რეზიუმე: 2018 წელს დოლარში გამოსახული მშპ ერთ სულზე 4 345 დოლარს შეადგენდა, 2019 წლის პროგნოზით 4 260 დოლარს, ხოლო 2020 წლის პროგნოზით 4 410 დოლარი იქნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კლება უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას დოლართან მიმართებით. 2019 წლის მეორე ნახევარში ლარმა გაუფასურების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, რამაც ბუნებრივია, დოლარში გამოსახული მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია. ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს უცხოეთში მოგზაურობასა და იმპორტს. თუმცა მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად დენომინირებულია ლარში. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ხარჯების ზრდას კი საკუთარ თავში ინფლაციის მაჩვენებელი ასახავს. შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დროით ჭრილში ანალიზისათვის მიღებულ და საუკეთესო მაჩვენებელს რეალური მშპ წარმოადგენს, რომელიც ფასების ცვლილების გავლენისგან თავისუფალია და რეალურად შექმნილ ღირებულებას ასახავს.

მოსახლეობის შემოსავლის დინამიკის განხილვისთვის რელევანტურია რეალური [1] მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე. ასევე, როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, შესაძლებელია მოსახლეობის რეალური შემოსავლების დინამიკის განხილვა საერთაშორისო დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, რაც ასევე სწორი მითითებაა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მეტად მიზანშეწონილია სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნებით. როგორც რეალური, ასევე PPP დოლარში გამოსახული მშპ ზრდადი იყო 2013-2018 წლებში, ასევე რეალური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი 2019-2020 წლებში. შესაბამისად, განცხადება ზოგადად რეალური შემოსავლების კლების შესახებ არარელევანტურია.

ანალიზი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძესა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს შორის დისკუსია გაიმართა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა: „ერთ სულ მოსახლეზე ვერ იზრდებით, დოლარში მშპ ერთ სულზე შემცირებულია. რა გინდათ თქვათ, თუნდაც 2013 წელთან შედარებით, იმ ლარებში და დღევანდელ ლარებში ცხოვრება წინ არის წასული?!“, რაზეც გიორგი კაკაურიძის კონტრარგუმენტი იყო: „2018 წლის მშპ გადაანგარიშებულია სხვა კურსით, 2019-ის - სხვა კურსით, 2020-ში გვაქვს ზრდა. დოლარში 2 ტიპის შეფასება ხდება, ერთი ნომინალური გამოხატულება დოლარში, მეორე მსყიდველუნარიანობის კუთხით დოლარში გამოხატული შეფასება, სადაც ჩვენ ყოველწლიურად ზრდა გვაქვს.“

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგრიშებული მშპ-ს მოცულობა კი ქვეყნაში არსებული ცხოვრების დონის ერთ-ერთი ინდიკატორია.

მონაცემები, რომელზეც პოლიტიკოსები კამათობენ წარმოდგენილია საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტში. მშპ ერთ სულზე ლარსა და დოლარში, 2018 წლის ფაქტობრივი მონაცემი და 2019-2020 საპროგნოზო მაჩვენებლები წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე.

გრაფიკი 1: მშპ ერთ სულზე 2018 ფაქტობრივი და 2019-2020 საპროგნოზო მაჩვენებლები (ათასი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით მშპ ერთ სულზე დოლარში იკლებს, ხოლო გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2020 წელს მატება ფიქსირდება. 2018 წელს დოლარში გამოსახული მშპ ერთ სულზე 4,35 ათას დოლარს შეადგენდა, 2019 წლის პროგნოზით 4,26 დოლარს, ხოლო 2020 წლის პროგნოზით 4,41 ათას ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კლება უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას დოლართან მიმართებით. 2019 წლის მეორე ნახევარში ლარმა გაუფასურების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია (იხ: ფაქტ-მეტრის სტატია), რამაც ბუნებრივია, დოლარში გამოსახული მაჩვენებლების შემცირება გამოიწვია.

ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს; ამასთან, აძვირებს უცხოეთში მოგზაურობასა და იმპორტს. მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად დენომინირებულია ლარი.

მოსახლეობის შემოსავლის დინამიკის განხილვისთვის რელევანტურია რეალური[1] მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე, რომელიც კორექტირებულია ფასების დონის ცვლილებაზე (თავის მხრივ, ფასების დონის ცვლილება მოიცავს კურსის ცვლილების გავლენასაც). ასევე, როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, შესაძლებელია მოსახლეობის რეალური შემოსავლების დინამიკის განხილვა საერთაშორისო დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი).

გრაფიკი 2: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთ სულზე) და PPP დოლარის დინამიკა 2013-2018 წლებში

როგორც რეალური, ასევე PPP დოლარში გამოსახული მშპ ზრდადი იყო 2013-2018 წლებში, ასევე რეალური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი 2019-2020 წლებში. შესაბამისად, განცხადებები ზოგადად შემოსავლების კლების შესახებ არარელევანტურია.


[1] [2] რეალურ მაჩვენებლებში გამორიცხულია ინფლაციის, ანუ ფასების მატების ეფექტი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი