რეზიუმე: ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ტენდენციის ანალიზისთვის მიღებულია არა ნომინალური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა მთლიან შიდა პროდუქტთან ან/და ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით. ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების 7 წლიან პერიოდში შედარება არასწორია, ვინაიდან ამ პერიოდში, ერთი მხრივ, იზრდება ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები, ხოლო მეორე მხრივ, არ არის ინფლაციის ფაქტორი გამორიცხული. ამრიგად, გიორგი ვოლსკის მიდგომა სწორია, როცა ამ ხარჯების ფარდობით მაჩვენებლებზე საუბრობს, ხოლო ნიკა მელიას მიერ ნომინალური მაჩვენებლების შედარება არასწორია.

2012 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან და მიმდინარე ხარჯებთან მიმართებაში შემცირებულია. კონკრეტულად, მშპ-სთან მიმართებით, 9.6%-დან 7.4%-მდე, ხოლო მიმდინარე ხარჯებთან - 38.5%-დან 32.7%-მდე. გარდა ამისა, ამ პერიოდში მცირდება როგორც ნაერთი ბიუჯეტის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებლები. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის ხელფასებს, 2011-2012 წლებში მინისტრები საშუალოდ ყოველთვიურ ანაზღაურებას 7 080 ლარს იღებდნენ, რაც 2014 წლიდან შემცირდა და დღევანდელი მდგომარეობით მინისტრის ანაზღაურება 6 250 ლარია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან კანონმა აკრძალა მინისტრების და სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემია-დანამატის მიღება, ხოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე ზედა ზღვარი დაწესდა.

2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში მომუშავეთა რიცხოვნობა 103 ათასი იყო, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კი 113.6 ათასი. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 112.1 ათასია. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რიცხოვნობა გაზრდილია.

ანალიზი

ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში დებატებისას პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ და ნიკა მელიამ ადმინისტრაციულ ხარჯებზე ისაუბრეს. ვოლსკის განცხადებით, „2012 წელთან შედარებით მინისტრების ხელფასები მნიშვნელოვანად არის შემცირებული. მშპ-სთან მიმართებით მთლიანი ადმინისტრაციულ ხარჯები შემცირებულია“.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა: „685 მლნ ლარით გაქვთ ადმინისტრაციული ხარჯი გაზრდილი, რაც ხელისუფლებაში მოხვედით. წინა ხელისუფლების დროს შტატების რაოდენობა 101 ათასი იყო და 2018 წელს 116 ათასია“. აღნიშნულ განცხადებაში ნიკა მელია, დასახელებული რიცხვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებში დასაქმებულთა რაოდენობაზე მიუთითებს.

ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლების ჯამს მოიცავს, თუმცა საქონელი და მომსახურების მუხლში ასევე ერთიანდება თავდაცვისუნარიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის (პოლიცია) უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯები, რაც ობიექტურად, ადმინისტრაციულ ხარჯად განხილული არ უნდა იყოს.

იმისთვის, რომ წლების მიხედვით ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ცვლილების ტენდენცია გაანალიზდეს, საჭიროა მისი ფარდობითი მაჩვენებლების შედარება და არა ნომინალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ანალიზი. ამის მიზეზი ისაა, რომ წლების მანძილზე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ნომინალური მაჩვენებლები და შესაბამისად, იზრდება ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლებიც. ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების ზრდის მეორე მიზეზი ინფლაციაა. კონკრეტულად, ყოველწიურად ფასების დონის ზრდიდან გამომდინარე, ერთი და იმავე მოცულობის საქონლის და მომსახურების შეძენას 2012 წელს უფრო ნაკლები თანხა სჭირდებოდა, ვიდრე დღეს. უცვლელად ვერ შენარჩუნდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაც და მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებასთან ერთად მისი ზრდა ობიექტური აუცილებლობაა, რაც ასევე ზრდის ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალურ მნიშვნელობას.

ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებს მოიცავს. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები კი მათ მიერ შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებია. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა 3 334.0 მლნ ლარითაა დაგეგმილი (მათ შორის, შრომის ანაზღაურება 1 762.0 მლნ ლარი და საქონელი და მომსახურება 1 572.0 მლნ ლარი), რაც ამავე წლის საპროგნოზო მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 7.4%-ია, ხოლო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში კი 32.7%-იანი წილი უკავია. 2012 წელს ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებელი 2 500.3 მლნ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 9.6%-ია, ხოლო მიმდინარე ხარჯების კი - 38.5%. ესე იგი, 2012-2019 წლებში ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები შემცირებულია. კონკრეტულად, ამ პერიოდში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სთან 2.2% პუნქტით, ხოლო მიმდინარე ხარჯებთან მიმართებაში კი - 5.8% პუნქტით. მათ შორის, შრომის ანაზღაურების შეფარდება მშპ-სთან 0.7% პუნქტით, ხოლო საქონელი და მომსახურება კი 1.5% პუნქტით.

გრაფიკი 1: ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების (მხარჯავი დაწესებულბები) ბიუროკრატიულ ხარჯებს მოიცავს. მსგავსად ნაერთი ბიუჯეტისა, სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯების ფარდობით მაჩვენებლებს კლების ტენდენცია ახასიათებს. 2019 წლის გეგმის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯების ნომინალური მაჩვენებელი 2 688.8 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის 6.0%-ია. ბიუჯეტის ეს ხარჯი 2012 წელს 2 110.4 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ს 8.1%-ია. ამრიგად, 2012-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სთან 2.1% პუნქტით მცირდება. ასევე, ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფარდობითი მაჩვენებელი 4.0%-დან 3.3%-მდე იკლებს, ხოლო საქონელი და მომსახურება კი 4.1%-დან 2.7%-მდე.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები (მლნ ლარი, %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკებიდან ჩანს, ბოლო წლებში ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯების შემცირებას უკავშირდება, ვინაიდან თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სთან 2012-2019 წლებში მხოლოდ 0.1% პუნქტით მცირდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის კი 2.1% პუნქტით. სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლების არსებითი კლება 2017 წლიდან იწყება, როცა ეს მაჩვენებელი 0.8% პუნქტით შემცირდა, ხოლო შემდეგ წლებში კი 0.6% და 0.4% პუნქტებით. ამავე პერიოდში თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში ეს მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

2018 წლამდე მინისტრების შრომის ანაზღაურება სარგოს, დანამატს და პრემიას მოიცავდა, ხოლო 2018 წლიდან მათი შრომის ანაზღაურება მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს მოიცავს. 2018 წლიდან კანონით სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დანამატი და პრემიის გაცემა აიკრძალა შესაბამისად, მინისტრი მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს იღებს, ვინაიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია.

2007 წლის ნოემბრიდან მინისტრის შრომის ანაზღაურება 3 540 ლარამდე გაიზრდა. ამ ოდენობის სარგოს მინისტრები 2018 წლამდე იღებდნენ. ამავე პერიოდში, მინისტრებს შეეძლოთ პრემიის და დანამატის მიღება, რომლის ოდენობა 2013 წლამდე შეზღუდული არ იყო. 2011-2012 წლებში მინისტრების მიერ პრემია-დანამატის სახით მიღებული შრომის ანაზღაურება საშუალოდ თანამდებობრივი სარგოს სახით მიღებულის ტოლი იყო. ესე იგი, ამ პერიოდში მინისტრები სარგოს ოდენობის პრემია-დანამატს იღებდნენ. ამრიგად, 2011-2012 წლებში მინისტრის საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (სარგო, პრემია და დანამატი) 7 080 ლარს შეადგენდა. თუმცა, რიგ შემთხვევაში პრემია-დანამატის სახით მიღებული ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოზე მეტი იყო . 2013 წლის მარტში, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მინისტრების მუდმივი, ყოველთვიური დანამატი 4 335 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 2013 წელს მინისტრების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 7 875 ლარი იყო (სარგო - 3 540 და დანამატი - 4 335). აღნიშნული დანამატის მოცულობა 2014 წლიდან 2 710 ლარამდე შემცირდა. ამრიგად, 2014-2017 წლებში მინისტრები შრომის ანაზღაურების სახით 6 250 ლარს იღებდნენ (სარგო - 3 540 და დანამატი - 2 710).

გრაფიკი 3: საქართველოს მინისტრების შრომის ანაზღაურება (ლარი)

წყარო: სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაცია, საკანონმდებლო მაცნე

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014-2019 წლებში მინისტრების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 6 250 ლარს შეადგენს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე 2011-2013 წელს არსებული ანაზღაურება.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში მომუშავეთა რიცხოვნობა 103 ათასი პირი იყო, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით ეს მაჩვენებელი 112.1 ათასი პირია. აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული მაჩვენებლების მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა 9.1 ათასით არის გაზრდილი.

გრაფიკი 4: სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებეში მომუშავეთა რიცხოვნობა (ათასი)

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცმები

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ზრდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატებში მომუშავეთა ზრდას ნაკლებად უკავშიდება. ეს ზრდა, ძირითადად, კანონის საფუძველზე ამ პერიოდში შექმნილ სსიპ-ებთან არის დაკავშირებული.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი