საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას, 2019 წლის საქმიანობა შეაფასა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების „შესრულების ტემპში დიდი პროგრესი“ აქვთ და დინამიკა სრულიად შეცვლილია.

მაია ცქიტიშვილმა შეჩერებული ან უსასრულოდ გაჭიანურებული პროექტები არ ახსენა. მათ შორის, არც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომლის მშენებლობას ხელისუფლება არაერთხელ, ყველა არჩევნების წინ, აანონსებდა. 2017 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი მინისტრი ზურაბ ალავიძე დაგვპირდა, რომ 100 მლნ ლარის ღირებულების პროექტი ორ წელიწადში ანუ 2019 წელს დასრულდებოდა. იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გაავრცელა. პროექტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო. დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი მონაკვეთიდან, პირველ ეტაპზე, 29 კილომეტრი აშენდებოდა და სამუშაოებს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებდა. 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1,5 საათით შემცირდებოდა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის იანვარში მოეწერა და 8 მლნ ქუვეითური დინარი სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა. ამ თანხის ნაწილი, კერძოდ, 24 მლნ ლარი უწყებას 2017 წელს უნდა აეთვისებინა, თუმცა ასე არ მოხდა. 2017 წლის სექტემბერში, როცა ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობდით, უწყებიდან მიღებული ინფორმაცის თანახმად, დახარჯული იყო დაახლოებით 600 000 ლარამდე - მიწის შესყიდვასა და განსახლების გეგმის განახლებისთვის, ასევე, საკონსულტაციო მომსახურებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მიზნით. იმ ეტაპზე ტენდერი ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. მასში კომპანია „ტოდინმა“ გაიმარჯვა. ეს ის კომპანიაა, რომელიც, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე არსებული არგვეთის სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენისთვის, დეპარტამენტმა აღნიშნულ ტენდერამდე რამდენიმე თვით ადრე, მკაცრად გააფრთხილა. მიუხედავად ამისა, კომპანიასთან კონტრაქტი მაინც გაფორმდა. ინფორმაციისთვის, საგზაო დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-ს შორის დავა რომ უკვე მიმდინარეობს, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრის" მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

2019 წლის აპრილში დეპარტამენტმა საზოგადოებას აუწყა, რომ ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ტექნიკამ რამდენიმე დღე მართლაც იმუშავა და შემდეგ გაჩერდა. მოუწესრიგებელმა და კიდევ უფრო დაზიანებულმა გზამ ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა. მაგალითად, წელს, 13 იანვარს, კურორტ „გოდერძზე“ მიმავალი ტურისტები თოვლში ჩარჩნენ და დანიშნულების ადგილამდე მაშველებმა გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები შეჩერებულია. დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს, თუმცა, უკვე მერამდენედ, სამუშაოების დაწყება გაურკვეველი დროით გადაიდო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე უწყებისგან ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. დეპარტამენტი ადასტურებს, რომ პროექტის განხორციელების ტემპი ძალიან დაბალია, მაგრამ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების გასაჯაროებაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად ხელშეკრულებაში გაწერილ მოთხოვნებს ასახელებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი