რეზიუმე: საქართველოში ანტიდემპინგური პრინციპების კანონმდებლობა არ მოქმედებს. კანონები, რომლებსაც ვლადიმერ კაკაბაძე ანტიდემპინგურ კანონმდებლობაში მოისაზრებს, განსხვავებულ მიზნებს ემსახურება. კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპების შექმნა, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. რაც შეეხება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, აღნიშნული ემსახურება „საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზანს“. არცერთი ხსენებული კანონის მიზნები და მოწესრიგების სფერო, დემპინგის ამკრძალავ რაიმე დანაწესებსა და ანტიდემპინგურ პრინციპებს არ ითვალისწინებს.

ანალიზი

2019 წლის 11 ოქტომბერს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, მოქმედებს თუ არა საქართველოში ანტიდემპინგური პრინციპების კანონმდებლობა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, განაცხადა, რომ საქართველო ანტიდემპინგური კანონმდებლობა აქვს. დეპუტატის მხრიდან ამ საკითხის წამოჭრა უკავშირდება, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ „ფილიპ-მორისი საქმის“ განხილვას. აღნიშნულ საქმეში ვლადიმერ კაკაბაძემ დაადგინა დემპინგის არსებობა და ანტიდემპინგური პრინციპების დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კანონმდებლობა საქართველოს არ გააჩნია.

დემპინგი და ანტიდემპინგური კანონმდებლობა

დემპინგი განიმარტება, როგორც საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც. დემპინგის მიმართ მსოფლიოში ორგვარი დამოკიდებულება არსებობს. ქვეყნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ დემპინგი მათი ბაზრისათვის საშიშია, რადგან იმპორტიორი კომპანიები ჯერ კონკურენტებს იცილებენ, შემდეგ საბაზრო ფასებს ადგენენ და ადგილობრივი ინდუსტრია თამაშის წესებს კარნახობენ. დემპიგისგან დაცვის მიზნით, ქვეყნები ხშირად იყენებენ ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და სხვადასხვა საბაჟო/ საგადასახადო ბარიერებს. დემპინგთან მიმართებაში განსხვავებული მიდგომაც არსებობს, საზოგადეობის ნაწილი დემპინგს დადებით მოვლენად მიიჩნევს, რადგან ის, ერთი მხრივ, მომხმარებელს პროდუქციის დაბალ ფასად შეძენის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ კი ადგილობრივ წარმოებას ფასების გაბერვის და ბაზრის მართვის ბერკეტს ართმევს. პროდუქციის ხელმისაწვდომობა და სიიაფე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღარიბი, განვითარებადი საზოგადოების პირობებში. ამ ეტაპზე საქართველოში დემპინგის ამკრძალავი კანონმდებლობა არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამზადებს ანტიდემპინგურ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.

„ფილიპ მორისის საქმე“

2016 წელს სააქციო საზოგადოებამ „თბილისის თამბაქო“ შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სააქციო საზოგადობა „ფილიპ მორის ეს. ეის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სს „თბილისის თამბაქო“, მოპასუხეებს დემპინგში ადანაშაულებდა და სასამართლო წესით მოითხოვდა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ კაკაბაძემ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მოპასუხეებს 93 მილიონი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით: „სასამართლო განხილვები დაჩქარებულად და შესაძლო პროცედურული დარღვევებით წარიმართა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო დასაბუთების გარეშე. საქმის განხილვის არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარმართვასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული ეჭვები “.

გადაწყვეტილების დასაბუთებისას, მოსამართლემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევაზე მიუთითა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია. აღნიშნული ჩანაწერი კონკრეტული მიზნის მატარებელია და შესაბამისად, ის ფართოდ არ უნდა გავიგოთ. ამავე კანონის პირველ მუხლში ვკითხულობთ, რომ ეს კანონი ემსახურება, „საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზანს“. აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ხსენებული ჩანაწერი თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მომხმარებლის დაცვას ემსახურება და არა მესამე პირების ეკონომიკური ინტერესებს. შესაბამისად, კერძო პირთა შორის დავის გადასაწყვეტად, აღნიშნული კანონის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ამის უფლებამოსილება, მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ „ფილიპ მორისი“ თამბაქოს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასს სხვა მეწარმეებთან (დისტრიბუტორები) ურთიერთობაში იყენებდა. მომხმარებლისათვის კი საცალო გაყიდვების ფასი ყოველთვის თვითღირებულებაზე მაღალი იყო, შესაბამისად, ხსენებული კანონი არ დარღვეულა.

2017 წლის 13 მარტს British American Tobacco-მ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელი შეიტანა. British American Tobacco-ს შეფასებით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას კრძალავს, ასევე მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროს სხვა მეწარმეებზე და სადისტრიბუციო კომპანიაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებით განხილვაში მიიღო, მას სასამართლოს პირველი კოლეგია დღემდე სწავლობს.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ანტიდემპინგური პრინციპების დარღვევის დასაბუთებისას, გადაწყვეტილებაში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზეც მიუთითა. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ემსახურება თავისუფალი და კონკურენტუნარიან ბაზრის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვას. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. მითითებული ნორმის დარღვევისათვის აშკარა უნდა იყოს ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობაშია და ძალაუფლებას არაკონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად იყენებს. ამასთანავე, აუცილებელია ეკონომიკური სუბიექტის ქმედებასა და სხვა სუბიექტებისთვის მიყენებულ ზიანს შორის, პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდეს.

შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე No 2გ/1959-2017), თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ მოთხოვნა და გააუქმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილების დასაბუთებისას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევაზე იმსჯელა. სასამართლომ განმარტა, რომ დომინირებული მდგომარეობა გულისხმობს, ბაზარზე მოქმედი სუბიექტის ისეთ მდგომარეობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს იმოქმედოს კონკურენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად. მას უნდა შეეძლოს, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, პირი დომინირებული მდგომარეობის მქონედ არ ჩაითვლება, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი 40%-ს არ აღემატება. დომინირებული მდგომარეობის არსებობა შესაძლებელია ბაზრის 40%-ზე ნაკლები წილის მქონე სუბიექტთან მიმართებითაც, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრის კრიტერიუმებია: კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობა; ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერები; ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხი; ქსელური ეფექტები და ა.შ. საქმის გარემოებებიდან გამოკვეთა, რომ შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ წილი თამბაქოს ბაზარზე დაახლოებით 15-18 პროცენტს შეადგენდა, შესაბამისად, ის დომინირებული მდგომარეობის მქონედ ვერ ჩაითვლებოდა. სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო, რომელიც შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ დომინირებულ მდგომარეობას დაადასტურებდა. მოსარჩელე სარჩელში და სააპელაციო შესაგებელში, არცერთ საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელ ფაქტორზე არ აპელირებდა.

კონკურენციის კანონის დარღვევისთვის, დომინირებული მდგომარეობის გარდა, აუცილებელია ეკონომიკური სუბიექტის ქმედებასა და სხვა სუბიექტებისთვის მიყენებულ ზიანს შორის, პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება. მტკიცებულება, რომელიც შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ ქმედებასა და სს „თბილისის თამბაქოს“ მიუღებელი შემოსავლის უშუალო კავშირს დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის“.

იმის საილუსტრაციოდ, იყო თუ არა „თბილისის თამბაქოს“ სიგარეტის რეალიზაციის შემცირება „ფილიპ მორის საქართველოს“ სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებული, უნდა დადგინდეს, როდის დაიწყო ერთი კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის შემცირება და როდიდან დაიწყო მეორე კომპანიამ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა.

აუდიტორული კომპანია შპს „ბიდიოს“ დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ „თბილისის თამბაქოს“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან მნიშვნელოვანი შემცირება ჰქონდა რეალიზებული პროდუქციის მოცულობაში, კერძოდ, წინა პერიოდთან შედარებით საშუალო თვიური გაყიდვების მოცულობა შემცირდა 52%-ით. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული შესაძლოა, გამოწვეული იყოს აქციზის გადასახადის გაზრდით. შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ სარეალიზაციო ფასის შემცირება 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. ამდენად, 2013 წლის სექტემბერში ერთი კომპანიის გაყიდვების შემცირება ვერ იქნება დაკავშირებული მეორე კომპანიის ფასების შემცირებასთან, რადგან სადავო პერიოდის დასაწყისიდან - 2013 წლის 1 სექტემბრიდან 9 თვის შემდეგ დაიწყო „ფილიპ მორის საქართველომ“ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, იმ ფაქტის ცალსახად დადგენა, რომ სს „თბილისის თამბაქოს“ რეალიზაციის მოცულობის კლება აღნიშნულ პერიოდში სწორედ, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ სარეალიზაციო ფასების შემცირებამ გამოიწვია, შეუძლებელია. კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, „ფილიპ მორისი საქართველოს“ მხრიდან კონკურენციის კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ დასკვნის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, მალევე კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული ბრძანება, ბუნდოვანი მიზეზების გამო, საერთოდ გააუქმა.

შეჯამების სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ანტიდემპინგური პრინციპების კანონმდებლობა არ მოქმედებს. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპების შექმნა, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. რაც შეეხება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, აღნიშნული ემსახურება „საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზანს“. არცერთი ხსენებული კანონების მიზნები და მოწესრიგება, დემპინგის ამკრძალავ რაიმე დანაწესებსა, თუ ანტდემპინგურ პრინციპებს არ ითვალისწინებს.

საყურადღებოა ისიც, რომ იგივე პერიოდში „ომეგა“ ჯგუფმა „British American Tobacco-ს“ წინაღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ზემოთ ხსენებული საქმის მსგავსად, ეს საქმეც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილა და „British American Tobacco-ს“ დემპინგური ფასდების გამო, 270-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ნიშანდობლივია, რომ ორივე გადაწყვეტილებაში მოსამართლემ მსგავსი დასაბუთება გამოიყენა და გადაწყვეტილებებს საფუძვლად არასწორად განმარტებული ნორმები დაუდო.

2018 წლის 26 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ომეგა ჯგუფის” გარშემო გავრცელებულს ფარულ ჩანაწერებსა და ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებებს შორის საეჭვო კავშირები იკვეთება. სტატიის მიხედვით, მოცემულ საქმეებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ, როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვლადიმერ კაკაბაძე 2019 წლის ივლისს დაწინაურდა და დანიშნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ (უვადოდ). ამჟამად კაკაბაძე არის იმ კანდიდატებს შორის, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინეს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ვლადიმერ კაკაბაძის კანდიდატურის კენჭისყრას უახლოს მომავალში გეგმავს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი