ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე:

დევნილთა ბაზაში, საქართველოს მასშტაბით, 273 411 პირია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 38 670 დევნილი ოჯახი.

2013

წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 12 001 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ჯამში ბინით უზრუნველყოფილი ოჯახების 31%-ს შეადგენს. ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის 1 798 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე 100 ამორტიზებული ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრები 1 366 ოჯახი ახალ საცხოვრისში იქნა გადაყვანილი. ამჟამად, ექსპერტიზის მიერ სხვადასხვა დაზიანებით 110 ობიექტია შეფასებული, სადაც 2 133 ოჯახი ცხოვრობს. სამინისტროს აქვს ვალდებულება ამგვარი ობიექტებიდან წელიწადში 350 ოჯახის განსახლება განახორციელოს. შესაბამისად, ამ ვალდებულების მიხედვით, სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებიდან დევნილი ოჯახების განსახლებას შესაძლოა (თუ ტემპი არ მოიმატებს) კიდევ ექვსი წელი დასჭირდეს. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სიცოცხლისთვის/ან ჯანმრთელობისთვის საშიში ობიექტებიდან დევნილთა განსახლება უნდა იყოს.

  ანალიზი

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახების პრობლემებზე ისაუბრა: „მთლიანობაში, მოხდა 110 000 დევნილის უზრუნველყოფა საცხოვრებლით, ეს არის 38 670 ოჯახი, აქედან 15 600 დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა საცხოვრებლით მოხდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი ძალად გამოსახლება, თუ არ ჩავთვლით კერძო დავებს. ამჟამად მიმდინარეობს 2 134 ბინის მშენებლობა. დარჩენილია 110 ნგრევადი ობიექტი, სადაც ცხოვრობს 2 134 დევნილი ოჯახი და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, რომ ეს ობიექტები უნდა დაიხუროს. მაგრამ, რაც გაკეთდა არის ის, რომ დაიხურა 98 ნგრევადი ობიექტი და 1 200 ოჯახი რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ობიექტებში გადაყვანილი იქნენ ახლადაშენებულ კორპუსებში“.

საქართველოში, დევნილთა ბაზაში, 273 411 დევნილია რეგისტრირებული, რაც 88 704 ოჯახს შეადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 

დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 38 670 დევნილი ოჯახი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 43.6%), სულ 110 835 პირი. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 50 034 ოჯახია დარჩენილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი 56.4%). მათგან, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 12 001 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ოჯახების 31%-ს შეადგენს.

რაც შეეხება  მიმდინარე მშენებლობებს, ამჟამად დევნილებისთვის სახლები შემდეგ ქალაქებში შენდება:

  • ზუგდიდში - 360 ბინა;
  • ქუთაისში - 754 ბინა;
  • წყალტუბოში - 140 ბინა;
  • ბათუმში - 164 ბინა;
  • მცხეთაში - 120 ბინა;
  • თბილისში - 260 ბინა;
  • სულ -1 798 ბინა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 2013 წლიდან დღემდე, 100 ამორტიზებული ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრები 1 366 ოჯახი ახალ საცხოვრისში იქნა გადაყვანილი. ამჟამად, ექსპერტიზის მიერ სხვადასხვა დაზიანებით შეფასებულია 110 ობიექტი, სადაც 2 133 ოჯახი ცხოვრობს. სამინისტროს აქვს ვალდებულება ამგვარი ობიექტებიდან წელიწადში 350 ოჯახის განსახლება განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ხაზგასმულია, რომ კვლავ მწვავე პრობლემად რჩება ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში მცხოვრებ დევნილთა განსახლება ან შენობების რეაბილიტაცია უნდა იყოს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი