რეზიუმე: 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებლის წარმატების შესაფასებლად, აბსოლუტურ მაჩვენებელთან ერთად, მნიშვნელოვანია ფარდობითი მაჩვენებლის, კერძოდ კი ექსპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა. სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკის მოცულობა განსხვავებულია და შესაბამისად, განსხვავებულია წარმატების ობიექტური კრიტერიუმებიც. ექსპორტის მოცულობამ 2019 წელს დაახლოებით 3.77 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 21.7%-ს შეადგენდა. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის მინისტრის განცხადების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

მეორეს მხრივ, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ექსპორტი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება: GDP = C + G + I + NX. ამ ფორმულაში, C წარმოადგენს მოხმარებას, G - სახელმწიფო შესყიდვებს, I - ინვესტიციებს და NX - წმინდა ექსპორტს (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი). საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და მშპ-ს შორის კავშირის სრული სურათის დასანახად, მნიშვნელოვანია წმინდა ექსპორტის მაჩვენებლის ანალიზი. კერძოდ: ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო დეფიციტის დინამიკის ერთობლივი განხილვა. 2019 წელს, 2015 წლის შემდეგ, იმპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი, 2016 წლის შემდეგ, ყველაზე ნაკლებად გაიზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო მოთხოვნისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ეკონომიკურ ზრდაში განსაზღვრული წვლილი ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, გამოკვეთილ ფაქტორად იმპორტის კლება გვევლინება, რამაც წმინდა ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია.

ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია აგრეთვე ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრა, რომელსაც ადგილობრივი საქონლის ექსპორტთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური ეფექტი აქვს. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებელის ზრდა რეექსპორტის გარეშე შედარებით უმნიშვნელოა და 126 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ თვალსაზრისით, გასული წლები მეტად წარმატებული იყო, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებლის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მეტად ეფექტიანი.

თავის მხრივ, მინისტრის მხრიდან 5.2%-იანი ზრდის „მაღალ ზრდად“ მიჩნევა, საკამათო საკითხია და რეალობას ნაკლებად შეესაბამება. თუმცა განცხადების აღნიშნული ნაწილი შეფასებითი კატეგორიაა და მას ანალიზში ვერდიქტზე გავლენის მქონე ფაქტორად არ განვიხილავთ. ამავდროულად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, საქართველოსთვის როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, ზრდის არსებული ტემპი ცალსახად არადამაკმაყოფილებელია და მნიშვნელოვან მიღწევას ნაკლებად წარმოადგენს.

ანალიზი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა: „ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - 3 771.5 მლნ. დოლარს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა“.

აღნიშნულ კონტექსტში, ექსპორტის აბსოლუტურ მაჩვენებელთან ერთად, მნიშვნელოვანია ფარდობითი მაჩვენებლის, კერძოდ კი ექსპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა. სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკის მოცულობა განსხვავებულია და შესაბამისად, განსხვავებულია წარმატების ობიექტური კრიტერიუმებიც.

გრაფიკი 1: ექსპორტის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლების დინამიკა 2010-2019 წლებში, (მლნ. აშშ დოლარი, მშპ-ს %)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის მოცულობამ 2019 წელს დაახლოებით 3.77 მლდ აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 21.7%-ს შეადგენდა. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება სამართლიანია. თუმცა მნიშვნელოვანია განცხადების ნაწილი, სადაც პოლიტიკოსი აღნიშნავს რომ „ექსპორტი არის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა“. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება: GDP = C + G + I + NX. ამ ფორმულაში, C წარმოადგენს მოხმარებას, G - სახელმწიფო შესყიდვებს, I - ინვესტიციებს და NX - წმინდა ექსპორტს (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი). საგარეო ვაჭრობის დინამიკასა და მშპ-ს შორის კავშირის სრული სურათის დასანახად, მნიშვნელოვანია წმინდა ექსპორტის მაჩვენებლის ანალიზი. კერძოდ: ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო დეფიციტის დინამიკის ერთობლივი განხილვა.

ცხრილი 1: წმინდა ექსპორტის სტრუქტურა 2010-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

ექსპორტი

1 677

2 186

2 377

2 910

2 861

2 204

2 113

2 736

3 356

3 772

იმპორტი

5 236

7 072

8 056

8 023

8 602

7 300

7 294

7 943

9 137

9 063

სავაჭრო დეფიციტი

-3 559

-4 886

-5 680

-5 112

-5 741

-5 096

-5 181

-5 207

-5 781

-5 292

ექსპორტის % ცვლილება

48.0%

30.4%

8.7%

22.5%

-1.7%

-23.0%

-4.1%

29.5%

22.7%

12.4%

იმპორტის % ცვლილება

17.0%

35.1%

13.9%

-0.4%

7.2%

-15.1%

-0.1%

8.9%

15.0%

-0.8%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წელს, 2015 წლის შემდეგ, იმპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებად გაიზარდა 2016 წლის შემდეგ, როდესაც 4.1% კლება დაფიქსირდა. მეორეს მხრივ, 2016-2019 წლებში, ექსპორტის მაჩვენებელი ასევე რეკორდულ ნიშნებს აღწევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საგარეო მოთხოვნისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ეკონომიკურ ზრდაში თავისი წვლილი ჰქონოდა, მაგრამ ამავდროულად, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, გამოკვეთილ ფაქტორად იმპორტის კლება გვევლინება, რამაც წმინდა ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია.

ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, აგრეთვე ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრაა მნიშვნელოვანი. სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა სხვა მუხლებშიც აისახება, იზრდება დასაქმება და გენერირდება შემოსავლები. რეექსპორტს ნაკლები გავლენა აქვს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე, რაც ექსპორტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია. რეექსპორტი თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს და მისი ზრდა პოზიტიურ ცვლილებად ითვლება, მაგრამ ჯამური სარგებელი რეექსპორტიდან, ბუნებრივია, ექსპორტთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, თავისთავად რეექსპორტის ზრდა მისასალმებელია, თუმცა მისი მაღალი წილი ექსპორტის სტრუქტურაში არასასურველია.

გრაფიკი 2: ექსპორტისა და რეექსპორტის დინამიკა 2014-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წელს ექსპორტის მაჩვენებელის ზრდა რეექსპორტის გარეშე შედარებით უმნიშვნელოა და 126 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ თვალსაზრისით, გასული წლები მეტად წარმატებული იყო, შესაბამისად ექსპორტის წილი ეკონომიკურ ზრდაში მეტად ეფექტიანი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი