რეზიუმე: 2018 წლის მონაცემებით, შინამეურნეობის/ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი სოფელში შეადგენდა 880 ლარს, ხოლო ქალაქში 1087 ლარს. შესაბამისად, მტკიცება, რომ სოფელში შემოსავლები ნაკლებია ვიდრე ქალაქში, სწორია, თუმცა სხვაობა (19%) არაა იმ მასშტაბის, რაც განცხადების პათოსიდან ერთი შეხედვით იკითხება.

უშუალოდ პოლიტიკოსის მიერ დასახელებული თანხა (57 ლარი) შეესაბამება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ საშუალო თვიურ შემოსავალს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით (ქალაქსა და სოფელში გასაშუალოებულად). მოცემულ მაჩვენებელზე დაყრდნობით მსჯელობა სოფლად მცხოვრები ოჯახის მიერ გამომუშავებულ სახსრებზე აბსურდულია.

ერთი მხრივ, ქალაქში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები მიზერულია (7 ლარი), რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 57 ლარამდე ამცირებს და მისი წარმოჩენა სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლებად მანიპულაციას წარმოადგენს. უშუალოდ სოფლად მცხოვრები ოჯახის საშუალო შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან 133 ლარს შეადგენს [1], რაც თავისთავად საკმაოდ მცირე მაჩვენებელია, მაგრამ პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ მონაცემს 2.3-ჯერ აღემატება.

მეორე მხრივ, სოფლად მცხოვრები ოჯახის შემოსავლები მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით არ ყალიბდება და პოლიტიკოსი მოცემულ ნაწილშიც მანიპულირებს. სოფლად მცხოვრები ოჯახები ასევე იღებენ შემოსავლებს დაქირავებული შრომიდან (242.4 ლარი), თვითდასაქმებიდან (69.1 ლარი), ქონებიდან [2] (3.1 ლარი). საერთო ჯამში სოფლად მცხოვრები ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავალი/გამომუშავება [3] 448 ლარია, დამატებით არაფულადი შემოსავლები კი 143 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სოფლად მცხოვრები ოჯახის ჯამური გამომუშავებული სახსრები 591 ლარის ექვივალენტურია, რაც პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ მაჩვენებელზე 10-ჯერ მაღალია.

გიორგი ვაშაძემ ჩვენთან საუბარში დააზუსტა, რომ განცხადებით სურდა, ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის დარგში დაბალი გამომუშავების მაჩვენებლისთვის, რაც სოფლის მოსახლეობის სიღარიბეში აისახება. „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს მოცემული დაზუსტების პათოსს, თუმცა მიიჩნევს, რომ გაკეთებული განცხადება (რაც მოისმინა საზოგადოებამ) და მასში მოყვანილი მტკიცება მოცემული დაზუსტების შინაარსს არსებითად არის აცდენილი.

ანალიზი

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა: „სოფელში საერთოდ აღარ იცხოვრება, 57 ლარია ოჯახის გამომუშავება"

„ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსს განცხადების დასაზუსტებლად დაუკავშირდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ დასახელებული მაჩვენებელი (57 ლარი), 2018 წლის მონაცემებით შეესაბამება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ საშუალო თვიურ შემოსავალს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით (როგორც ქალაქში, ისე სოფლად). მისივე დაზუსტებით, განცხადების კონტექსტი ხაზს უვამდა დაბალი გამომუშავების მაჩვენებელს სოფლის მეურნეობის დარგში, რაც სოფლის მოსახლეობის სიღარიბეში აისახება.

შინამეურნეობის შემოსავლებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იკვლევს. აღნიშნულ ანალიზში, რელევანტურია მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილების განხილვა სოფლის ჭრილში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 57 ლარი შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალს შეადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, ქალაქებში სოფლის მეურნეობით ნაკლები ადამიანია დასაქმებული და დარგიდან მიღებული საშუალო შემოსავალი მხოლოდ 7 ლარს შეადგენს, როდესაც სოფელში აღნიშნული მაჩვენებელი 133 ლარია.

ცხრილი 1: საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება ერთ შინამეურნეობაზე(ოჯახზე) მთლიანად ქვეყნის, სოფლისა და ქალაქის ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე, მნიშვნელოვანია რომ განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სოფელში თვეში ოჯახის მთლიანი გამომუშავება შეადგენს 57 ლარს. ბუნებრივია, სოფლის მეურნეობა შემოსავლების ერთადერთ წყაროს არ წარმოადგენ. საქსტატის მიხედვით, 2018 წელს შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი სოფელში შეადგენდა 880 ლარს, ხოლო ქალაქში 1087 ლარს. უშუალოდ შინამეურნეობების საშუალო შემოსავლები სოფლად დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან და ქონებიდან ჯამურად 448 ლარს შეადგენს, ხოლო დამატებით, არაფულადი შემოსავლები 143 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკოსის განცხადება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს არსებითად აცდენილია, განცხადების კონტექსტი, რომ ცხოვრების დონე/შემოსავლები სოფლად დაბალია, რეალობას შეესაბამება.


[1] ამ მონაცემის დასახელება სწორი იქნებოდა სოფლად არსებული მდგომარეობის აღსაწერად, თუ მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს ვიგულისხმებდით და არა ჯამურს.

[2] ქონების გაქირავება, პროცენტი ანაბრიდან.

[3] დახმარებების, პენსიების, საჩუქრებისა და გზავნილების გარეშე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი