ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ინფორმაცია, მსახიობ კიანუ რივზის განცხადების შესახებ, არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე:

სოციალურ ქსელ ფეისბუკში მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული განცხადება: „მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება. სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი...“, რომელიც მისი თქმით, მსახიობ კიანუ რივზს ეკუთვნის, არის ყალბი ამბავი. აღნიშნული ციტატა მსახიობის „ფეისბუკ“ ფან-გვერდმა და არა რაიმე ოფიციალურმა წყარომ გაავრცელა. კიანუ რივზის სარეკლამო აგენტის, შერილ მეისელის თქმით, მსახიობი არც ერთი სოციალური ქსელით არ სარგებლობს და როგორც განცხადება, ასევე მისი გამავრცელებელი გვერდი, ყალბია. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ფან-გვერდი „ფეისბუკმა“ წაშალა.

  ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა მსახიობ კიანუ რივზის განცხადება:

„მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება. სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი - საერთოდ ოჯახი. სადაც ცხვირმოუხოცავი ბავშვები წარმატებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ“. სინამდვილეში, კიანუ რივზს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

ზემოთ მოყვანილი ნათქვამი 2016 წლის 21 თებერვალს მისმა „ფეისბუკ“ ფან-გვერდმა (“Keanu Reeves – the actor”) გაავრცელა და არა ოფიციალურმა წყარომ. გავრცელების დღიდან მოყოლებული, ციტატა საკმაოდ აქტიურად ტრიალებს ინტერნეტსივრცეში. მათ შორის, გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო, სადაც კიანუ რივზი ზემოთ მოყვანილ განცხადებას აკეთებს. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოში მსახიობი შვეიცარიაში, პოლ გოგენის ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფება და მისი ხელოვნების შესახებ საუბრობს. ციტატის ნამდვილობის დამამტკიცებელი ჩანაწერი არ მოიპოვება. მისი სარეკლამო აგენტის, შერილ მეისელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის

თანახმად კი, მსახიობი არანაირი სახის სოციალური ქსელით არ სარგებლობს და როგორც განცხადება, ასევე მისი გამავრცელებელი გვერდი, ყალბია. გარდა ამისა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მან „ფეისბუკიდან“ აღნიშნული გვერდი წააშლევინა.

აღნიშნული განცხადება გადაამოწმეს და მისი სიყალბე დაადასტურეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა ფაქტების გადამამოწმებელმა ვებ-გვერდებმა, “snopes.com” და “politifact.com

”.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მსახიობ კიანუ რივზის „განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი