შესწორებული სტატია

რეზიუმე: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტუდენტის სტატუსი 53 932 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან ფინანსური დავალიანების მიზეზით, სტატუსი 17 206 სტუდენტს აქვს შეჩერებული, რაც საერთო რაოდენობის 31.9%-ია.

2013 წლის 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, სტუდენტის სტატუსი 21 704 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათგან ფინანსური დავალიანების მიზეზით 5 847 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 26.9%-ია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2013 წლამდე მონაცემების შენახვა არ ხდებოდა, შესაბამისად, არ შეგვიძლია გადავამოწმოთ, 2012 წლის ნოემბერში, უშუალოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტში, ზუსტად რამდენი იყო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.



ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, კვლავ გააჟღერა სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი და განაცხადა: „50 ათასი სტუდენტი არის დღეს სტატუსშეჩერებული. ყოველწლიურად იზრდება. თქვენ რომ მოხვედით ხელისუფლებაში (მიმართავს „ქართულ ოცნებას“) 11 ათასი იყო, დღეს არის 50 ათასი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სერგო რატიანი პარლამენტის სხდომებზე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხს ხშირად განიხილავს. ამ თემატიკაზე მისი გადამოწმება ფაქტ-მეტრმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და ყოველ წელს განახლებულ ინფორმაციას აწვდის მკითხველს.

სტუდენტის სტატუსის შეჩერება ნიშნავს, რომ კონკრეტული სტუდენტი, სხვადასხვა მიზეზის გამო[1], დროებით წყვეტს უნივერსიტეტში სწავლას. 5 წლის განმავლობაში მას შესაძლებლობა აქვს აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს ზუსტად იმ საფეხურიდან სადაც შეწყვიტა. საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი, რის გამოც სტუდენტები სტატუსს იჩერებენ, ფინანსური დავალიანებაა, თუმცა, გარდა ფინანსური დავალიანებისა, სხვა ბევრი მიზეზით შესაძლოა სტუდენტმა სტატუსი შეიჩეროს და საერთოდ არ იყოს ეს ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული.

განათლების სამინისტროს მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ბაზის ასლებს ინახავს და ინფორმაციას მხოლოდ ყოველი წლის პირველი ნოემბრის ან პირველი აპრილის მდგომარეობით გასცემს. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრმა ბაზის ასლების შენახვა 2013 წლიდან დაიწყო, ინფორმაციაც, სწორედ, 2013 წლიდან დღემდე არსებული მდგომარეობით არის შენახული და ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ ამ მიმართულებით 2013 წლამდე არსებული ვითარება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტუდენტის სტატუსი 53 932 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან ფინანსური დავალიანების მიზეზით, სტატუსი 17 206 სტუდენტს აქვს შეჩერებული, რაც საერთო რაოდენობის 31.9%-ია.

2013 წლის 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, სტუდენტის სტატუსი 21 704 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათგან ფინანსური დავალიანების მიზეზით 5 847 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 26.9%-ია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2013 წლამდე მონაცემები არ აქვს, შესაბამისად, არ შეგვიძლია გადავამოწმოთ, 2012 წელს („ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტში) ზუსტად რამდენი იყო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

2013 წლიდან, 5 წლის განმავლობაში, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 32 ათასით გაიზარდა, რაც წელიწადში, რომ ვივარაუდოთ, საშუალოდ, 6-7 ათასიანი ზრდაა. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტში, ერთი წლის განმავლობაში, ისეთი რა სახის ცვლილება განახორციელა, რასაც შეეძლო 11 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, მათი რაოდენობა 22 ათასამდე გაზრდილიყო. თუმცა, ნებისმიერი ამ სახის მსჯელობა, ღია წყაროებზე დაყრდნობით ვერ გადამოწმდება, შესაბამისად, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.



რედაქტორის შენიშვნა:

აღნიშნული სტატია პირველად 2019 წლის 19 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, დავუშვით, რომ პოლიტიკოსი შედარებისთვის 2013 წელს იღებდა, გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე საგანმანათლებლო ბაზის ასლები ხელმისაწვდომი არ არის და შესაბამისად, მანამდე არსებულ მდგომარეობაზე რაიმე სახის მსჯელობა მართებული არ იქნებოდა. გარდა ამისა, მიგვაჩნდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასახელებულ რაოდენობაში გულისხმობდა არა ნებისმიერი მიზეზით, არამედ ფინანსური დავალიანების მიზეზით, რადგან სწორედ ესაა ის საკითხი, რაზეც წლების განმავლობაში სერგო რატიანი მიუთითებდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, დაგვიკავშირდა პოლიტიკოსის წარმომადგენელი და დამატებით განგვიმარტა, რომ სერგო რატიანი გულისხმობდა 2012 წლის მონაცემებს, რომელთანაც მას იმ დროისათვის წვდომის შესაძლებლობა ჰქონდა და აგრეთვე, გულისხმობდა ნებისმიერი მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობას და არა მხოლოდ ფინანსური დავალიანების მიზეზით. კითხვაზე, ერთ წელიწადში რას შეიძლებოდა გამოეწვია მსგავსი მასშტაბების ზრდა, პასუხი, სამწუხაროდ, არც პოლიტიკოსს არ აქვს.

გამომდინარე იქიდან, რომ ღია წყაროებით დამატებითი არგუმენტების მოხმობა არ შეგვიძლია, შესაბამისად, ვერდიქტი მეტწილად მცდარი, შეიცვალა ვერდიქტის გარეშეთი.

ფაქტ-მეტრი მადლობას უხდის პოლიტიკოსს და მის წარმომადგენელს ინფორმაციის დაზუსტებისთვის.



[1] ფინანსურ დავალიანებასთან ერთად ეს მიზეზები შეიძლება იყოს სწავლისგან დროებით შესვენება, ქვეყნიდან დროებით წასვლა, ოჯახის შექმნა, ბავშვის დაბადება, სამსახურის და სწავლის შეუთავსებლობა და ა.შ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი