რეზიუმე:მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, საქართველო მაქსიმალური 2.5 ქულიდან 0.74 ქულით შეფასდა და მსოფლიოში 24-ე ადგილი დაიკავა. 2018 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევა, რომელსაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი გულისხმობს, გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზომვას ისახავს მიზნად. ამ რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა. ანგარიშში შეფასება 114 კრიტერიუმის საფუძველზე ხდება, საიდანაც 4 მათგანი უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული (თუმცა, ამ ანგარიშში უშუალოდ დაცულობის თვალსაზრისით ქვეყნების კლასიფიკაცია და ერთმანეთთან შედარება არ ხდება). ორგანიზებული დანაშაულის კუთხით საქართველომ მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა, პოლიციის სერვისის სანდოობის მხრივ - მე-40 ადგილი, ხოლო ტერორიზმის საფრთხის კუთხით - მე-80 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მკვლელობის მაჩვენებელს, საქართველომ მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 32-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული კრიტერიუმების შეფასებისა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიში ქვეყნებს შორის საზოგადოების უსაფრთხოების შეფასების ზოგად რანჟირებას არ გვთავაზობს, შესაბამისად ამ მიმართულებით მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს ადგილზე ვერ ვისაუბრებთ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ანალიზი, რომლის თანახმადაც საქართველო 2012 წელს 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანათა სიაში იყო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2012-2013 წლის ანგარიშის მიხედვითაა შესაძლებელი. საქართველო იმ კრიტერიუმში, რომელიც პოლიტიკოსების სანდოობას, ქრთამის სახის გადასახადებს, მთავრობის თანამდებობის პირების ფავორიტიზმს, მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობას, პოლიციის სანდოობას, ორგანიზებულ დანაშაულს, კრიმინალის საფრთხის გავლენას ბიზნესზე და ა.შ. ზომავს, საქართველომ მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა. ხოლო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის შესახებ 2012 წლის ანგარიშში, მაქსიმალური 7 ქულიდან 4-ით შეფასდა და 139 ქვეყანას შორის, 73-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო წლებში საქართველოს შეფასება როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშებში ნამდვილად გაუმჯობესებულია. თუმცა, აღნიშნულ კვლევებში საქართველოსთვის მინიჭებული ადგილი არ ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილ რანჟირებას (ეს უკანასკნელი უკეთეს სურათს ხატავს). გარდა ამისა, 2012 წელს, როგორც კორუფციის, ასევე საზოგადოების დაცულობისა და გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო რეგიონში საკმაოდ მაღალ ადგილებს იკავებდა და მისი „მაფიოზურ“ ქვეყნად მოხსენიება საფუძველს მოკლებულია.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა: „... მსოფლიო ბანკის ანგარიშით ირკვევა, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს. 17 ოქტომბერს უკვე მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა სხვა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ საქართველო საზოგადოების დაცულობით მე-15 ადგილზეა. „ნაციონალების“ დროს, 2012 წელს, მსოფლიოში საქართველო 70 ყველაზე მაფიოზურ ქვეყანას შორის იყო. ამავე კვლევაში, მკვლელობების ნაკლებობის ინდექსით, ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოვხვდით. ასევე, პოლიციის სანდოობის ინდექსით ოცეულში მოვხვდით“.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაში ყოფნისას და ასევე 2013 წელსაც ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო რეიტინგებს ეჭვქვეშ აყენებდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია), თუმცა ახლა, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ქვეყნის წინსვლის დამადასტურებლად სწორედ საერთაშორისო რეიტინგები მოიშველია.

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების შესახებ მონაცემები 2018 წლის 4 ოქტომბერს განაახლა, რითიც მონაცემთა ბაზას 2017 წლის მაჩვენებლები დაემატა. სწორედ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობითაა შეფასებული კორუფციის კონტროლი მსოფლიოს 215 სახელმწიფოში. ქვეყნები შეფასებულნი არიან შკალაზე -2.5-დან 2.5-მდე, სადაც -2.5 კორუფციის კონტროლის მხრივ ყველაზე ცუდ, ხოლო 2.5 ყველაზე კარგ მდგომარეობაზე მეტყველებს. 2016 წელთან შედარებით (როდესაც მისი მაჩვენებელი 0.69 შეადგენდა), 2017 წელს საქართველომ ქულა გაიუმჯობესა და 0.74 ქულით შეფასდა. მიუხედავად ამისა, საქართველო, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში არა მე-19, არამედ 24-ე ადგილს იკავებს მალტასთან ერთად. პირველი ოცეულის რანჟინრება შემდეგნაირად გამოიყურება: იხ. ბმული 1. მსოფლიო ბანკის შეფასებით, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო ევროკავშირის 12 ქვეყანას უსწრებს (ესპანეთს, იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას). 2012 წელს საქართველო 0.4 ქულით იყო შეფასებული და 34-ე ადგილს იკავებდა.

საზოგადოების დაცულობაზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის ოქტომბრის ანგარიში მოიხმო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო მე-15 ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო კონკურენტუნარიანობის შესახებ, სადაც საქართველომ მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა (წინა წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 67-ე ადგილზე იყო). ანგარიშში ქვეყნების შეფასება 114 კრიტერიუმის საფუძველზე ხდება, საიდანაც 4 მათგანი უსაფრთხოებას უკავშირდება. ესენია: ორგანიზებული დანაშაული, მკვლელობის სიხშირე, ტერორიზმის კოეფიციენტი და პოლიციის სერვისის სანდოობა. ორგანიზებული დანაშაულის კუთხით, სადაც ქვეყნები შეფასებულნი არიან შკალაზე 1-დან 7 ქულამდე (1 ყველაზე ცუდი, ხოლო 7 ყველაზე კარგი მდგომარეობა), საქართველო 5.6 ქულით შეფასდა და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა. პოლიციის სერვისის სანდოობა, რომელიც ასევე 1-დან 7 ქულამდე ფასდება (1 ყველაზე ცუდი, ხოლო 7 ყველაზე კარგი მდგომარეობა), საქართველო 5.2 ქულით შეფასდა და მე-40 ადგილი დაიკავა. ტერორიზმის საფრთხის მხრივ, სადაც 0 მაღალ საფრთხეს, ხოლო 100 ქულა უსაფრთხოებას ნიშნავს, საქართველო 99.7 ქულით შეფასდა და მე-80 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მკვლელობის მაჩვენებელს, სადაც მაღალი კოეფიციენტი უფრო ცუდ შედეგზე მიანიშნებს, საქართველო 1 ქულით შეფასდა და 32-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული კრიტერიუმების შეფასებისა, გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ანგარიშში, უშუალოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით (უსაფრთხოება, როგორც ცალკე აღებული ცვლადი) ქვეყნების კლასიფიკაცია და ერთმანეთთან შედარება არ ხორციელდება, ამიტომ ამ მიმართულებით მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს ადგილზე ვერ ვისაუბრებთ. ზემოთ აღნიშნული 4 კრიტერიუმი სხვა 14 კრიტერიუმთან ერთად (მაგ., სოციალური კაპიტალი, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სამთავრობო რეგულაციების წნეხი და ა.შ.), „ინსტიტუტების“ ქვე-კატეგორიაში ერთიანდება. ამ ქვე-კატეგორიაში კი, საქართველო მაქსიმალური 100-დან 61 ქულით არის შეფასებული და მე-40 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ანგარიშს, სადაც ქვეყნები უშუალოდ საზოგადოების დაცულობის კუთხით არიან რანჟირებულნი და კლასიფიცირებულნი, მას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის შესახებ ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. 2018 წელს აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ჯერ არ გამოუქვეყნებია და ამჟამად ხელმისაწვდომი უახლესი მონაცემები 2017 წლის მაჩვენებლებს წარმოადგენს. 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საზოგადოების დაცულობისა და უსაფრთხოების მხრივ საქართველო მაქსიმალური 7 ქულიდან 6.1 ქულითაა შეფასებული და მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2012 წლის იმავე ანგარიშში (ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენციის ინდექსის შესახებ), რომელიც 2011 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო მაქსიმალური შვიდი ქულიდან 4-ით შეფასდა და მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის 73-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2012-2013 წლის ანგარიშს გლობალური კონკურენტუნარიოანობის შესახებ (ეს უკანასკნელი ანალიზისას 2011 წლის მონაცემებს იყენებს), საქართველომ მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 77-ე ადგილი დაიკავა. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, 12 ქვე-ინდიკატორს აერთიანებს. მათ შორისაა: პოლიტიკოსების სანდოობა, ქრთამის სახის გადასახადები, მთავრობის თანამდებობის პირების ფავორიტიზმი, მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობა, პოლიციის სანდოობა, ორგანიზებული დანაშაული, კრიმინალის საფრთხის გავლენა ბიზნესზე და ა.შ. ამ მხრივ საქართველო 7 შესაძლებელი ქულიდან 4-ით შეფასდა და 61-ე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ ქვეყანას შორის იყო, არასწორი ინტერპრეტაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი