რეზიუმე: ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ყალბი ამბავი, თითქოს „გრიპის ეპიდემიის დროს წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად არ შეიძლება. ასეთ დროს იზრდება ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი გართულებების რისკი და თვით იმუნური სისტემა გრიპის ვირუსის მიმართ სუსტდება“.

სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ წწყ-ს აცრა (წითელა, წითურა, ყბაყურა) არ ზრდის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებისადმი რისკს. ამდენად, წითელას საწინააღმდეგო აცრა, გრიპის ეპიდემიის დროსაც, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ ეს ყალბი ამბავი გავრცელდა შემდეგი სათაურით: „წითელას აცრა ამ პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია... უკრაინაში უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა“.

რეალურად, უკრაინაში გარდაცვალების შემთხვევები წითელას ვაქცინაციას არ უკავშირდება. საუბარია გრიპის ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე, რაც სტატიის სათაურში დაკონკრეტებული არ არის და აღიქმება ისე, რომ თითქოს წითელას აცრით იყოს გამოწვეული.

ამდენად, აცრის ჯანმრთელობისთვის მავნებლობის შესახებ გავრცელებული მითები ყალბია. გახსოვდეთ, რომ წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა!

ანალიზი

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ასევე, ვებგვერდმა itar.ge-მ სტატია შემდეგი სათაურით გაავრცელა, „წითელას აცრა ამ პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია... უკრაინაში უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა“.

სათაურიდან აღიქმება, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი წითელას აცრასთან არის კავშირში, რაც ტყუილია. სტატიას ბოლომდე თუ წავიკითხავთ, გავიგებთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები წითელას ვაქცინაციას არ უკავშირდება და რეალურად, საუბარია უკრაინაში გრიპის ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე.

რაც შეეხება სტატიის შინაარსს, ის გრიპის ეპიდემიის დროს წითელას ვაქცინაციის რისკებს შეეხება. იგი ნათარგმნია უკრაინული ვებგვერდიდან. სტატიაში ვკითხულობთ, რომ „უკრაინის უმაღლესი რადას ჯანდაცვის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიპის ეპიდემიის დროს წითელას ვაქცინაცია კატეგორიულად არ შეიძლება.... გრიპის ეპიდემიის დროს წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება, ამასთან სხვა ინფექციებისადმი, მათ შორის გრიპის ვირუსების მიმართ იმუნური სისტემა სუსტდება“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსი განცხადება ნამდვილად გავრცელდა, თუმცა ამ ცნობას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და უკრაინის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები წითელას ვაქცინაციის წინააღმდეგ ყალბ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო აცრა, გრიპის ეპიდემიის დროსაც, აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამას ადასტურებს სხვადასხვა სამეცნიერო/სამედიცინო კვლევები.

სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ წწყ-ს (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინაცია არ ზრდის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებისადმი რისკს. მეცნიერებმა შეისწავლეს ე.წ. რისკის პერიოდი (ვაქცინაციიდან 90 დღის განმავლობაში) და შედეგები ეწინააღმდეგება იმ ჰიპოთეზას, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში იმუნიტეტი სუსტდება. შესაბამისად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის ვირუსისადმი იმუნიტეტს არ აქვეითებს. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ეპიდემიის დროს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხოა.

ინფორმაციისთვის, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერით გადადის და ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ დაავადებად ითვლება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, გამონაყარი, ხველა და რინიტი. წითელამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა ყურის ანთება, პნევმონია, ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება). წითელას გართულებული შემთხვევები შესაძლოა დასრულდეს გარდაცვალებით.

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა! წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება კომბინირებული წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინით. წწყ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტის (ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების) გამომუშავებას, რომელიც იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე. გეგმიურად, აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ხოლო არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა ასაკში.

დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მრავალწლიანი კვლევებითა და გამოცდილებით დადასტურდა ვაქცინის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინების შეძენა ხდება.

წითელას აცრა არ ტარდება:

- პირებში, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

- იმუნოდეფიციტის მქონე პირებში (აივინფიცირებულები);

- ორსულ ქალებში;

- პირებში, რომელთაც აქვთ არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი.

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები, მათ შორის წითელას საწინააღმდეგო აცრა, სავალდებულოა. წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი