რეზიუმე: საქართველოს მთავრობამ კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2016 წლის მიწურულს დაიწყო. 2018 წელს დიმიტრი ქუმსიშვილმა 6 სამიზნე ქვეყანაში ატაშეთა შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რაც 6 თვის პერიოდით განისაზღვრა.

თავდაპირველად აღნიშნული ინსტიტუტის ჩამოყალიბება სს(ი)პ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა შემდგომ კანდიდატთა შერჩევა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რაც დღემდე არ დასრულებულა და საქართველოს არცერთ ქვეყანაში არ წარუდგენია კომერციული ატაშე. შესაბამისად, გიორგი ქობულიას განცხადება, კომერციული ატაშეების შესახებ, არის სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ბევრი საუბრის მიუხედავად, კომერციული ატაშეს ინსტიტუტი დღემდე არ არის ჩამოყალიბებული და ქვეყანამ ვერ მოახერხა 6 კომერციული ატაშეს სამიზნე ქვეყნებში გადანაწილება.

საქართველოს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, კომერციული ატაშე არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული პირი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური (კომერციული) ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს.

საქართველოს მთავრობამ კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, რომლის მიხედვითაც, კომერციულ ატაშეებს შემდეგი მოვალეობები უნდა დაკისრებოდა: პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება ქვეყნების მიხედვით, შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობა და ახალი ინვესტორების მოზიდვა. გარდა ამისა, კომერციული ატაშეს ხელი უნდა შეეწყო ქართველი ექსპორტიორების შესაბამის ბაზარზე შესვლისა და კონტრაქტების მოპოვებისთვის. 2016 წლის 30 დეკემბერს, იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგო, შენახვის ხარჯები და სხვა პროფესიული დეტალები (სამსახურის გავლა, გამოწვევა, მისი და მისი ოჯახის დაზღვევა, სოციალური დაცვის წესები და გარანტიები). აღნიშნული ინსტიტუტის დაარსებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში, როდესაც იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში 6 სახელმწიფოში ატაშეების დანიშვნა დააანონსა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის მარტში, ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, უკვე ოფიციალურად განაცხადა 6 ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კომერციული ატაშეების შერჩევის დაწყება.

როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გამოიკვლია, თავდაპირველად კომერციული ატაშეების დანიშვნა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იგეგმებოდა, სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში სატელეფონო საუბარისას დაგვიდასტურეს, რომ 2017 წელს ხსენებულ ორგანიზაციას გათვალისწინებული ჰქონდა კომერციული ატაშეებისთვის გამოყოფილი თანხა - ოთხი მილიონი ლარი, რომელიც არ დაიხარჯა, ხოლო მომდევნო წლებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტისთვის თანხა არ გამოყოფილა. ეკონომიკის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტში კი „ფაქტ-მეტრს“ დაუდასტურეს, რომ 2018 წელს გამოცხადდა კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი, რომელის წარმართვაც შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რაც დღემდე არ დასრულებულა.

აღნიშნულ ვაკანსიებზე ჯამში 116 განცხადება შევიდა, აქედან ჩინეთში კომერციული ატაშეს პოზიციაზე - 16, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 25, დიდ ბრიტანეთში - 20, თურქეთის რესპუბლიკაში - 25, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - 12, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 28.

კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი Hr.gov.ge-ზე

წყარო: https://www.hr.gov.ge

თუმცა საყურადღებოა, რომ შესაბამისი პირი არცერთ გამოცხადებულ თანამდებობაზე არ დანიშნულა, აღნიშნული ინფორმაცია არ იძებნება არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური მისიების ვებგვერდებზე [1], ასევე არ იძებნება აღნიშნული თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია declaration.gov.ge-ზე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი