გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მერიის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში გასულ თქვეს მოისმინეს. ის გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს ეხებოდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს 126 ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებაა დაგეგმილი, რომელთა ჯამური ღირებულება 1630000 ლარია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 1321128 ლარის ღირებულების პროექტებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, დარჩენილი თანხის ასათვისებლად კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს გათვალისწინებული სამუშაოები იმავე სახელწოდების მქონე პროგრამის ფარგლებში 2012-2016 წლებში აშენებულ სარიტუალო სახლებშიც მიმდინარეობს, თუმცა განსხვავებული დატვირთვით.

გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის სარიტუალო სახლში, სპორტული დარბაზის მოწყობა და საბავშვო ბაღის განთავსება გადაწყვიტეს. სოფლისთვის გამოყოფილი თანხით აშენებული ერთ-ერთი ობიექტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაასხვისა კიდეც. სარიტუალო სახლებს, რომლებიც 2012-2016 წლებში მოქმედი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა,1 799 489 ლარი მოხმარდა. წელს განახლებულ იმავე პროგრამით გათვალისწინებული თანხის ნაწილი კი ისევ სარიტუალო სახლების ნაწილს ხმარდება, თუმცა ზოგიერთს დანიშნულების შეცვლის მიზნით.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, 2012-2016 წლებში მოქმედებდა. ამ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან 43-ში სარიტუალო სახლების მშენებლობა გადაწყდა. იმ პერიოდშიც და ახლაც ხელისუფლება აცხადებს, რომ სოფლებისთვის გამოყოფილი თანხის გახარჯვის მიმართულებას თავად ადგილობრივები განსაზღვრავენ, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ სოფელში აღნიშნული ობიექტები მოსახლეობის საჭიროებებს სულაც არ პასუხობს.

მაგალითად, წელს როდესაც აღნიშნული პროგრამა 3-წლიანი ინტერვალის შემდეგ განახლდა, სოფლების:ხურვალეთის და ნაწრეტის სარიტუალო სახლებში სპორტული დარბაზების მოწყობა გადაწყვიტეს. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მისთვის ჯამში 27 420 ლარია გათვალისწინებული. სოფელ ყელქცეულში კი ამ ობიექტის ფართი საბავშვო ბაღის მოწყობას დაეთმობა, რისთვისაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხიდან 12332 ლარი დაიხარჯება.

ხოლო, სოფლებში: კირბალში, ქვემო ახალსოფელში, ბროწლეთისა და ერგნეთში თანხები კვლავ სარიტუალო სახლებს მოხმარდება. ამჯერად თანხების დახარჯვა ინვენტარის შეძენასა და შენობის კეთილმოწყობისთვის იგეგმება.

მაგალითად, ერგნეთში 60 330 ლარად აშენებული რიტუალების სახლისთვის მერია კიდევ 23 280 ლარს დახარჯავს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის მარტშიც გამოცხადდა, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 14 368 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა 6 თვის წინ ეს ტენდერი ჩავარდა, მერიამ კი ის ამჯერად ხელახლა, ამჯერად 8 912 ლარით მეტი ღირებულებით გამოაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტში სარიტუალო სახლების თემაზე ფაქტ-მეტრის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ოთხ წელში სარიტუალო სახლის მშენებლობისთვის თანხები 43 სოფლისთვის გამოიყო, თუმცა ამ დროისთვის,შესაბამისი დანიშნულებით,მხოლოდ 25 სარიტუალო სახლი გამოიყენება. აქედან,10 შენობაში სამუშაოები დასასრულებელია,თუმცა მათ სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც იყენებენ. 17 სოფელში მიუხედავად იმისა, რომ თანხა დაიხარჯა, სამუშაოების დაუსრულებლობის გამო,შენობები უფუნქციოა. მათ შორისაა სოფელი ყელქცეული, სადაც 2012-2016 წლებში სარიტუალო სახლის აშენებას74478ლარი მოხმარდა. ამ დარბაზში მალე სოფლის საბავშვო ბაღი განთავსდება და ამისთვის ისევ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან 12332 ლარი დაიხარჯება.

სოფელ ხურვალეთში კი, სადაც სარიტუალო სახლის ასაშენებლად 2015-2016 წლებში 21837ლარი დაიხარჯა, წელს ამ ობიექტის გადაკეთებისთვის, იმავე პროგრამის ფარგლებში 12000 ლარია გამოყოფილი და სპორტული დარბაზი მოეწყობა. სოფელ ნაწრეტშიც სპორტული დარბაზისთვის ამ პროგრამის ფარგლებში 15420 ლარი დაიხარჯება. საერთო ჯამში კი 3 წლის წინ აშენებული სარიტუალო სახლების გადაკეთებას გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში 39752 ლარი მოხმარდება.

სოფელ გარეჯვარში არსებული სარიტუალო სახლი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, გაასხვისა.

11 ოქტომბერს დანიშნულ გორის საკრებულოს სხდომაზე კი ზემო ხვითის სარიტუალო სახლის საკითხის განხილვა იგეგმება. ადგილორბივი წარმომადგენლობითი ორგანო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის სკოლისთვის სარიტუალო სახლის გადაცემის საკითხზე იმსჯელებს. ამ ეტაპზე საკლასო ოთახების სიმცირის გამო სკოლა ორ ცვლაში მუშაობს. რიტუალების სახლში საკლასო ოთახების მოწყობა იგეგმება. თავის დროზე (2012-016) კი ამ შენობისთვის ბიუჯეტიდან 81 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2012-2016 წლებში მოქმედი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხები გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ სრულად ვერ აითვისა. 3 წლის წინ გაუქმებული პროგრამიდან დარჩენილი თანხა, 300 000 ლარი მხოლოდ 2018-ში სოფლების -ფხვენისისდა მეღვრეკისის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად დახარჯა. ამ დროიდან, როგორც აღმოჩნდა,სარიტუალო სახლები პრიორიტეტული უკვე აღარ მიიჩნევა და თანხა სხვა მიმართულებაზე გადაიტანეს.

სარიტუალო სახლების ნაწილი კი რომელთა მშენებლობა თავის დროზე ადგილობრივების მოთხოვნას უკავშირებდნენ, თანდათან ფუნქციას იცვლის. ობიექტები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში (2012-2016 წ.წ) მოსახლეობისთვის სარიტუალო მომსახურებისთვის შენდებოდა და რისთვისაც მილიო-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა, გორის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებს ვერ პასუხობს. მდგომარეობის გამოსასწორებლად კი ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ამჯერად, ახალი ხარჯები გაიღო და მხოლოდ 3 სოფლის სარიტუალო სახლების გადაკეთებისთვის, 40 ათას ლარამდე თანხას ხარჯავს. ამ ფონზე,სარიტუალო სახლები სულ მცირე 15-მდე სოფელში კვლავ უფუნქციოდ და გამოუყენებლად რჩება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი