ქობულეთის არჩეულმა მერმა მირიან ქათამაძემ განაცხადა:

„2014 წელს [ქობულეთის] ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში სოციალური დახმარების პროგრამებისთვის დაგვხვდა 432 ათასი ლარი, დღეს არის 937 ათასი ლარი“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წელს სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის განკუთვნილმა თანხამ (გეგმა) 417 982 ლარი, 2015 წელს - 468 997 ლარი (გეგმა), 2016 წელს კი 1 962 410 ლარი (ფაქტი) შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის თანხას, სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის, აგვისტოში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 485 867 ლარია გამოყოფილი. 2014-2017

წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დაცვის ათი პროგრამა ფინანსდება, აქედან ერთ - სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამაზე 1.2 მლნ ლარის გახარჯვა ერთხელ, 2016 წელს დაიგეგმა, ხოლო მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ანალოგიური ხარჯისთვის გეგმით გათვალისწინებული თანხა არც სხვა საანგარიშო წლებში გვხვდება. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გვითხრა, სხვა წლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა ადგილობრივი ან აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოფოდა.

რაც შეეხება სოციალური დახმარების ღონისძიებების მთლიანი თანხის გადანაწილებას პროგრამების მიხედვით, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  ცხრილი 1:

სოციალური დახმარების პროგრამებისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა 2014-2017 წლებში (ლარი)

პროგრამები 2014 2015 2016 2017
სოციალურად დაუცველი ფენისთვის უფასო სასადილო 174 150 183 053 134 000 190 617
დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღება 92 800 99 500 90 000 92 800
ხუთ და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი დახმარება 42 000 45 000 40 000 41 000
ომის მონაწილეებისა და დაღუპულთა ოჯახის წევრების დახმარება 21 700 16 280 16 880 17 150
დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური დახმარება 20 000 20 000 18 000 20 000
უმწეო გარდაცვლილის ოჯახების ერთჯერადი დახმარება 41 500 31 500 21 500 31 600
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა ტრანსპორტირება 35 632 32 944 32 900 35 000
სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება 18 000 13 000 30 000 30 000
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება 1 211 570 -
სასურსათო ამანათების პროგრამა 6 400 - - -
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია, ბენეფიციართა ტრანსპორტირება - 27 720 33 200 27 700
წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი 

აღსანიშნავია, რომ როგორც ფაქტ-მეტრს ქობულეთის ახლად არჩეულმა მერმა განუმარტა, ის თავის გამოსვლაში არა მხოლოდ სოციალური დახმარების ხარჯებს, არამედ ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის ჯამურ მაჩვენებლებს გულისხმობდა. უნდა ითქვას, რომ მსგავსი მიდგომა მართებულია და აღნიშნული ხარჯების განხილვა მართლაც ერთ კონტექსტში შეიძლება. ამიტომ, ჩვენ ჯამური მონაცემებიც გავაანალიზეთ. 2014 წელს ამ მიმართულებით 582 262 ლარი იყო გათვალისწინებული (გეგმა ივლისის მიხედვით), 2015 წელს - 662 487  ლარი (გეგმა), 2016 წელს - 2 124 672 ლარი (ფაქტი - 2016 წლის გეგმა მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ცხრილში მითითებული არ არის). რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებელს, თავდაპირველი გეგმა - 886 912

ლარი - ორჯერ შეიცვალა: მარტის თვეში - 934 314 ლარამდე, ხოლო აგვისტოში 961 435 ლარამდე გაიზარდა.

  დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ივლისის თვეში, ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის 150 262 ლარით მეტი იყო, ვიდრე მირიან ქათამაძემ დაასახელა, ხოლო 2017 წელს გეგმით გათვალისწინებული იყო (თუ აგვისტოს ცვლილების შემდეგ მიღებულ თანხას გავითვალისწინებთ) 961 435  ლარი. საინტერესოა, რომ განცხადების ავტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში 2014 წლის სოციალური პროგრამებისთვის ივლისის თვის გეგმით გათვალისწინებული თანხა - 417 982 ლარი და 2017 წლის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის ჯამურად გამოყოფილი თანხა - 934 314 ლარია მონიშნული. როგორც ჩანს, მირიან ქათამაძე აქცენტს ამ ორი მაჩვენებლის შედარებაზე აკეთებს, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან შესადარებლად ან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების თანხის ჯამური მოცულობა უნდა ავიღოთ, ან - მხოლოდ სოციალური პროგრამების.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მირიან ქათამაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის პირველი ვერსია მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ფაქტ-მეტრს განცხადების ავტორი მირიან ქათამაძე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სტატიაში მოცემული ერთ-ერთი რიცხვი, კერძოდ აღნიშნული პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი არაზუსტი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის პირველ ვერსიაში მოცემული მაჩვენებელი, რომელიც მოგვიანებით არაზუსტი აღმოჩნდა, სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ იყო მოწოდებული. ასევე, სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურს და უკვე გამოგზავნილი ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ, მაგრამ, მოწოდებული ინფორმაცია მაინც არასრულყოფილი აღმოჩნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მირიან ქათამაძემ პირადად კიდევ ერთი მონაცემი მოგვაწოდა, რომლის ხელახლა გადამოწმების შემდეგ სტატიაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც განცხადების ვერდიქტიც შეიცვალა. მეტწილად მცდარის ნაცვლად, ქობულეთის ახლად არჩეული მერის განცხადებას მეტწილად სიმართლედ ვაფასებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი