21 იანვარს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. სხდომაზე, როგორც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ასევე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N2, N8, N14 და N15 დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მომზადდა, რომლის მიხედვითაც, დაწესებულებებში ძალადობისგან თავისუფალი გარემო არ არის და ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

ანგარიშის განხილვისას სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბებსა და გამოვლინებებზე ისაუბრა. ასევე, ჯანდაცვის მდგომარეობაზე, გადატვირთულობაზე, პერსონალის ნაკლებობასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

სახალხო დამცველის კრიტიკას თეა წულუკიანმა უპასუხა და ვიდეოკადრები წარადგინა. ერთ-ერთ ვიდეოში, მინისტრის თქმით, ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგის დროს პატიმარს ყავას ადუღებინებს, მის შოკოლადს მიირთმევს, მისსავე სიგარეტს ეწევა და საკანში პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით სარგებლობს. „ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით. რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია. ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამცთუ ციხეში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაკავშირებით. ვიდეოკადრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის „Facebook-გვერდზეც” განთავსდა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ მისი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. „ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის კრიტიკის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს შეშფოთება. მათი განცხადებით, აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

კანონმდებლობა

2009 წელს „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს ასრულებს. აღნიშნული „სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის“ 3​1 მუხლით არის გაწერილი.

კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-20 მუხლში ის უფლებებია მოცემული, რითიც ოქმის ხელმომწერმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, პრევენციის ეროვნული მექანიზმები უნდა აღჭურვონ. აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კონფიდენციალურობის საკითხს ეხება, რომლის მიხედვითაც, „პრევენციის ეროვნულ მექანიზმი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება“. გარდა ამისა, კონფიდენციალურობის გარანტია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტშიც არის მოცემული, რომლის მიხდვითაც, საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან, კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“.

პატიმრის კამერაში სახალხო დამცველის ვიზიტის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა: „როდესაც კამერაში, ან დერეფანში, ან სხვა სივრცეში არის ვიდეოთვალი და ეს არის კანონით ჩვენთვის მოცემული უფლება, მომავალშიც თანამშრომელზე თავდასხმის, სახალხო დამცველის წარმომადგენლის არაეთიკური ქცევის ყველა ვიდეო იქნება დაარქივებული და შენახული“.

ზოგადად, იუსტიციის მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით ვიდეოთვალთვალისთვის განსხვავებულ პროცედურებს ადგენს. პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, პატიმრის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა განახორციელოს. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. მეთვალყურეობის დაწყების ზოგადი საფუძლველი შეიძლება იყოს თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, პატიმრის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან აცილება. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღება, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს. ზემოხსენებულისგან განსხვავებული წესი მოქმედებს იმ პირთა მიმართ (მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები), რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ. აღნიშნული გულისხმობს, რომ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და ხსენებულ პირებთან შეხვედრას ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში დააკვირდეს, მაგრამ მოსმენის გარეშე.

მიუხედავად პატიმრობის კოდექსში არსებული ჩანაწერებისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ აღნიშნული კოდექსი წარმოადგენს საქართველოს კანონს, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები ორგანული კანონით განისაზღვრება. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, იერარქიულად საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს კანონზე მაღლა დგას და უპირატესი იურიდიული ძალა აქვს, შესაბამისად, ამ ორი აქტის მუხლებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ კანონს ენიჭება. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების პატიმრებთან ვიზიტის ვიდეოგადაღება, უკანონოა.

მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების ხანგრძლივად შენახვის კანონიერების საკითხიც. ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება ადგენს. ბრძანების მიხედვით, გადაღებული მასალის დაარქივება ამავე ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში/გარემოებებში შესაბამისი საქმის წარმოების/სამართალწარმოების ჩატარების მიზნით ხორციელდება, აგრეთვე სხვა შემთხვევებშიც, კერძოდ: დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. იუსტიციის მინისტრის მიერ გასაჯაროებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2019 წლის 19 აპრილით თარიღდება, რაიმე სახის სამართალდარღვევა არ იკვეთება, რაც მისი ხანგრძლივი დროით დაარქივების საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, გაუგებარია, სამინისტროს აღნიშნული ვიდეომასალა რა მიზნით ჰქონდა დაარქივებული.

ასევე გაუგებარია, იუსტიციის მინისტრმა დაახლოებით 10 თვით შენახული ვიდეომასალა რის საფუძველზე გაასაჯაროვა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელს პატიმართან ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ გასაუბრების სურვილი რომც ჰქონოდა, მასალის გამოქვეყნება, სადაც აღნიშნული პირი დაუფარავად ჩანს, კონფიდენციალურობის პრინციპს ეწინააღმდეგება და, სავარაუდოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს.

თიკა მამადაშვილი

გიორგი ჯანაშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი