რეზიუმე: ბიზნეს სექტორის სტატისტიკის ფარგლებში, საწარმოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქსტატი სამუშაო ადგილებს ითვლის, რომელიც კერძო და სახელმწიფო საწარმოებს მოიცავს. აღნიშნული მონაცემებით, 2013-2017 წლებში კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 158.2 ათასით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში, სახელმწიფო საწარმოებში - 0.9 ათასით შემცირდა. მოცემულ პერიოდში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდის ტემპი წლიურად საშუალოდ 6.3%-ია. 2013 წლამდე უფრო მაღალი იყო კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი, ისევე როგორც, სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილების კლების ტემპი.

მიუხედავად იმისა, რომ 2013-2017 წლებში საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა, დაქირავებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა მხოლოდ18.8%-ით არის გაზრდილი. ამრიგად, სამუშაო ადგილების ზრდის ტემპს არ ემთხვევა დაქირავებით დასაქმების ზრდის ტემპი, რაც ერთი პირის მიერ რამდენიმე სამუშაო ადგილის დაკავებით აიხსნება.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სამუშაო ადგილებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ადგილების რაოდენობას ზრდის ტენდენცია ახასიათებს, თუმცა ეს ზრდა მცირეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს სექტორის სტატისტიკა სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას მოიცავს. ამ მონაცემებში ერთიანდება კერძო და სახელმწიფო საწარმოებში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობა[1]. საქსტატი აღნიშნული სტატისტიკის წარმოებას საწარმოების მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებს. lang="GEO/KAT">2017 წელს კერძო და სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 708.2 ათასი შეადგინა, სადაც 650.4 ათასი (91.8%) კერძო საწარმოებში არსებული სამუშაო ადგილებია. ბოლო წლებში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 34.2 ათასით იზრდება. თუმცა, 2018 წლის სამ კვარტალში ეს მაჩვენებელი შემცირებულია. 2018 წლის I კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 71.1 ათასით შემცირდა, 2017 წლის წლიურ მონაცემთან მიმართებით, აღნიშნულის ობიექტური მიზეზი სეზონურობა შეიძლება იყოს, მაგრამ II და III კვარტალშიც ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, შესაბამისად, 51.6 და 42.7 ათასით ნაკლებია.

გრაფიკი 1: სახელმწიფო და კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილები (ათასი კაცი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილების ყოველწლიური ზრდის კუთხით 2011 წელი გამოირჩევა (38.3%), 2011 წელსვე სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 19.9%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილებები, სავარაუდოდ, საავადმყოფოების მასობრივი (54 ერთეული) პრივატიზებითაა განპირობებული. 2015 და 2017 წლებში სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილები რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, ხოლო 2013 და 2016 წლებში, პირიქით, გაიზარდა. 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილები 7.4%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში, კერძო საწარმოებში დაბალი ზრდის მაჩვენებელი, 2.6% იყო. რაც შეეხება 2016 წელს, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო საწარმოებში სამუშაო ადგილები 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო საწარმოებში კი, ზრდა 6.6% იყო.

ვინაიდან გიორგი ვოლსკი მიღწევებზე საუბრობს უფრო სწორი იქნება თუ 2013 წლიდან არსებულ ტენდენციას განვიხილავთ. 2013-2017 წლებში კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.3%-ია. ამავე პერიოდში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ჯამში 158.2 ათასით, 32.1%-ით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო საწარმოებში - 0.9 ათასით, 1.6%-ით შემცირდა. ასევე, 2013 წლამდე კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილების ზრდის და სახელმწიფოში კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2013 წლის შემდეგ.

გრაფიკი 2: სახელმწიფო და კერძო საწარმოებში სამუშაო ადგილები ზრდის ტემპი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, საერთო ჯამში სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება. მათ შორის, კერძო საწარმოებში ზრდაა, ხოლო სახელმწიფო საწარმოებში კლება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა არ ასახავს, ვინაიდან სამუშაო ადგილების რაოდენობა არ ნიშნავს იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს. შრომისუნარიანი პირი შეიძლება ორ სხვადასხვა სამუშაო ადგილს იკავებდეს და ასეთი შემთხვევები ბევრია. მაგალითად, ზემოთ ნაჩვენებ სტატისტიკაში პირი, რომელიც ბუღალტრის პოზიციას რამდენიმე საწარმოში ერთდროულად იკავებს, სტატისტიკაში იმდენჯერ აღირიცხება რამდენ თანამდებობაზეც არის, ხოლო რეალურადდასაქმებული ერთი პირია და არა იმდენი რამდენიც სამუშაო ადგილი არსებობს. მეორე მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ისეთი პირი, რომელიც საწარმოში სამუშაო ადგილს იკავებს და პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ასეთი პირიც სტატისტიკაში ორჯერ აღირიცხება. აქედან გამომდინარე, საინტერესოა საქსტატის მიერ სამუშაო ძალის გამოკვლევით წარმოებული დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკაც, რომელსაც გრაფიკი 3 ასახავს.

გრაფიკი 3: უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკა (ათასი კაცი, %)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში 1 706.6ათასი პირია დასაქმებული, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 56.7%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, 2013-2017 წლებში, 3.8%-ით, 63.2 ათასი დასაქმებულით არის გაზრდილი, ხოლო შრომისუნარიან მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი (დასაქმების დონე) კი, 2.5% პუნქტით გაიზარდა.



[1] არ მოიცავს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი