რეზიუმე: მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, ძალაში შესული რეგულაციების პირობებში, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემისათვის დაწესებული მოთხოვნები არსებითად გამკაცრდა, რაც ფიზიკურ პირთა დაკრედიტების შემცირებულ მოცულობაში აისახა. ჯამურად (სესხის ყველა სახეობის ჯამი), ფიზიკურ პირებზე 2019 წლის ორ თვეში 1 546 ათასი ხელშეკრულების ფარგლებში, 1.77 მლრდ ლარის ოდენობის სესხი გაიცა, რაც შესაბამისად, 30.6% და 17%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე. სესხის ცალკეული სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტად სამომხმარებლო სესხებია შემცირებული.

რაც შეეხება უშუალოდ დასახელებულ მონაცემს. დეპუტატი, 2019 წლის თებერვალში გაცემული 5 000 ლარამდე სესხების მოცულობას, გასული წლის ანალოგიურ მონაცემს ადარებს. 5 000 ლარამდე სესხების მოცულობა 2019 წლის თებერვალში, წინა წელთან შედარებით, მართლაც 26.4%-ით ნაკლებია. იანვარ-თებერვალში ჯამურად გაცემული სესხების თვალსაზრისით კი, 5 000 ლარამდე სესხების მოცულობა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, 24.8%-ით არის შემცირებული.

ანალიზი

სესხების გაცემის რეგულირების შედეგებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპული საქართველოდან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების შედეგად, 5000 ლარამდე მოცულობის სესხები თებერვალში 26%-ით არის შემცირებული.

დეპუტატი ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან შესული რეგულაციების ეფექტზე საუბრობს. შესაბამისი საკანონმდებლო აქტ(ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“) 2018 წლის 24 დეკემბერს იქნა მიღებული. ბრძანება ვრცელდება ფიზიკურ პირზე სესხის გამცემ ნებისმიერ სუბიექტზე, მათ შორის, კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და სხვა. ბრძანება განსაზღვრავს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, ამკაცრებს სესხის გაცემის/აღებისათვის დასაკმაყოფილებელ პირობებს და აწესებს გადახდისუნარიანობის ანალიზის აუცილებლობას. გარდა გადახდისუნარიანობის ანალიზისა, მოთხოვნილია დამატებითი პირობები, მათ შორის, მსესხებლის წმინდა შემოსავლებსა და სესხის მომსახურებისათვის საჭირო სახსრებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (ამჟამად, საარსებო მინიმუმი 176 ლარია). ამავე ბრძანების თანახმად, სესხის მომსახურებისათვის ყოველთვიურად გასაწევი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის გარკვეულ ნაწილს(20-60%). აღნიშნული ცვლილებების შინაარსისა და შესაძლო გავლენების შესახებ იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა.

2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჯამური დაკრედიტება[1] (ნაშთები) 26.5 მლრდ ლარს უტოლდება, საიდანაც 14.5 მლრდ შინამეურნეობების (ფიზ. პირები) დაკრედიტებაზე მოდის (54.9%), იურიდიულ პირებზე კი, 11.9 მლრდ ლარია (45.1%) გაცემული. 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ჯამური დაკრედიტება 21.9 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე 12.1 მლრდ (55.4%), ხოლო იურიდიულ პირებზე 9.8 მლრდ ლარი (44.6%) მოდიოდა. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელი 20.8%-ით გაიზარდა. 22.2%-ია წლიური ზრდა იურიდიულ პირების დაკრედიტებაში, ფიზიკური პირების დაკრედიტება კი ერთი წლის მანძილზე 19.7%-ითაა გაზრდილი. პორტფელის ზრდაზე დადებითად მოქმედებდა კურსის კლება (გაუფასურება), საკურსო ეფექტის გამორიცხვით[2] მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდა 15.2%-ს შეადგენს.

თუმცა, საკრედიტო პორტფელის (მოქმედი სესხების ნაშთების ჯამი, რომელთა დაფარვის ვადა დამდგარი არ არის) ზრდაზე გავლენას ახდენს სესხები გაცემული რეგულაციების ამოქმედებამდე. შესაბამისად, უშუალოდ რეგულირების ეფექტის უკეთ წარმოსაჩენად, მიზანშეწონილია, სესხების ნაკადების ანალიზი და არა ნაშთების. სესხების ნაკადები მოიცავს დროის კონკრეტულ პერიოდში, მაგალითად თებერვალში, დადებულ ახალ ხელშეკრულებებს. ნაშთებში კი მოცემულია წარსულში გაცემული სესხებიც, რომელთა დაფარვის ვადა გასული არ არის. მაგალითად, 2015 წელს 10 წლის ვადით გაცემული სესხი 2019 წლის იანვარში ფიქსირდება ნაშთებში, თუმცა არა ნაკადებში. ცვლილებებს კი გავლენა შესაძლებელია ჰქონოდა მხოლოდ ახალი ხელშეკრულებების დადებაზე. დეპუტატი საკუთარ განცხადებაში სწორედ სესხების ნაკადების ცვლილების ანალიზს ეყრდნობა და 2019 წლის თებერვალში გაცემული 5000 ლარამდე სესხების მოცულობას, გასული წლის ანალოგიურ მონაცემს ადარებს. შესაბამის მონაცემებს ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1: სესხების რანჟირება მოცულობის მიხედვით (ნაკადები)

იანვარი

თებერვალი

იანვარ-თებერვალი

2018

2019

ცვლილება

2018

2019

ცვლილება

2018

2019

ცვლილება

ლარში გაცემული სესხები სულ

მოცულობა

(მლნ ლარი)

1 550

1 267

-18.3%

1 423

1 428

0.3%

2 973

2 695

-9.4%

ხელშეკრულება

(ათასი ცალი)

1 103

761

-31.0%

1 077

736

-31.7%

2 180

1 497

-31.3%

0.01-დან 5 000 ლარამდე სესხები

მოცულობა

(მლნ ლარი)

513

394

-23.2%

504

371

-26.4%

1 017

765

-24.8%

ხელშეკრულება

(ათასი ლარი)

1 082

739

-31.7%

1 053

710

-32.5%

2 135

1 449

-32.1%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 5000 ლარამდე სესხების მოცულობა 2019 წლის თებერვალში, წინა წელთან შედარებით, მართლაც 26.4%-ით ნაკლებია. იანვარ-თებერვალში ჯამურად გაცემული სესხების თვალსაზრისით კი, 5000 ლარამდე სესხების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, 24.8%-ით არის შემცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ანალიზი ეყრდნობა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მაჩვენებლებს, სხვა საკრედიტო ორგანიზაციების აქტივობები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.


[1] თებერვლის მდგომარეობით მოქმედი სესხები - წარსულში გაცემული ყველა სესხის ნარჩენი თანხების (ნაშთის) ჯამი, რომელთა დაფარვის ვადა ჯერ არ დამდგარა

[2] უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ლარში გამოსახულ მოცულობაზე გავლენას ახდენს ლარის გაცვლითი კურსი. შესაბამისად, პორტფელის ლარში გამოსახული ჯამური მოცულობა, კურსის კლების (გაუფასურება) პირობებში, აჩვენებს უფრო მაღალ ზრდას, ვიდრე სესხის ვალუტის მიხედვით ანალიზისას

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი