ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 560.7 მლნ ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს გაუვიდა ვადა. მათ შორისაა უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტი - ჰარვონი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ვადაგასული მედიკამენტები საშუალოდ შემდეგი რაოდენობის პაციენტების სამკურნალოდ იქნებოდა საკმარისი:

დასახელება

პაციენტების საშუალო რაოდენობა

ინტერფერონი

85

რიბავირინი

9

ზეპატიერი 27

27

სოვალდი 167

167

ჰარვონი 2,033

2,033

სოციალური მომსახურების სააგენტომ მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მიმართვიანობის მკვეთრი შემცირება დაასახელა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) C ჰეპატიტის ძირითადი სამკურნალო პრეპარატი სოფოსბუვირი (სოვალდი) იყო, რომელიც სხვა მედიკამენტებთან კომბინაციით ინიშნებოდა. 2016 წელს კი სოვალდი ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით ჩანაცვლდა. აქედან გამომდინარე, სამკურნალო რეჟიმები შეიცვალა და შესაბამისად, საწყის ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება მკვეთრად შემცირდა.

C ჰეპატიტის პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა. 2019 წლის ივნისის მონაცემებით:

  • 27.5 ათასზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე „დადებითი“ აღმოჩნდა, მაგრამ შემდგომი კვლევა, რისი საშუალებითაც დგინდება აქვს თუ არა პირს აქტიური C ჰეპატიტი, არ ჩაუტარებია;
  • იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიური C ჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და მკურნალობისთვის არ მიუმართავს, 16 ათასს აჭარბებს;
  • დასახული მიზნის - C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად, პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო უახლოესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ იღებს. დამხმარე პრეპარატების (ინტერფერონი და რიბავირინი) შეძენას კი სახელმწიფო თავად ახორციელებს.

C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე მთელი რიგი ბარიერები არსებობდა, რაც პროგრამაში მოსახლეობის ჩართვას აფერხებდა. მაგ: გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა (საწყის ეტაპზე პროგრამის მომსახურების მიღება საქართველოს ყველა რეგიონში არ იყო შესაძლებელი); ასევე ფინანსური ბარიერი - პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები პირველ ეტაპზე არ ფინანსდებოდა; მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე გავრცელებული დეზინფორმაცია. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თუმცა საკმაოდ დაგვიანებით. კერძოდ: ფინანსური ბარიერი პროგრამის ამოქმედებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოიხსნა და 2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო სამედიცინო კვლევები უფასო გახდა. რაც შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაზრდას, ამ მიმართულებითაც სამინისტრომ მუშაობა მხოლოდ 2018 წელს დაიწყო.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სამიზნე მაჩვენებელი გულისხმობს, 2020 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოსტირებას, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობაში ჩართვას და ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას. არსებული რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%-ია დიაგნოსტირებული, პროგრამაში კი მხოლოდ 45%-ია ჩართული. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დასახული მიზანი 2020 წლისთვის ვერ მიიღწევა და ამისთვის დამატებით, 2-3 წელი იქნება საჭირო.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის მისი არასწორი მენეჯმენტი. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ათასობით ინფიცირებული პაციენტია იდენტიფიცირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე მათი პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა. პარალელურად კი ნახევარი მილიარდი ლარის უახლოესი თაობის მედიკამენტებს გაუვიდა ვადა. ამ ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და პროგრამის მიღწევებზე აპელირებენ. 560.7 მლნ ლარის მედიკამენტის ჩამოწერაზე პასუხისმგებლობას კი მოსახლეობას აკისრებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ნებისმიერი მედიკამენტი არის იმისთვის, რომ მივიდეს ბენეფიციარამდე. ჩვენ დიდი ყურადღებით ვმუშაობთ, რომ მარაგების მართვა დაიგეგმოს ზუსტი პროგნოზით, თუმცა ასეთი გადაცდენები ხდება“. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ კი კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, „ეს პროგრამა არ არის მედიკამენტების გასაღების პროგრამა, ეს არის C ჰეპატიტის განკურნების პროგრამა“.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, ამ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩაერთონ, მათთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს“. მისივე განცხადებით, ვადაგასული მედიკამენტების ღირებულება არ არის ნახევარი მილიარდი ლარი.

დღევანდელი საბაზრო ფასით აღნიშნული მედიკამენტების ღირებულება შესაძლოა მართლაც შემცირებულია. მაგრამ აუდიტის დასკვნის თანახმად, ფაქტია, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს “სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების” ანგარიშზე, 560,645,083 ლარის, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, 121,285 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი აქვს აღრიცხული.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უახლესი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომელთა საშუალებითაც C ჰეპატიტისგან მინიმუმ 2 000-ზე მეტი ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი, ვადა გაუვიდა. იმ პირთა რაოდენობა კი, რომელთაც აქტიური C ჰეპატიტი დაუდგინდათ, 16 000-ზე მეტია და ისინი მკურნალობაში დღემდე არ არიან ჩართულნი. ეს ყოველივე კი პროგრამის მართვის ხარვეზებზე აშკარად მიუთითებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი