რეზიუმე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დასაქმებულთა სამუშაო უფლებებზე ყურადღებას ორ ნაწილში ამახვილებს: მე-6 კარის მე-14 თავში შემოთავაზებული დირექტივებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილში.

მე-6 კარის მე-14 თავში მნიშვნელობა ენიჭება ღირსეული შრომის პირობებს, დასაქმების პოლიტიკას, სოციალური დიალოგისა და დაცვის საკითხებს. თუმცა, უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების ვალდებულების შესახებ უშუალო დირექტივა არ მოიძებნება.

რაც შეეხება DCFTA-ის ნაწილს, აქ მოთხოვნილია მხოლოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებით განსაზღვრული სტანდარტების საქართველოს სამართალსა და პრაქტიკაში ასახვა. DCFTA-ის ნაწილში საქართვლოს ILO-ს 18 კონვენციის რატიფიცირება და მისი ამოქმედება ევალება, რომელთაგან 16-ს უკვე შეერთებულია. უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ ჩანაწერები ILO-ს 168-ე და 102-ე კონვენციებშია ასახული, რომელთაც საქართველო შეერთებული არ არის და ამას არც DCFTA ავალდებულებს.

ასოცირების შეთანხმება განსაკუთრებით უსვამს ხაზს შრომის უფლებების ასპექტში პროფესიული კავშირების მნიშვნელობას და სახელმწიფოს სოციალური თანასწორობის მისაღწევად რიგ ქმედებებს (შრომის ეფექტური ინსპექცია, სამუშაო ადგილზე ყველანაირი დისკრიმინაციული ფორმების აღმოფხვრა, შრომის კოდექსის დახვეწა და სხვა) ავალდებულებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ შეთანხმებაში უმუშევრობის კომპენსაციის სავალდებულო შემოღების შესახებ ჩანაწერი არ მოიძებნება.

ანალიზი

პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა, რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა: „საქართველო ვალდებულია 2021 წლამდე უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს. ამ ვალდებულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 2014 წლის ივნისში გაფორმდა, ხოლო ძალაში 2016 წლის პირველ ივლისს შევიდა. ასოცირება მიზნად ისახავს მხარეებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე. მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის კუთხით.

დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების საკითხს ასოცირების შეთანხმების მე-6 კარის მე-14 თავი არეგულირებს. ამ უკანასკნელში ხაზგასმითაა აღნიშნული ღირსეული შრომის პირობების, დასაქმების პოლიტიკის, სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, სოციალური დიალოგის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობის, გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აკრძალვის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. შესაბამისად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს შრომის ბაზართან დაკავშირებით აქტიური ზომებისა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობას, უკეთესი სამუშაო ადგილისა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნაზე ორიენტირებულ დასაქმების პოლიტიკას, ინკლუზიურ შრომის ბაზრებს, სოციალურ უსაფრთხოებასა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე (თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და ფინანსური მდგრადობის კუთხით) ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას და ა.შ. თუმცა, ეს უკანასკნელი უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების შესახებ უშუალო დირექტივას არ მოიცავს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დასაქმებულის უფლებების დაცვის პოლიტიკის შესახებ დირექტივები გაწერილია ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ნაწილშიც. როგორც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დასაქმებული ადამიანების უფლებების შესახებ წარმოებული კვლევიდან ირკვევა, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიზნების ფარგლებში მოთხოვნილია მხოლოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებით განსაზღვრული სტანდარტების საქართველოს სამართალსა და პრაქტიკაში ასახვა. საქართველომ შეერთების/რატიფიცირების გზით შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარა ILO-ს 18 კონვენცია. 16 მათგანის რატიფიცირება 1994-2004 წლების პერიოდში მოხდა. 2004 წლიდან 2014 წლამდე კი, საქართველო ILO-ს არც ერთ კონვენციას არ შეერთებია. ასოცირების შეთანხმების DCFTA-ის ნაწილში ფუნდამენტურ კონვენციებადაა აღიარებული ILO-ს 87-ე, 98-ე, 29-ე, 105-ე, 138-ე, 182-ე, მე-100 და 111-ე კონვენციები, რომელთაგანაც ყველა რატიფიცირებულია. პრიორიტეტულადაა მიჩნეული 122-ე, 144-ე, 81-ე და 129-ე კონვენციები, რომელთაგან მხოლოდ პირველი ორია რატიფიცირებული. რაც შეეხება უმუშევრობის კომპენსაციის თემას, აღნიშნულ საკითხს ILO-ს 168-ე და 102-ე კონვენციები ითვალისწინებენ, რომლის ხელმომწერიც საქართველო არ არის. ეს უკანასკნელნი არ განეკუთვნებიან ILO-ს ფუნდამენტურ კონვენციათა რიცხვს და შესაბამისად, მათთან მიერთება სავალდებულო ხასიათის არ არის.

უმუშევრობის კომპენსაციის ვალდებულების აღების საკითხი არ არის ნახსენები ასოცირების დღის წესრიგშიც. დასაქმებულთა და პროფესიულ კავშირებზე საუბრისას ამ უკანასკნელში ყურადღება მახვილდება შრომის ინსპექციის აუცილებლობის შესახებ. საშუალო ვადიან პრიორიტეტებად კი, შრომის კოდექსის დახვეწა და იმპლემენტაცია, ეფექტური შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაზე მუშაობის გაგრძელება და ILO-სთან თანამშრომლობის შესაბამისად სოციალური დიალოგის გაღრმავებაა დასახული.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი