ლარის კურსის შემცირება დოლართან მიმართებაში მუდმივად აქტუალურ საკითხად რჩება, 2014 წლის ბოლოდან დღემდე ტენდენციის განუხრელად შენარჩუნების პირობებში. გაუფასურების ბოლო ეტაპი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან დაიწყო და 1 აგვისტოს ეროვნული ბანკის ინტერვენციის ფონზე შეწყდა. კურსის მიმდინარე შემცირების მიზეზებზე საუბრისასპრემიერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ოპოზიციის ბრალეულობაზე გაამახვილეს ყურადღება. ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქტიშვილის თქმით კი კურსზე უარყოფითად მოქმედებდა რუსეთის პრეზიდენტისთვის ტელეეთერიდან შეურაცხყოფის მიყენება. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს. ლარის გაუფასურებაში მთავრობა ტრადიციულად ყველას როლის დანახვას ახერხებს გარდა საკუთარი თავისა. კერძოდ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეროვნული ვალუტის კურსის კლება დაბრალდა ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის „მიზანმიმართულ ქმედებებს“, სებ-ის არასწორ პოლიტიკას, საგარეო ფაქტორებს და ოპოზიციის „უპასუხისმგებლო განცხადებებსაც“ კი. აღსანიშნავია, რომ შეფასების ნაწილის კომიკურობის ფონზე, დასახელებულთაგან საგარეო ფაქტორები წარმოადგენდა ერთადერთ ობიექტურ მიზეზს, რაც ნამდვილად უარყოფითად მოქმედებდა გაცვლით, კურსზე. თუმცა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს უშუალოდ ხელისუფლების ქმედებები თუ უმოქმედობა, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხს ვერ აბალანსებდა და ცალკეულ შემთხვევებში აღრმავებდა. მოცემულ საკითხზე ფაქტ-მეტრს არაერთი კვლევა აქვს მომზადებული, საიდანაც ცალსახად იკვეთებოდა, რომ კურსზე უარყოფითად არამარტო საგარეო, არამედ საშინაო ფაქტორებიც მოქმედებდა.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე ტენდენციას, ცალსახაა, რომ აღნიშნული პროცესი გარკვეულწილად ნამდვილად ე.წ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, 21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადა. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევიდა. პარალელურად, შეიქმნა მოლოდინი და მოგვიანებით გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული რუსეთში ქართულ ექსპორტზე სანქციების დაწესების შესახებ, თუმცა აღნიშნულის პრაქტიკაში რეალიზება არ მომხდარა. აკრძალვები აქტიურ ტურისტულ სეზონს დაემთხვა, რაც რუსეთიდან ტურისტების კლების მოლოდინში აისახა. ეროვნული ბანკის შეფასებით, შემოსავლებზე ჯამური გავლენა 300 მლნ დოლარის ნიშნულზეა, შეფასებული, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი დანაკლისის 500 მლნ დოლარამდე ზრდა არის მოსალოდნელი. პირველადი ინფორმაციით, ტურისტული ნაკადების შემცირებას რუსეთიდან არ მიუღწევია რადიკალური მაჩვენებლებისათვის, ჯამური ტურისტული ნაკადი კი ამ ეტაპზე ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას, თუმცა ზრდის ტემპი მოსალოდნელს არსებითად ჩამორჩება.

გრაფიკი 1. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით (ივნისი-აგვისტო)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აუცილებელია, განიმარტოს, როგორ მოქმედებს მოლოდინის ეფექტი. როდესაც მომავალში უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირებაა, მოსალოდნელი (მაგ. ტურიზმიდან შემოსავლების შემცირების მოლოდინის გამო, მიუხედავად იმისა გამართლდება მომავალში ეს მოლოდინი თუ არა), ლოგიკურად ეროვნული ვალუტის კურსის კლებაც ვალიდური დაშვებაა. თუ მომავალში ლარის კურსის შემცირება (გაუფასურება) არის მოსალოდნელი, დოლარის პოტენციური გამყიდველი (მაგ. ექსპორტიორი რომელსაც უცხოეთში პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული ვალუტა აქვს ანგარიშზე) ცდილობს, არ გაყიდოს ვალუტა და დაელოდოს უფრო მაღალ კურსს, შედეგად იმ დღესვე მცირდება სავალუტო ბაზარზე დოლარის მიწოდება. მეორე მხრივ, ვისაც დაგეგმილი აქვს, მომავალში დოლარის შეძენა (მაგ. იმპორტიორს უცხოეთიდან პროდუქციის შესაძენად თვის ბოლოს სჭირდება დოლარი), დღესვე, კურსის ზრდამდე, ცდილობს, შეიძინოს უცხოური ვალუტა, შედეგად იზრდება დოლარზე მოთხოვნა.

დოლარზე მოთხოვნის ზრდა, მიწოდების შემცირების პირობებში ბუნებრივად განაპირობებს დოლარის ფასის, ანუ მისი ლარში გამოხატული მნიშვნელობის (ვალუტის კურსი) ზრდას. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ფულადი ნაკადების შემოდინება ქვეყანაში შეცვლილი არ არის, ანუ კურსი იცვლება ფაქტობრივი ნაკადების ცვლილების გარეშე, მხოლოდ მოლოდინიდან გამომდინარე. აღნიშნულ ეფექტს აძლიერებს ე.წ „სპეკულაციური“ მდგენელიც, როდესაც თავისუფალი ფულის მქონე სუბექტები კურსის ზრდამდე ზრდიან მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, კურსის ზრდის შემდგომ მისი გაყიდვიდან სარგებლის მიღების მიზნით.

შედეგად, სანქციების გავლენა ორ ნაწილად შეიძლება, გაიყოს - მოლოდინებად და ფულადი ნაკადების ფაქტობრივ ცვლილებად, რომელთაგან მოლოდინების ფაქტორი პირველი ამოქმედდა და ცალსახად უარყოფითი გავლენა იქონია კურსზე. ტურიზმიდან მისაღები ფულადი ნაკადების ფაქტობრივი ცვლილების შესახებ ამ ეტაპზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. თუმცა 5 აგვისტოს ტურიზმის ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა და აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან კი შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით (2018 წლის ივლისთან შედარებით), მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან შემცირება გადაფარა და ჯამში, წელს ივლისში საქართველოში 5.8%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის ივლისში. ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორი, რომელიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს ჩერდება) კი 1%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსავლების კლების მიზეზით კურსის მერყეობა ნაკლებად სავარაუდოა. ცალსახად შეიძლება ერთადერთი რამის თქმა, საანალიზო პერიოდის მანძილზე მოთხოვნა დოლარზე აჭარბებდა მიწოდებას, რაც ლარის კურსის შემცირებაში (გაუფასურება) აისახებოდა. თუმცა დოლარზე მაღალი მოთხოვნა უფრო მეტად მოლოდინებით იყო განპირობებული, რასაც სახელისუფლებო წრეებიდან გაკეთებული პესიმისტური განცხადებებიც ამძაფრებდა.

შეჯამების სახით შეიძლება, ითქვას, რომ 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახად იქონია უარყოფითი გავლენა ლარის გაცვლით კურსზე. თუმცა რამდენად სწორია პრემიერისა და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე (ამავდროულად, ირიბად პროტესტის მონაწილე მოქალაქეებზე) გადაბრალება, სადავო საკითხია. კერძოდ, მოვლენების ინიცირება არა ოპოზიციის ქმედებებმა, არამედ ხელისუფლების კრიტიკულმა შეცდომამ[1] განაპირობა. რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოყვა, რომელშიც არათუ მხოლოდ ოპოზიცია მონაწილეობდა, არამედ თავად პრემიერი აღნიშნავს, რომ თავადაც „უერთდება სამართლიან პროტესტს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ პირობებში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბარი უადგილოა და იკითხება აბსურდული პათოსი, რომ არ უნდა იქნას გაპროტესტებული ხელისუფლების თუნდაც მიუღებელი ქმედებები, უარყოფითი მოლოდინების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ კომიკურია თავისთავად ფაქტი, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელი იზიარებს პროტესტის თავდაპირველ სულისკვეთებას და პარალელურად რჩება საკუთარ თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცდება სტატიის ფარგლებს.

ყურადღების მიღმა არ შეიძლება, დარჩეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის წახალისების, ან როგორც მინიმუმ საწინააღმდეგო ნაბიჯების არ/ვერ გადადგმის ნაწილიც. კერძოდ, დაწესებული სანქციების გავლენის მასშტაბი და მნიშვნელობა გაზარდა ტურისტთა ნაკადში რუსეთის მოქალაქეთა მაღალი წილით (16%) წარმოდგენამ. რუსეთზე დამოკიდებულების ზრდით გამოწვეული რისკის შესახებ ფაქტ-მეტრის არაერთ სტატიაშია აღნიშნული. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე თუ მიზანშეწონილად ჩათვლიდა, არ გაუჭირდებოდა სანქციებისათვის სხვა ნებისმიერი საბაბის მოძებნა. შესაბამისად, მოცემულ დარტყმას ქართული ეკონომიკა ადრე თუ გვიან მაინც მიიღებდა, საქართველოში რუსეთისათვის მიუღებელი პროცესების განვითარების შემთხვევაში. რუსეთისათვის მისაღები პროცესები კი როგორც წესი წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საუკეთესო ინტერესთან.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებელად უნდა ეზრუნა ხსენებული დამოკიდებულების შემცირების/არ გაზრდის ან/და რისკების რეალიზების შემთხვევაში რეაგირების სცენარის არსებობაზე. ფაქტია, რომ ვერცერთი მიზანი მიღწეული ვერ იქნა. ფაქტ-მეტრი ემიჯნება, წინა წლებში რუსი ტურისტების შემოსავლაზე აკრძალვის დაწესების ან რუსულ ბაზარზე საექსპორტო საქონლის მიწოდებისაგან თავის შეკავების საჭიროების შესახებ არსებულ მოსაზრებებს. თუმცა მნიშვნელოვანია,ხელისუფლებას ეზრუნა რუსეთიდან ტურისტების ზრდის პარალელურად ალტერნატიული ნაკადების მოზიდვის უზრუნველყოფაზე. ბუნებრივად მზარდი (ხელისუფლების მცდელობის გარეშეც) რუსული ტურიზმის საპირწონედ ფინანსური რესურსით არ წაეხალისებინა მოცემული მიამრთულება და ეს რესურსი ალტერნატიული ნაკადების მოზიდვაზე მიემართა. შედეგად, რუსი ტურისტების აბსოლუტური ოდენობის ზრდის პარალელურად, მათი წილი ვიზიტორებში შენარჩუნდებოდა შედარებით დაბალ ნიშნულზე. ტურისტთა ნაკადისა და შესაბამისად შემოსავლების ზრდა გახდებოდა მეტად ჯანსაღი/ნაკლებრისკიანი და სანქციების პირობებში დარტყმა ტურისტულ სექტორზე არსებითად მცირე იქნებოდა. ბუნებრივია, აღნიშნული არ იყო და არც დღეს არის მარტივად შესასრულებელ მიზანს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული რისკის გათვალისწინებაზე მიმანიშნებელი ნაბიჯები გადადგმული არ ყოფილა.

საქართველოს მთავრობა ამ რისკს ვერც დღეს აცნობიერებს და ნაცვლად სექტორის გასაჯანსაღებლად მიმართული ნაბიჯების გადადგმვისა, რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ქართველი გადასახადის გადამხდელებისაგან ამოღებული სახსრებიდან 600 ათასი ევროთი აფინანსებს, რითაც ხელს უწყობს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, უკეთეს შემთხვევაში კი შენარჩუნებას. შედეგად, იზრდება საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობა რუსული სანქციების მიმართ და რუსული დღის წესრიგის წინააღმდეგ წასვლა მეტად „ძვირადღირებული“ ხდება.



[1] რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩენის ფაქტის შეცდომად მიჩნევას არ ხდის სადაოდ არც სახელისუფლებო ფრთა. რაც როგორც რიტორიკით ასევე ქმედებებითაც (პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და პროცესების აქტიური მონაწილე დეპუტატისთვის მანდატის შეჩერება) ცალსახად დადასტურებადია.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი