• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ქართული ოცნების“ დაპირება - „აშენდება 8 000 კმ ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა“ - ჩავარდნის პირასაა

„ქართული ოცნების“ დაპირება - „აშენდება 8 000 კმ ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა“ - ჩავარდნის პირასაა

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ ის ჩავარდნის პირასაა

11/02/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე: ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის (რომლის შედეგადაც 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა) განხორციელება 2016 წლის ივლისში ა(ა)იპ „ოუფენ ნეტს“ დაევალა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კომპონენტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება - მშენებლობის მიზნით, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე „ოუფენ ნეტის“ მიერ გამოცხადებული მსგავსი შესყიდვა არ იძებნება.

გარდა ამისა, ოპტიკური ქსელის გაყვანა ჯერ არც ერთ სოფელში არ დაწყებულა. „ოუფენ ნეტს“ არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოხერხდება თუ არა 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რომელიმე რეგიონში კაბელის გაყვანა. უცნობია სოფლების ინტერნეტიზაციის დასრულების თარიღიც.

ანალიზი

2016 წლის 8 სექტემბერს, წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რომლის ფარგლებშიც პარტია მოსახლეობას სრულ ინტერნეტიზაციას დაჰპირდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ „აშენდება 8 000 კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა“. აღნიშნული პროექტი გაწერილია როგორც 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში, ასევე 2018 წლის სახელმწიფო საბიუჯეტო კანონში.

2016 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. „ოუფენ ნეტის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის განსახორციელებლად, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინიციატივით შეიქმნა ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელება დაევალა. პროექტის შედეგად, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტზე წვდომა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ 2015 წლის 21 ივლისს დარეგისტრირდა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდა ეს უკანასკნელი ინტერნეტიზაციის პროექტის ოფიციალურად დამტკიცებამდე, ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში განთავსებული შესყიდვების თანახმად, „ოუფენ ნეტი“ შესყიდვებს 2015 წლის აგვისტოდან ახორციელებს. პირველი შესყიდვა კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებებთანაა დაკავშირებული, ხოლო ყველა დანარჩენი საოფისე სახისაა (საოფისე მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის, ავეჯის, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა და სხვა).

2016 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. „ოუფენ ნეტის“ დირექტორი, ნინო ქუბინიძე, საბანკო სექტორისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებთან კონსულტაციები 2016 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც, უმოკლეს ვადაში, გამოცხადდებოდა კონკურსი. აღნიშნულის შესახებ გაზეთ „კომერსანტთან“ კომენტარი გააკეთა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, კახა ბექაურმაც. მისი განცხადების თანახმად, პირველ ეტაპზე არსებული ოპერატორებისგან ინფორმაციის მიღება ხდება (თუ რა გეგმები აქვთ მათ კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებით უახლოეს 3 წელიწადში) და სახელმწიფო მხოლოდ იმ ადგილებში შევა, სადაც კერძო ბიზნესი არ იქნება. ბექაურის თქმით, უნდა შექმნილიყო საქართველოს რუკა, რის შემდეგაც „ოუფენ ნეტი“ გამოაცხადებდა ტენდერს სამუშაოების შესრულების შესახებ. ინფორმაცია „ოუფენ ნეტის“ მიერ მსგავსი ტენდერის გამოცხადების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება. თავად „ოუფენ ნეტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპი - ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მეორე, ანუ ქსელის მშენებლობის კომპონენტზე მუშაობა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია 2016 წლის დროინდელია. 2018 წლის 10 მაისს „ოუფენ ნეტის“ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტმა“ სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა, რომლის დასრულების ბოლო ვადადაც 2018 წლის 30 მაისი განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მსგავსი შესყიდვა პროექტის მიმდინარეობის შესახებ უახლესი ცნობები არ არის ხელმისაწვდომი. ვებ-გვერდზე უკანასკნელი სიახლე 2016 წლის 11 ნოემბერს განთავსდა, რომელიც დირექტორ ნინო ქუბინიძის საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების IX რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას იტყობინება.

ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ კითხვით ფაქტ-მეტრმა „ოუფენ ნეტს“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2018 წლის 7 აგვისტოს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. იმავე შინაარსის წერილი ფაქტ-მეტრმა „ოუფენ-ნეტს“ 29 ოქტომბერსაც გაუგზავნა მათივე ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატამდე ვერ მიაღწია, რის მიზეზადაც ფოსტა არასრულ მისამართს ასახელებს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისა და მისი მიმდინარეობის საკითხს 2018 წლის 18 ივლისს გამოეხმაურა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, რომელსაც „ოუფენ ნეტში“ უპასუხეს, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კომპონენტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ ოპტიკური ქსელის გაყვანა ჯერ არც ერთ სოფელში არ დაწყებულა. „ოუფენ ნეტს“ არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, მოხერხდება თუ არა 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რომელიმე რეგიონში კაბელის გაყვანა. უცნობია სოფლების ინტერნეტიზაციის საბოლოო დასრულების თარიღიც. „ოუფენ ნეტში“ ასევე განაცხადეს, რომ ორი წლის განმავლობაში არანაირი თანხები არ დახარჯულა, მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგეგმებოდა 19 050 000 ლარის დახარჯვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ოთხ ლოტზე. პროექტთან დაკავშირებული კითხვით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „ნეტგაზეთმაც“ მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მუშაობა მოდელის შერჩევაზე მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადების თანახმად, ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების გაჭიანურება საკითხის კომპლექსურობას უკავშირდება, ვინაიდან მასში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი. გარდა ამისა, სამინისტრო არ ასახელებს თანხის ოდენობას, რაც ამ დრომდე პროექტზე გაიხარჯა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად ნათელია, რომ 2 წლის განმავლობაში „ოუფენ ნეტი“ თანხებს მხოლოდ ხელფასებზე ხარჯავდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ ის ჩავარდნის პირასაა. თუმცა, ვინაიდან პროექტის შესრულების ბოლო ვადად 2020 წელია დათქმული, ფაქტ-მეტრი ვერდიქტისგან თავს იკავებს და დაპირების შესრულება/შეუსრულებლობის საკითხს მომავალში კიდევ დაუბრუნდება.

მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა