპ-ებში და მერიაში 2 000 თანამშრომელი იყო, ახლა კი ეს ციფრი 5 000-მდე გაზრდილი. ოფიციალური ინფორმაციით კი 2012 წელს 2 320 ადამიანი მუშაობდა მერიასა და ა(ა)იპ-ებში, 2017 წელს კი – 4 334), ასევე გაწეული ხარჯის დასახელებისას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური მონაცემებით ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო ხარჯის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია იკვეთება, გრიგოლ ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი