ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მარიამ ჯაშის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2012

წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 626 744 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს მისი დაფინანსება 1 186 215 მლრდ ლარია. ეს პოზიტიური დინამიკა, აბსოლუტურ რიცხვებშია გამოსახული და არ აჩვენებს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან განათლების სამინისტროს დაფინანსების წილს. რეალურად, 2012 წელს, განათლების სამინისტროს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 9.5 %-ს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს იგივე პროცენტული წილი დარჩა და კვლავ, 9.5 %-ია. აბსოლუტურ რიცხვებში გამოსახული სექტორალური დაფინანსება არ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტთან რეალურ მიმართებას და მისი ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის ბიუჯეტის ზრდითაა გამოწვეული. შესაბამისად, მარიამ ჯაშის განცხადების ეს ნაწილი ფაქტობრივად სწორია, თუმცა კონტექსტურად მცდარი.

რაც შეეხება მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებს: 2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ტრანსპორტით ისარგებლა 1 184 საჯარო სკოლის 66 246-მა მოსწავლემ, ხოლო მეორე სემესტრში, დაახლოებით, 75 000-მა მოსწავლემ. 2012-2018 წლებში აშენდა 20 ახალი სკოლა და 5 სკოლის ახალი კორპუსი. მიმდინარეობს 26 ახალი სკოლის მშენებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ჯერ მხოლოდ რეაბილიტირდა 30 საჯარო სკოლა, სამუშაოები მიმდინარეობს 28 სკოლაში, 2019 წელს კი დასრულდება 33 სკოლის რეაბილიტაცია, ჯამში 2019 წლისთვის, 91 სკოლა იქნება რეაბილიტირებული. იგივე პროგრამის ფარგლებში, საჭირო ინვენტარით აღიჭურვა 62 საჯარო სკოლა. განცხადების ამ ნაწილებში მარიამ ჯაში, თითქმის ზუსტ მონაცემებს ასახელებს.

ანალიზი „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს, განათლების მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრა და განაცხადა:

 „2012 წლიდან, 626 მლნ ლარიდან, განათლების სამინისტროს სექტორალური დაფინანსება პრაქტიკულად გაორმაგდა და წელს, 2018 წელს, ჩვენ 1 მლრდ 186 მლნ ლარის რესურსი დავამტკიცეთ. 1 100-ზე მეტ სკოლაში, 65 ათასზე მეტი მოსწავლე, ყოველდღიურად სარგებლობს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ტრანსპორტის მომსახურებით... 20 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, აშშ-ს მხარდაჭერით, 94 სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა მიმდინარეობს“.

2012

წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, განათლების სამინისტროს სექტორალური დაფინანსება შეადგენდა 626 744 400 მლნ ლარს, ხოლო 2018 წელს, სამინისტროს დაფინანსება 1 186 215 000 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური დინამიკაა, თუმცა აბსოლუტურ რიცხვებში გამოსახული თანხა არ ასახავს რეალურ პროცენტულ წილს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროს მიემართება. იმისათვის, რომ გავიგოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, რამდენს შეადგენს განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი წილი (აღსანიშნავია, რომ მარიამ ჯაში საუბრობს, კონკრეტულად განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაზე და არა ზოგადად, განათლების დაფინანსებაზე ქვეყანაში), ამისათვის, ცალკეულ წლებში, განათლების სამინისტროსკენ მიმართული თანხა უნდა შეეფარდოს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.

აღმოჩნდა, რომ 2012 წელს განათლების სამინისტროზე დახარჯული თანხა შეადგენდა სრული სახელმწიფო ბიუჯეტის 9.5%, ხოლო 2018 წელს, იგივე - 9.5%-ია. რაც იმას ნიშნავს რომ, რეალურად, განათლების სამინისტროს დაფინანსების წილი ბიუჯეტთან მიმართებით, არ შეცვლილა. 2012-2018 წლებში, ბიუჯეტთან მიმართებით, განათლების სამინისტროს ყველაზე მაღალი დაფინანსება 2017 წელს ჰქონდა და შეადგენდა 11.2%, ხოლო ყველაზე დაბალი - 2014 წელს და შეადგენდა 9.2% (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: 2012-2018

წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, განათლების სამინისტროს დაფინანსების მაჩვენებელი (თანხა ათას ლარებში და პროცენტული წილი)

წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
თანხა 626 744.0 615 975 922 687 971 752 776 378 111 904 356 716 1 052 996 982 1 186 215.0
ხარჯი 6 566 316.0 6 545 615 231 7 479 426 192 8 157 998 445 8 741 830 825 9 372 089 997 12 459 500.0
% 9.5 % 9.4 % 9.2 % 9.5 % 10.3 % 11.2 % 9.5 %
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხს, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი 6 სასწავლო წლიდან, 2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, საქართველოს 1 184 საჯარო სკოლიდან, ყველაზე მეტმა 66 246 მოსწავლემ ისარგებლა ამ სერვისით, ხოლო 2017-2018 წელს (იგივე წლის მეორე სემესტრი) მათმა რაოდენობამ შეადგინა, დაახლოებით, 75 000 მოსწავლე, საქართველოს 1 245 საჯარო სკოლიდან. აღნიშნულ მომსახურებას უზრუნველყოფს განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების ხელმისაწვდომობის პროგრამა. 2012-2018 წლებში, საქართველოში განხორციელდა 25 სკოლის მშენებლობა, აქედან 20 სკოლა ახლად აშენდა, ხოლო 5 სკოლას (ახალციხის N 5; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლის; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხრანის N1; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალნოს; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი როდინაულის საჯარო სკოლები) დაემატა ახალი კორპუსები. მშენებლობის პროცესშია, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და თბილისის 26 სკოლა. რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციის საკითხს, განათლების სამინისტროს მიხედვით, 2013 წლის 26 ივლისს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის, ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას. კომპაქტის დაფინანსებით, 2014 წლიდან მიმდინარეობდა სკოლების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სკოლების სრული სიის დაზუსტება. 2015 წელს რეაბილიტაცია დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში. მიმდინარე ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია 30 საჯარო სკოლაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლაში, ხოლო 2019 წელს - დასრულდება 33 საჯარო სკოლაში. 2016 წლიდან დღემდე აღიჭურვა 62 სკოლა, ინვენტარზე დაიხარჯა 2 111 777 ლარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი