პრემიერ-მინისტრის მხრიდან საქმის პირად კონტროლზე აყვანა ნიშნავს, რომ იგი უშუალოდ გააკონტროლებს საგამოძიებო მსვლელობას, ჩართული იქნება მისი მიმდინარეობის პროცესში და უზრუნველყოფს დროულ და ეფექტურ გამოძიებას. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისგან მსგავსი დაპირება, იმედისმომცემია, როგორც კონკრეტული საქმით დაზარალებული პირებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრის უფლებები გაფართოვდა, საქართველოს სამი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა: ბიძინა ივანიშვილი (2012 წლის 25 ოქტომბერი - 2013 წლის 20 ნოემბერი), ირაკლი ღარიბაშვილი (2013 წლის 20 ნოემბერი - 2015 წლის 30 დეკემბერი) და გიორგი კვირიკაშვილი (2015 წლის 30 დეკემბერი - 2018 წლის 13 ივნისი). ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეულმა მათგანმა, საზოგადოებას სხვადასხვა გახმაურებული საქმის პირად კონტროლზე აყვანის პირობა დაუდო.

ფაქტ-მეტრი გთავაზობთ იმ გახმაურებული საქმეების ქრონიკას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა სხვდასხვა დროს საკუთარ კონტროლზე აიყვანეს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილი საქმეები

7 ნოემბერი, 2012 წელი[1] - ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძის საქმე

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩანა ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის და მე-4 ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას დაპატიმრების საქმე, რომლებსაც ბრალად 2011 წლის ოქტომბერში, მინისტრის სამუშაო კაბინეტში 6 სამხედროსთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ედებოდათ, იყო პირველი, რისი გამოძიების პირად კონტროლზე აყვანის პირობაც საზოგადოებას, ბიძინა ივანიშვილმა დაუდო. „ქვეყანაში კანონმა უნდა იბატონოს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ თუ ძალამ“ - განაცხადა ივანიშვილმა. იმ დროისათვის საქმეს უძღვებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, დაპატიმრებულებს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედებოდათ, რაც გულისხმობს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. თუმცა, 2013 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები ამ საქმეში უდანაშაულოდ სცნო.

ოქტომბერი, 2013 წელი - ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის საქმე

2013 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში სამხედროები საკვებით მასობრივად მოიწამლნენ. ფაქტის შედეგად სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი საავადმყოფოშიც კი გადაიყვანეს. სამხედროების მასობრივი მოწამვლა, საქართველოს მასშტაბით, 11 სამხედრო ნაწილში გამოვლინდა და, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დაავადდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა თერთმეტივე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2013 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, კვებით მომსახურების განმახორციელებელი „ქართული კვების კომპანიის“ სამი მენეჯერი გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

აღნიშნულ საქმეზე, თავდაცვის სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილმა გრიფით საიდუმლოს დადებისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქმით იგი პირადად დაინტერესდებოდა/ კონტროლზე აიყვანდა.

2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებულები აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა. საქმის არსებითი განხილვა კვლავ მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილი საქმეები

30 ოქტომბერი, 2012 წელი - რაფალიანცის საქმე

2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებლის გვერდით არსებულ მარანში, ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობას არჩევნებს უკავშირებდა. აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 30 სექტემბრიდან დღემდე მიმდინარეობს გამოძიება.

ვიდრე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, სწორედ, შსს-ს მინისტრობის პერიოდში განაცხადა მან ბარბარე რაფალიანცის საქმის პირად კონტროლზე აყვანის შესახებ.

მარტი, 2014 წელი - ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმე

ნუგზარ წიკლაური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2014 წლის 30 მარტს, გვიან ღამით, ნუგზარ წიკლაურს სახლთან დახვდა რამდენიმე ნიღბიანი პირი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარლამენტარის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. მიუხედავად ამისა, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, არ არის ცნობილი, აგრეთვე, დასრულებულია თუ არა გამოძიება.

მაისი, 2014 წელი - გურამ შარაძის მკვლელობის საქმე

2007 წლის 20 მაისის საღამოს, ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღით, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, 67 წლის გურამ შარაძე მოკლეს. ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი, რომელიც შარაძის ოჯახის ახლობელი იყო, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.ბარათელმა ბრალი აღიარა და სასჯელიც მოიხადა, მან საპყრობილე 2017 წლის ნოემბერში დატოვა. 2014 წელს საქმის გადახედვის შემდეგ, მასში ახალი გარემოებები გამოიკვეთა და შესაბამისად პროკურატურამ გამოძიება განაახლა. სწორედ ამ დროს განაცხადა მოკლულის შვილმა, რუსუდან შარაძემ, რომ გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო.

მოკლულის ოჯახის წევრები, დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ შარაძის მკვლელობა წინა ხელისუფლების დაკვეთით მოხდა და პროკურატურისგან ხელახალ გამოძიებას კვლავ ითხოვენ.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილი საქმეები

13 აგვისტო 2016 წელი- დემურ სტურუას საქმე

2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თავი მოიკლა 22 წლის დემურ სტურუამ. მან თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და შანტაჟი დაასახელა. როგორც გამოძიებამ მოგვიანებით დაადასტურა, დემურ სტურუა ნაწამები იყო. სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 5-დან 8 წლამდე.

2016 წლის 13 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიებას პირადად გააკონტროლებს. 2017 წლის 9 ივნისს, ბრალდებული სასამართლომ გაამართლა. დემურ სტურუას დედამ განაცხადა, რომ მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან თქვა რომ თავიდან შეიტანდა სარჩელს სასამართლოში და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვდა, რათა რეალური დამნაშავე დასჯილიყო. თავის მხრივ, პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა უცნობია რა ეტაპზეა ეს საკითხი.

მას შემდეგ რაც პირად კონტროლზე აყვანის შესახებ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს ამ საქმეზე განცხადება აღარ გაუკეთებია.

13 თებერვალი, 2017 წელი - ციანიდის საქმე

2017 წლის 13 თებერვალს, იმ დროისათვის საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით, დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელიც ამბობდა რომ მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიება, რომლითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა განეხორციელებინა.

მთავარი პროკურორის გამოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ დეკანოზი პატრიარქის მოწამვლას აპირებდა. თუმცა, 2017 წლის 5 სექტემბერს, სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არა ილია II-ს, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის სცნო დამნაშავედ და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდა, თუმცა 2018 წლის 13 თებერვალს, სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა ომბუდსმენმა და განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლსაჯულება არ აღსრულებულა. განაჩენს არ იზიარებს არც არასამთავრობო სექტორის ნაწილი.

4 ივნისი, 2018 წელი - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის განცხადებით, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები იყვნენ, 2017 წლის 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, დაკავებისას ის შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, ქმედების აღსაკვეთად გამოყენებული იყო პროპორციული ძალა და მაჩალიკაშვილის მისამართით განხორციელდა გასროლა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და უფლებადამცველების შეფასებით კი, სუს-ის განცხადება იყო ტყუილი, სპეცოპერაციაზე ძალა იყო გადამეტებული და არ არსებობდა თემირლანისთვის სროლის საფუძველი. მოგვიანებით, ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჭერია.

2017 წლის 27 დეკემბერს, პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით. თუმცა, გამოძიება, კვლავ, არ დასრულებულა და ოჯახის წევრები ისევ ელოდებიან დამნაშავეების დასჯას.

ამ დროის განმავლობაში, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და უფლება დამცველებმა, არაერთ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა, მოთხოვნით დასჯილიყვნენ მაჩალიკაშვილის მკვლელები. იმ დროს როდესაც, რუსთაველზე დაიწყო საპროტესტო ტალღა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მალხაზ მაჩალიკაშვილიც (მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა) შეუერთდა აქციას. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი შეხვდა მაჩალიკაშვილს და განუცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა.

გარდა ჩამოთვლილი საქმეებისა, რომლებიც პრემიერ-მინისტრებმა პირად კონტროლზე აიყვანეს, არსებობს გახმაურებული საქმეები, რომელთა ეფექტური გამოძიების პირობებს, პრემიერ-მინისტრები სხვადასხვა დროს დებდნენ. ასეთი საქმეებია: ზურაბ ჟვანიას საქმე, ფარული მოსმენების საქმე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, ჯიჰადის მუქარის საქმე და მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე. ამ საქმეების ირგვლივ არსებულ კითხვებზე, გამოძიებას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხები.

უცნობია, ახალი პრემიერ-მინისტრები ადევნებდნენ თუ არა თვალს წინამორბედის მიერ პირად კონტროლზე აყვანილ საქმეებს. ფაქტია, რომ თითოეულ ამ საქმეზე საზოგადოებას ამომწურავი პასუხები არ მიუღია. უმეტესი საქმეების შემთხვევაში კი გამოძიება კვლავაც გრძელდება. უცნობია მიადევნებს თუ არა თვალს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის და სხვა წინამორბედების მიერ პირად კონტროლზე აყვანილი დაგროვებული საქმეების გამოძიებას.

[1] მითითებულია ის კონკრეტული თარიღები, როდესაც პრემიერ-მინისტრებმა გამოძიება აიყვანეს პირად კონტროლზე

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი