ანალიტიკური კვლევითი კომპანია “The Economist Intelligence Unit” მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. დემოკრატიის ინდექსის დადგენაში 60 ინდიკატორი გამოიყენება, რომლებიც ანგარიშში 5 ფართო კატეგორიის სახითაა წარმოდგენილი: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. კვლევა, რომელიც 2006 წლის შემდეგ ტარდება, 165 ქვეყანასა და 2 ტერიტორიას მოიცავს და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ანალიზზე დაყრდნობით მათ 4 ჯგუფად ჰყოფს: სრული დემოკრატიები, არასრული დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები. საქართველო დემოკრატიის ინდექსის 2019 წლის ანგარიშშიც ჰიბრიდული რეჟიმების მქონე სახელმწიფოთა რიცხვში მოხვდა.

კვლევის მიხედვით, საქართველო დემოკრატიის ხარისხით მსოფლიოს 167 პოლიტიკურ ერთეულს შორის, ჰონდურასთან ერთად, 89-ე ადგილზეა. მართალია, საქართველო 2018 წელსაც იმავე პოზიციაზე იყო, თუმცა 2019 წლის მონაცემებით, შესაძლებელი 10 ქულიდან მას 5.42 ქულა აქვს, რაც 2018 წლის შედეგებს 0.08 ქულით ჩამოუვარდება.

საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის თვალსაზრისით, საქართველოს მაჩვენებელი კვლავ 7.83 ქულაა, მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტმა კლება განიცადა და 3.57-დან 3.21 ქულამდე ჩამოქვეითდა, პოლიტიკური ჩართულობის მხრივ, ქვეყანას 6.11, პოლიტიკური კულტურის მხრივ - 4.38, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების მხრივ - 5.59 ქულა მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის დონე საქართველოში კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ყველაზე დიდი ვარდნა 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც დემოკრატიის ინდექსი 5.93-დან 5.50 ქულამდე შემცირდა. შესაბამისად, ქვეყანამ 79-ე ადგილიდან 89-ზე გადმოინაცვლა. დემოკრატიის ინდექსში 2019 წლის უარყოფითი ცვლილების შემდეგ კი საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ის მსოფლიოში დემოკრატიის საშუალო დონესაც (5.44) ჩამოუვარდება.

კვლევაში თვალშისაცემია, რომ საქართველოს გაუსწრო სომხეთმა (5.54), რომელმაც 2019 წელს მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 86-ე ადგილით რეგიონის ლიდერის სტატუსი საქართველოს ჩამოართვა. თავის მხრივ, საქართველო ჩამორჩება მოლდოვასა (5.75) და უკრაინას (5.90), ხოლო, ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის, საქართველოზე უკეთეს პოზიციებზე დგანან ლიბერია (5.45), მალავი (5.50), მადაგასკარი (5.64) და სენეგალი (5.81) სუბსაჰარული აფრიკიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური რეგიონიდან.

ცხრილი 1: საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით 2018-2019 წლებში. (შეფასება ხდება 10-ქულიან შკალაზე, სადაც 0 შეესაბამება ავტორიტარიზმს, ხოლო 10 - სრულ დემოკრატიას)

2018

2019

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი

7.83

7.83

მთავრობის ფუნქციონირება

3.57

3.21

პოლიტიკური ჩართულობა

6.11

6.11

პოლიტიკური კულტურა

4.38

4.38

სამოქალაქო თავისუფლება

5.59

5.59

საბოლოო შედეგი

5.50

5.42

დემოკრატიის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სიის სათავეში და ბოლოს მყოფ ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. პირველ ადგილზე კვლავ ნორვეგია (9.87) აღმოჩნდა, ხოლო ბოლოზე - ჩრდილოეთ კორეა (1.08). მიუხედავად ამისა, დემოკრატიის დონე მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა და ის 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (5.44), რაც მეტწილად ლათინური ამერიკისა და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განხორციელებული მოვლენებით არის განპირობებული. პოზიტიური დინამიკა დასავლეთ ევროპაში გამოიკვეთა, სადაც სრული დემოკრატიის კატეგორიაში საფრანგეთმა და პორტუგალიამ გადაინაცვლა, თუმცა მალტა, რომელიც სრულ დემოკრატიად მიიჩნეოდა, ჩამოქვეითდა და ახლა ის არასრულ დემოკრატიად განიხილება.

რაც შეეხება იმ რეგიონს, რომელსაც კვლევაში საქართველოს მიაკუთვნებენ, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ყველაზე მაღალი დონე ესტონეთში (7.90) დაფიქსირდა, თუმცა ის არასრული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებს შორის რჩება, ხოლო სიას თურქმენეთი (1.72) ასრულებს, სადაც, კვლევის თანახმად, ავტორიტარული რეჟიმი ნარჩუნდება. ასევე, რეიტინგში კლება განიცადა პოლონეთმა (6.62) და კვლევის ისტორიაში უნგრეთზე (6.63) ცუდი შედეგი პირველად აჩვენა.

გრაფიკი: 1. საქართველოს შეფასების ცვლილება წლების მიხედვით

აქვე, საინტერესოა, ის ფაქტი, რომ დემოკრატიის ინდექსში საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შემდეგ დაფიქსირდა და მან 2013 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 5.95 ქულა შეადგინა, თუმცა შემდგომი წლების განმავლობაში ამ კუთხით რყევები შეინიშნებოდა, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს შეფასება დემოკრატიის ინდექსში უარესდება. შესაბამისად, 2019 წელს საქართველო 5.42 ქულით კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმს წარმოადგენს და ჰიბრიდულ რეჟიმსა და არასრულ დემოკრატიას შორის არსებული 6-ქულიანი ბარიერი გადაულახავი რჩება.

ფოტო: პარტია „ქართული ოცნება"

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი