საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა, ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი განცხადება

გაავრცელა: „საფრანგეთში კანაფის პირადი მოხმარებისთვის 10 წელი ციხე ან 7.5 მილიონი ევროს ჯარიმაა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ნარკოტიკების ფლობა, მოხმარება და ტრაფიკი საფრანგეთში

კრიმინალურ სამართალდარღვევად არის აღიარებული. კანონი არ განასხვავებს ნარკოტიკების ტიპებსა და ფლობის მიზანს, პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, თუ ფლობისათვის. ფლობის მიზნის დადგენა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის მიხედვით ხდება (მცირე ოდენობის შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი მოხმარებისათვის წარედგინება, ხოლო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის აღმოჩენისას - ვაჭრობისათვის). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ აღმოჩენილი ნარკოტიკის რაოდენობისა და შემთხვევის სიმძიმის მიხედვით ეკისრება სასჯელი ბრალდებულს. მოსარჩელეს შეუძლია აღძრას საქმე ბრალდებულის წინააღმდეგ, დახუროს საქმე ან მიმართოს აღსრულების ალტერნატიულ გზებს.

ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისათვის წარდგენილი ბრალისთვის პირი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 3 750 ევრომდე ჯარიმით ისჯება. თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია სასამართლო დევნის შეწყვეტა ან ჯარიმის დაყვანა 1 875 ევრომდე. სასჯელი მაქსიმუმამდე (თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ან 75 000 ევრომდე ჯარიმა) იზრდება იმ შემთვევაში, თუ ნარკოტიკი მოხმარებულ იქნა სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პენიტენციური დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკების პირადი მიზნით მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთის პროცენტული წილი დაბალია. 2010 წლის სტატისტიკის მიხედვით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 82 725 პირი იქნა დაკავებული, მათ 14%-ს, ანუ 11 581 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაპატიმრებულთა 5%-ს (579 პირს) შეადგენდა მათი რაოდენობა, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებისათვის შეეფარდა. 2017 წლის ეროვნულ მოხსენებაში (

რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა) აღნიშნულია, რომ საფრანგეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მიწოდებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა (დაახლოებით 16%-მდე დავიდა, როცა 2000 წელს 47%-ს შეადგენდა) და გაიზარდა საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარების სიხშირე (18%). 2015 წლის სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე სულ 72 200 პირი იქნა დაკავებული, პატიმრობა კი მათ 26%-ს, დაახლოებით 18 720 ადამიანს შეეფარდა.

2008

წლის მაისში მიღებულ იქნა დირექტივა, რომელმაც ახალი პოლიტიკა შეიმუშავა. მისი მიხედვით, რიგ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთის ან ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, ნარკომომხმარებლები იღებენ გაფრთხილებას. სანაცვლოდ კი, ვალდებულნი არიან დაესწრონ კურსს ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

ამასთან, 2012 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მიმართ კრიმინალური პოლიტიკის სტრატეგიის ახალი დირექტივა დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტორები, რომლებიც მეტყველებენ ნარკოტიკული საშუალების ერთჯერად მოხმარებაზე ან ნარკოდამოკიდებულებაზე. ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადი მოხმარების შემთხვევაში, ბრალდებული სრული სიმკაცრით არ ისჯება და  გაფრთხილებით შემოიფარგლება. მსგავს შემთხვევებში პრიორიტეტი ენიჭება მისი ცნობიერების ამაღლებას ჯანდაცვისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული განათლების კუთხით. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ პირს, ხშირ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მასაც სთავაზობს თერაპიულ მკურნალობას. აღკვეთის სხვა ფორმის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მკურნალობას თავად ბრალდებული არ დათანხმდება. 2013 წელს საფრანგეთში რეცეპტის მქონე პაციენტებისათვის ლეგალური

გახდა კანაბისის შემცველი მედიკამენტის, სატივექსის (Sativex), გაყიდვა.

რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას, აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს 10 წლამდე, ან უვადო (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში) პატიმრობას ან ჯარიმას 7.5 მილიონ ევრომდე. ვაჭრობა ითვალისწინებს როგორც  ინდივიდუალურ გარიგებას, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ტრაფიკს. შემთხვევის შესაბამისად იცვლება სასჯელის სიმკაცრეც.

ფრანგების 80% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სადამსჯელო კანონმდებლობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიულია, არაეფექტურია. ისინი ითხოვენ 1970 წელს მიღებული კანონით გათავალისწინებული სანქციების (ზემოთ აღწერილი) გადახედვას. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობაზე საუბრობს საფრანგეთის პოლიციის გენერალური მდივანი ფილიპე კაპონიც, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებულ სადამსჯელო ღონისძიებებს მცირედი წვლილიც კი არ შეუტანიათ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ არსებული კანონმდებლობის შეცვლა წარმოადგენდა ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო ერთ-ერთ დაპირებას. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარ კოლომბმა, განაცხადა,

რომ ახალი კანონმდებლობა პარლამენტს უახლოეს კვირებში წარედგინება. განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთა ჯარიმით ჩანაცვლდება. მიუხედავად ამისა, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად დარჩება. გარდა ამისა, შემცირდება ჯარიმის თანხაც და ის 150-200 ევროთი განისაზღვრება.

  დასკვნა

საფრანგეთში, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისათვის წარდგენილი ბრალისთვის, პირი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 3 750 ევრომდე ჯარიმით ისჯება. რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას, აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს 10 წლამდე, ან უვადო (განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში) პატიმრობას ან ჯარიმას 7.5 მილიონ ევრომდე.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იმ პირების რაოდენობა, რომლებიც სასჯელს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის იხდიან, მინიმალურია. 2008 წლის მაისში მიღებული დირექტივის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ან ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, ნარკომომხმარებლები იღებენ გაფრთხილებას. სანაცვლოდ კი ვალდებულნი არიან დაესწრნონ კურსებს ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ან/და გაიარონ სპეციალური თერაპია.

ემანუელ მაკრონის მთავრობა ამჟამად არსებული კანონმდებლობის შეცვლას აპირებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბოს განცხადების თანახმად, პარლამენტს უახლოეს კვირებში წარედგინება განახლებული კანონმდებლობა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისათვის თავისუფლების აღკვეთას ჯარიმით ჩაანაცვლებს. ჯარიმის რაოდენობა კი შემცირდება და 150-200 ევროთი განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება საფრანგეთში დეკრიმინალიზებულად გამოცხადდება, ის კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად დარჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ ჩრდილელის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი