რეზიუმე: ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. 2018 წელს მედიკამენტების პროგრამით ჯამში 29 483 ადამიანმა ისარგებლა (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტი გაიტანა). აქედან, გარკვეული ნაწილი ის ადამიანები არიან ვინც პროგრამაში 2017 წელს ჩაერთვნენ.

მოსახლეობის დაბალი ჩართულობიდან გამომდინარე, 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტის ათვისების პრობლემა ნამდვილად იყო. პროგრამის ბიუჯეტის უდიდესი წილი 2018 წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა. 2018 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის დაზუსტებული მონაცემებით, ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელი 7.6 მლნ ლარია. 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. ამდენად, მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში სოციალური მომსახურების სააგენტომ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შესყიდვაზე, დაახლოებით 6.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

გასული წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდა და მას პარკინსონის და ეპილეფსიის მედიკამენტები დაემატა. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, პროგრამის ბიუჯეტის ვერ ათვისებას უკავშირდება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ბიუჯეტზე საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც ასახავს არა პროგრამის ბიუჯეტის შესრულებას, არამედ უშუალოდ ბენეფიციარებზე გაცემული მედიკამენტების საერთო ღირებულებას. 2018 წელს 1.7 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტები იქნა გაცემული.

ამდენად, პოლიტიკოსი სწორად მიუთითებს მედიკამენტების პროგრამაში მოსახლეობის დაბალ ჩართულობაზე. პროგრამის ბიუჯეტის ათვისების ნაწილში მისი განცხადება ფაქტობრივად არაზუსტია. თუმცა, განცხადების კონტექსტი ბიუჯეტის ათვისების პრობლემასთან დაკავშირებით, სწორია. ამას ადასტურებს ის, რომ პროგრამაში ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა - მედიკამენტები შეისყიდეს და დაასაწყობეს.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 13 მარტს ბრიფინგი გამართა და „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, „ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2018 წელს 10 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 8 მილიონამდე ლარი აუთვისებელი დარჩა. 2017 წელს როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ამ პროგრამით 200 000 ადამიანი ისარგებლებდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემები სავალალოა. გასულ წელს ამ პროგრამით 22 000-მა ადამიანმა, ხოლო 2017 წელს 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, პროგრამის ბიუჯეტი ათვისებულია, შეძენილია მედიკამენტები და დასაწყობებულია კონტრაქტორებთან. თუმცა, მინისტრი ადასტურებს, რომ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა დაბალია.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გავრცელდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები თითქმის სრულიად უნაზღაურდებათ (თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს). პენსიონერებს და შშმ პირებს კი მედიკამენტები მინიმუმ 50%-ით უნაზღაურდებათ. 2018 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამას პარკინსონის და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც დაემატა. შესაბამისად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, პროგრამა პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდა.

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა მედიკამენტების პროგრამით?

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობის მიზნით, 2017-2018 წლებში ჯამში, 35 661 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა).

2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის“ პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა, რაც, დიდწილად, პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. 2018 წელს მედიკამენტების პროგრამით ჯამში 29 483 ადამიანმა ისარგებლა (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტი გაიტანა).

2017 წელს მედიკამენტების პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მართლაც განცხადა, რომ სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

პროგრამის ბიუჯეტი

ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებისას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. თუმცა, ეს მონაცემები არის პროგრამის ფარგლებში უშუალოდ ბენეფიციარებზე გაცემული მედიკამენტების საერთო ღირებულება და არა პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი. აღნიშნული მონაცემებით, 2018 წელს ბენეფიციარებზე გაცემული მედიკამენტების საერთო ღირებულებამ 1.7 მლნ ლარი შეადგინა.

ჩვენ ვესაუბრეთ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკა ადამიას. მისი განცხადებით, „მონაცემები რომელზეც ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს არის ბენეფიციარების მიერ გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამის ბიუჯეტი არ შესრულდა. 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე დაიხარჯა, მედიკამენტების შესასყიდად. დანარჩენი თანხა, 2 მილიონ ლარამდე სატენდერო ეკონომია დაფიქსირდა“.

2018 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს პროგრამის რეალურმა ხარჯმა 7.6 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. 12 თვის და 11 თვის შესრულების მაჩვენებლებს შორის სხვაობა აჩვენებს, რომ პროგრამის ბიუჯეტს ვერ ითვისებდნენ და გასული წლის ბოლოს ერთიანად გაიხარჯა. ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის დეკემბერში სოციალური მომსახურების სააგენტომ, მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში, წამლების შესყიდვაზე დაახლოებით 6.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი სრულად არ იქნა ათვისებული, 2019 წლის ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა და 20 მლნ ლარით განისაზღვრა. მართალია 2019 წლის იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა, თუმცა მედიკამენტების დიდი ნაწილი წინასწარ შეძენილი და დასაწყობებულია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი