ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე:

სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები ეროვნულ ვალუტაშია გამოსახული, რადგან ანგარიშსწორება (შემოსულობები), ისევე როგორც ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვა (გადასახდელები), ეროვნულ ვალუტაში ხორციელდება. შესაბამისად, სხვადასხვა პერიოდის მაჩვენებლების შედარება ლარებში უნდა მოხდეს და დოლარში კონვერტაციის დასაბუთებული საფუძველი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების უცხოურ ვალუტაში დათვლა არასწორია და შედარების თვალსაზრისით არაობიექტური.

2003-2012

წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ლარში გამოსახული შემოსულობები 558.9%-ით, 6.6-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე კი - 55.4%-ით, 1.6-ჯერ არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ორი პერიოდის შედარებაც არაა მართებული, ვინაიდან ამ პერიოდებში წლების რაოდენობა განსხვავებულია. ასევე, აღსანიშნავია ე.წ. საბაზისო ეფექტი (2004 და შემდეგი რამდენიმე წელი), როცა ბიუჯეტის მოცულობა პატარაა და ნებისმიერი ზრდა მაღალ პროცენტულ მონაცემს აჩვენებს.

როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების დოლარში დათვლა არასწორია, თუმცა ამ „მეთოდით“ დათვლილი მაჩვენებლებიც არ ემთხვევა ექს-პრეზიდენტის მიერ დასახელებულ რიცხვებს. 2003-2012 წლებში დოლარში გამოსახული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 756.3%-ით, 8.6-ჯერ, ხოლო 2012 წლიდან დღემდე  კი, 3.2%-ით გაიზარდა.

ანალიზი

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის პრეზიდენტობის პერიოდსა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ექს-პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ პირობებში კი, დოლარებში დათვლილი ბიუჯეტი 8%-ით შემცირდა.

საქართველოს ფულის ერთეული ლარია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალებაა. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსები ეროვნულ ვალუტაში - ლარში ითვლება. ამასთან, სხვადასხვა წლის ეროვნული შემოსავლების უცხოურ ვალუტაში დათვლა არაობიექტურია, რადგან საკურსო ცვლილება გათვალისწინებული არ არის.

2004

წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, წინა წელთან შედარებით, 46.0%-ით გაიზარდა და 1 773.7 მლნ ლარი შეადგინა. 2003-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2009 წელს, 11.3%-ით შემცირდა, რაც ომის შემდეგი პერიოდის ეკონომიკურმა რეცესიამ გამოიწვია. 2003-2012 წლებში კი, ბიუჯეტის შემოსულობები 558.9%-ით გაიზარდა, რაც 6.6-ჯერ ზრდას ნიშნავს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, წინა წელთან შედარებით, 2013 წელსაც 3.6%-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმის მაჩვენებლის მიხედვით, წინა წელთან მიმართებით ზრდა იყო დაგეგმილი, მაგრამ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მაჩვენებელი გეგმას 708.1 მლნ ლარით ჩამორჩა. 2012 წლიდან დღემდე, ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გაზრდილია 55.4%-ით, 1.6-ჯერ. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 8 004.0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის განახლებული გეგმა 12 440.9 მლნ ლარია. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, შემოსულობების მაჩვენებელი, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, 1.4%-ით მეტი, 12 611.6 მლნ ლარია. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის მაჩვენებელი წინა ხელისუფლების დროს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბოლო წლებში, ამის განმაპირობებელი თავად ბიუჯეტის მოცულობაა. ანუ, სახეზეა ე.წ. საბაზისო ეფექტი (2004 და შემდეგი რამდენიმე წელი), როცა ბიუჯეტის მოცულობა პატარაა და ნებისმიერი ზრდა მაღალ პროცენტულ მონაცემს აჩვენებს. 2003 წელს ბიუჯეტი 1 214.7 მლნ ლარის შეადგენდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მაჩვენებლების შესადარებელი საწყისი კი გაცილებით მაღალია. 2012 წელს ბიუჯეტის შემოსულობებმა 8 004.0 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, განცხადებაში აღნიშნული პერიოდების ერთმანეთთან შედარება არაობიექტურია, რადგან ეს პერიოდები არათანაბარია (9 წელი და 6 წელი).

გრაფიკი 1:

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები (მლნ ლარი, %)

4444444 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წყარო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალია. შესაბამისად, ქვეყნის საგადასახადო სისტემის ცვლილება, არსებული გადასახადის განაკვეთის ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს ბიუჯეტის შემოსავლებზე. ამრიგად, ჩვენ მიერ 2012-2018 წლების მაჩვენებლების ანალიზისას გათვალისწინებულია, რომ გადასახადების დონის ზრდა არ დაფიქსირებულა (გარდა აქციზის განაკვეთის პერიოდულად მატებისა) და ამ პერიოდში გადასახადების სახეები და განაკვეთი იგივე იყო, რაც 2008-2012 წლებში. აქვე აღსანიშნავია მოგების გადასახადის რეფორმა რომელმაც დასაბეგრი ბაზის შემცირების შედეგად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შემცირება

განაპირობა. 2008 წლამდე კი 21 სახის გადასახადი არსებობდა. თანაბარი გადასახადების პირობებში, საბიუჯეტო შემოსავლების მოცულობის ზრდა ეკონომიკურ ზრდას და საგადასახდო ადმინისტრირების გაუმჯობესებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების უცხოურ ვალუტაში გამოსახვა და შედარება არასწორია, შეგვიძლია ვნახოთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დოლარშიც (იმავე წლის გასაშუალოებული კურსით). 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 566.1 მლნ დოლარი იყო, რაც 2012 წელს 4 847.2 მლნ დოლარს შეადგენდა. ამდენად, დოლარებში დათვლილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ამავე პერიოდში 756.3%-ით, 8.6-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება 2012 წლიდან დღემდე, ამ შუალედში დოლარში დათვლილი შემოსულობები 3.2%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები (მლნ დოლარი, %)[i] 11111111 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი

[i] მიდგომა არ არის რელევანტური რეალური მდგომარეობის შესაფასებლად და გამოყენებულია მხოლოდ განცხადებაში დასახლებული რაოდენობრივი მაჩვენებლების გადასამოწმებლად.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი