ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 

საქართველოში, ისტორიულად, იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს. ექსპორტისა და იმპორტის სხვაობის, ანუ სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 2017 წელს 25.3%-ს შეადგენს, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2014-2015 წლებში აღნიშნული მონაცემი შესაბამისად 25.6 და 30.8%-ს შეადგენდა.

საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს (2017 წელს - 24.3%) რეექსპორტი შეადგენს. თავისთავად, რეექსპორტის ზრდა პოზიტიური ტენდენციაა, თუმცა რეექსპორტის დიდი წილი მთლიან ექსპორტში, არასასურველია. ვინაიდან, სარგებელი ქვეყნისთვის რეექსპორტიდან გაცილებით ნაკლებია ვიდრე ექსპორტიდან. შესაბამისად, ექსპორტის სტატისტიკის ანალიზისას მოცემულ ასპექტზე ყურადღების გამახვილება მართებული მიდგომაა.

უშუალოდ 2017 წელს, საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 2 735 მლნ ამერიკულ დოლარს, საიდანაც 665 მლნ დოლარი რეექსპორტია. აღნიშნული მაჩვენებლები უმნიშვნელოდ სცდება დეპუტატის მიერ დასახელებულ მონაცემებს.

ანალიზი 19

სექტემბერს, გადაცემაში „პირისპირ“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „საქართველოს ექსპორტი არის 2 მლრდ დოლარი 2017 წელს, 2.7-ია მაგრამ 0.7 არის რეექსპორტი, ნავთობი შემოგვაქვს და გაგვაქვს, მანქანები შემოგვაქვს და გაგვაქვს“.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, ისტორიულად, იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს. სავაჭრო დეფიციტის (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 2017 წელს 25.3%-ს შეადგენს რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2014-2015 წლებში აღნიშნული მონაცემი შესაბამისად 25.6 და 30.8%-ს შეადგენდა. საგარეო ვაჭრობის მოცულობის ამსახველ აბსოლუტურ მაჩვენებლებს გრაფიკი 1 ასახავს.

   გრაფიკი 1: 

საქართველოს ექსპორტი, იმპორტი და სალდო (მლნ აშშ დოლარი)

ასცასდსად წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება უშუალოდ ექსპორტის სტატისტიკას 2017 წლის მონაცემების მიხედვით, რომან გოცირიძის მიერ დასახელებული რიცხვები საქსტატის მონაცემებთან მეტწილად თანხვედრაშია. საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა ამ პერიოდში 2 735 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 665 მლნ დოლარი (24.3%) რეექსპორტზე მოდის.

გრაფიკი 2:

ექსპორტი და რეექსპორტი 2010-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

სტატისტიკ წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეექსპორტი განისაზღვრება როგორც  ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან მის ფარგლებს გარეთ დამზადებული პროდუქციის, ანუ იმპორტირებული პროდუქციის ექსპორტი. რეექსპორტის შემთხვევაში, საქართველო ერთგვარ სავაჭრო შუამავლად გვევლინება, რადგან რეექსპორტირებული საქონელი საქართველოში არ იწარმოება. ამ მხრივ, ავტომობილების რეექსპორტი ცნობილი და საილუსტრაციოდ რელევანტური მაგალითია. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, ექსპორტის სიდიდის მიხედვით, ავტომობილების ექსპორტი მეორე ადგილს იკავებს, 243.0

მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3%). საქართველოში მსუბუქი ავტომობილები პრაქტიკულად არ იწარმოება, ე.ი. აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება ჩაითვალოს რეექსპორტის მაგალითად.

მეტად გასაგები რომ გახდეს ექსპორტისა და რეექსპორტის სარგებელს შორის სხვაობა, მაგალითად თითოეულის მთლიან შიდა პროდუქტზე გავლენის განხილვა გამოდგება. მშპ-ს სტრუქტურა მისი გაანგარიშების ფორმულიდან ჩანს: GDP = C + G + I + NX. ამ ფორმულაში, C წარმოადგენს მოხმარებას, G - სახელმწიფო შესყიდვებს, I - ინვესტიციებს და NX - წმინდა ექსპორტს (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი). სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა აისახება სხვა მუხლებშიც, იზრდება დასაქმება და გენერირდება შემოსავლები. რეექსპორტი იმპორტისა და ექსპორტის კომბინაციაა, შესაბამისად, იმპორტისას ამცირებს წმინდა ექსპორტს და მშპ-ს. ხოლო, ამ იმპორტირებული პროდუქციის ექსპორტისას ზრდის წმინდა ექსპორტს და მშპ-ს. წმინდა ეფექტი, როგორც წესი, დადებითია - რეექსპორტირებული საქონლის საექსპორტო ღირებულება მეტია მისსავე საიმპორტო ღირებულებაზე. სწორედ რეექსპორტის საექსპორტო და საიმპორტო ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს ქვეყნის სარგებელს.

რეექსპორტს ნაკლები გავლენა აქვს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე, რაც გასათვალისწინებელია ექსპორტზე მსჯელობისას. დავუშვათ, გერმანია აწარმოებს 50 000 ევროს ღირებულების ავტომობილს. ამ ავტომობილის წარმოებას სჭირდება შრომა, კაპიტალი, ეს პროცესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას. ავტომობილის ექსპორტის შემდეგ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 50 000 ევროთი. დავუშვათ, ეს ავტომობილი იყიდა საქართველოს რეზიდენტმა, ჩამოიყვანა საქართველოში და გაყიდა 55 000 ევროდ აზერბაიჯანში. ამ ტრანზაქციის ეფექტი სტატისტიკურად გამოიხატება საქართველოს ექსპორტის ზრდაში 55 000 ევროთი, თუმცა წმინდა სარგებელი საქართველოსთვის ამ ტრანზაქციიდან, წმინდა ექსპორტის ზრდა, მხოლოდ 5 000 ევროა.

აღსანიშნავია, რომ რეექსპორტი თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს და მისი ზრდა პოზიტიურ ცვლილებად ითვლება, მაგრამ ჯამური სარგებელი რეექსპორტიდან, ბუნებრივია, ექსპორტთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, თავისთავად რეექსპორტის ზრდა მისასალმებელია, თუმცა მისი მაღალი წილი ექსპორტის სტრუქტურაში არასასურველია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი