რეზიუმე: ფაქტ-მეტრის სტატიის ფარგლებში მთავრობის ზომისა და ეკონომიკურ ზრდას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სრულყოფილი ანალიზი შეუძლებელია, თუმცა გასული და მომდევნო წლების მიხედვით, მთავრობის ზომა არ იზრდება. აღნიშნულ პერიოდში მიმდინარე ხარჯები კლების და კაპიტალური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს უკანასკნელი კი ეკონომიკური განვითარების დადებით ფაქტორადაა მიჩნეული. გარდა მთავრობის ზომისა, არ იზრდება არც საგადასახადო ტვირთი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ (ბიუროკრატიულ) ხარჯებს, როგორც ნაერთი ბიუჯეტის, ასევე, ერთიანი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების, საქონლის და მომსახურების ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები გამოკვეთილი კლების ტენდენციით ხასიათდება. ეს მონაცემები მთლიანად სახელმწიფო მმართველობის ერთეულების მონაცემებს მოიცავს და ცენტრალურ, ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეებს ფარავს. გარდა ამისა, 2018 წლიდან ამოქმედებული კანონით, შრომის ანაზღაურების (სარგო, პრემია და დანამატი) ზრდა შეიზღუდა და ზედა ზღვრები დაწესდა. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურება გაიზრდებოდა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო ნომინალური სარგოს მოცულობა შეიცვლებოდა, მაგრამ საბაზო მაჩვენებელი არ შეცვლილა. ამდენად, საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ოდენობა არ გაზრდილა. 2018 წელს ერთიანი ბიუჯეტის ადმინისტრაციულმა ხარჯებმა მშპ-სთან მიმართებით 9.64% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ამავე წელს, ნაერთი ბიუჯეტის იგივე ხარჯებმა მშპ-ს 7.96% შეადგინა, რაც, ასევე წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში ადმინისტრაციული ხარჯების ყოველწლიური შემცირებაა დაგეგმილი.

აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების ზრდაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ ტიპის ხარჯებს გამოკვეთილი კლების ტენდენცია ახასიათებს.

ანალიზი

ფრაქცია ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან მთავრობის ზომასა და ბიუროკრატიულ ხარჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეკონომიკა არ იზრდება და ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი. რაც სტაბილურად მიდის წინ, ეს არის ბიუროკრატიის ხარჯები. ეს არის მთავრობის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, თვითმმართველობების ხარჯები. ისედაც პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად აქვთ გადაქცეული საჯარო სამსახურები და არც კმაყოფილდებიან იმ ხელფასით, რომელიც აქვთ და კიდევ უფრო მეტ ტვირთად აწვებიან ჩვენს მოქალაქეებს".

აღნიშნულ განცხადებაში პარლამენტის წევრი მთლიანად მთავრობის ზომასა და ბიუროკრატიული ხარჯებზე მიუთითებს, სადაც შრომის ანაზღაურებას კომპონენტს ცალკე გამოყოფს და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე საუბრობს. ასევე, განცხადების ავტორი მთავრობის ზომის ზრდას ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორად მიიჩნევს, რაც ნორმატიული მსჯელობის საგანია და შესაბამისად, ფაქტ-მეტრიამ ნაწილის განხილვაში ვერ შევა. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) კერძო მოხმარების (C), სამთავრობო დანახარჯების (G), ინვესტიციების (I) და წმინდა ექსპორტისგან (NX) შედგება. თუმცა მშპ-ს ერთ კომპონენტის ცვლილების გავლენამეორე კომპონენტზე და აღნიშნული გავლენის შეფასება ფაქტ-მეტრისშესაძლებლობის ფარგლებს მიღმაა.

გრაფიკი 1: ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდა (%)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო; საქსტატი; IMF

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობის ზომასა და მის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე სტატიის ფარგლებში ვერ განვიხილავთ, თუმცა, საინტერესოა, აღნიშნული მაჩვენებლების და მათი ცვლილების შესახებ ტენდენციის განხილვა. 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელებმა მშპ-ს29,57% შეადგინა, სადაც მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 23.11%-ია, ხოლო კაპიტალური - 6.46%. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, მთავრობის ზომა - ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ფარდობით მაჩვენებელს - კლების ტენდენცია ახასიათებს, სადაც, უფრო მეტად მიმდინარე ხარჯები იკლებს, ხოლო კაპიტალური იზრდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2018 წელს ზრდის მაჩვენებელმა 4.7% შეადგინა, წინა წელს კი 4.8% იყო. ბოლო ხუთწლიან პერიოდში, მთავრობის ზომა საშუალოდ 30.12% იყო, ხოლო ეკონომიკური ზრდის ყოველწლიური მაჩვენებელი საშუალოდ 4.0%.

გარდა, მთავრობის ზომისა, „სამთავრობო წნეხის“ კონტექსტში საინტერესოა, ვნახოთ საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების ძირითადი წყაროა. თავის მხრივ, საგადასახადო ტვირთი ეკონომიკიდან მთავრობის გადასახადების საშუალებით ამოღებულ რესურსებს ასახავს. შესაბამისად, აღნიშნული მშპ-სთან საგადასახადო შემოსავლების შეფარდებით იზომება, რაც დროით ჭრილში ანალიზის საშუალებას იძლევა.2018 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 10.5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც მშპ-ს 25.58%-ია. ასევე ბოლო წლებში და მომდევნო ხუთი წლის პროგნოზით, საგადასახადო ტვირთი საშუალოდ 25%-იან ნიშნულს იკავებს, რომელსაც გამოკვეთილი ცვლილების ტენდენცია არ ახასიათებს.

გრაფიკი 2: საგადასახადო შემოსავლები (მლნ ლარი; %)

წყარო: სახელმწიფო ხაზინა; საქსტატი

ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების კონსოლიდირებულ მაჩვენებლებს მოიცავს. ხოლო, ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები კი მათ მიერ შრომის ანაზღაურების, საქონლის და მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებია. 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციულმა ხარჯებმა მშპ-ს 7.96% შეადგინა, სადაც შრომის ანაზღაურება 4.10% და საქონელი და მომსახურება 3.86%-ია. მიმდინარე წელს ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები 3 385 000 000 ლარით არის დაგეგმილი, რაც მშპ-ს 7.62%-ია. მათ შორის, შრომის ანაზღაურება 1 785 000 000 ლარი (მშპ-ს 4.02%) და საქონელი და მომსახურება 1 600 000 000 ლარი (მშპ-ს 3.60%). თავის მხრივ, 2017 წლიდან ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები კლების ტენდენციით ხასიათდება, რომელიც შრომის ანაზღაურების ნაწილსაც უკავშირდება.

გრაფიკი 3: ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები (%)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო; საქსტატი

ზემოთ განხილული მაჩვენებლები ნაერთ ბიუჯეტს მოიცავს, რომელიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალური ბიუჯეტების მხარჯავი დაწესებულებების მონაცემებს ასახავს. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლიდან ერთიანი ბიუჯეტის მომზადება დაიწყო, რომელიც სახელმწიფო მმართველობის სექტორს მთლიანად ფარავს. აღნიშნული მონაცემები ცენტრალური და ადგილობრივ დონეზე, როგორც მხარჯავ დაწესებულებებს, ასევე ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას მოიცავს. გარდა ამისა, ერთიანი ბიუჯეტის მაჩვენებლებში არამარტო საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯები, არამედ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მიერ საკუთარი შემოსავლებით დაფარულ ხარჯებსაც ასახავს.

გრაფიკი 4:სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები (%)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო; საქსტატი

2018 წელს ერთიანი ბიუჯეტის ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 3 961 000 000 ლარი შეადგინა, სადაც 2 104 000 000 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია, ხოლო 1 857 000 000 ლარი - საქონელი და მომსახურება. აღნიშნულმა მშპ-ს 9.64% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.59% პუნქტით ნაკლებია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ერთიანი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები 4 158 000 000 ლარით არის დაგეგმილი, რაც მშპ-ს 9.36%-ია. მათ შორის, თითოეული - ერთიანი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების, საქონლის და მომსახურების ფარდობითი მაჩვენებლები ბოლო წლებისა და მომდევნო ოთხი წლის პროგნოზით გამოკვეთილი კლების ტენდენციით ხასიათდება.

2018 წლის იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ამოქმედებამ, საჯარო მოხელეების, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების პოლიტიკა სამართლებრივ სივრცეში მოაქცია, რომელმაც, ასევე, ფულადი ფორმით ანაზღაურების - სარგოს, პრემიის და დანამატის ზედა ზღვარი დააწესა. თანამდებობრივი სარგოს დადგენა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზო ნომინალური სარგოსა და საჯარო დაწესებულებაში პოზიციის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება, ხოლო პრემია-დანამატი წლიური სარგოს მოცულობის არაუმეტეს 30%-ს ფარგლებში შეიძლება გაიცეს, თუმცა სახელმწიფო-პოლიტიკურიდა პოლიტიკური თანამდებოებისპირებს ამ სახის დანამატების მიღება აკრძალული აქვთ. ამდენად, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურების ზრდა შეზღუდულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო მაჩვენებელი იზრდება. თავის მხრივ, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით საბაზო ნომინალური სარგო 1 000 ლარით იყო განსაზღვრული, რაც 2019 წლის ბიუჯეტში არ შეცვლილა და კვლავ იმავე მოცულობით განისაზღვრა. ამდენად, მიმდინარე წელს საჯარო მოხელეების, სახელმწიფო-პოლიტიკურიდა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი