კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 121 ათასს გადააჭარბა. ვირუსი 118 ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორისაა საქართველო, სადაც 24 დადასტურებული შემთხვევაა. COVID-19-ის გავრცელება ხდება: წვეთოვანი გზით - ხველით და ცემინებით; ასევე, დაუბანელი ხელის შეხებით თვალზე, პირზე და ცხვირზე; დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით. კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მკურნალობისათვის სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციები, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, არის სოციალური დისტანცია [1] და ჰიგიენის წესების დაცვა.

1 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. სასწავლო პროცესი სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში 1 აპრილამდე შეჩერებულია. ასევე გადავადდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ჩემპიონატის ყველა ლიგა გააჩერა. ამასთან, ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არის ეკლესიაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციისთვის, ეკლესიებში ჰიგიენური წესების დაცვის, მათ შორის, დეზინფექციის, აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეკლესიებს რეკომენდაცია მისცეს, რომ მრევლის თავშეყრის ადგილებში დისპენსერები დაიდგას, რათა მრევლმა შეძლოს ხელების დაბანა.

10 მარტს საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა. 11 მარტს ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „გაიწმინდება იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით“. განცხადებაში ნათქვამია - „ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“. თუმცა, აღნიშნული მხოლოდ დეზინფექციის საკითხს ეხება.

მიუხედავად სადეზინფექციო სამუშაოებისა, ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი წყარო შეიძლება, ეკლესიაც იყოს. ხალხმრავალი ღონისძიებების გადადების რეკომენდაციის მიუხედავად, ეკლესიაში საკვირაო წირვა ტრადიციულად იმართება და ამ მხრივ, ცვლილებები არ იგეგმება. წირვის დროს ადამიანები მჭიდრო კონტაქტში არიან და სოციალური დისტანციის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციის დროს, როგორიცაა კორონავირუსი, საერთო საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენება, ვირუსის გავრცელების წყაროა. ზიარების დროს საერთო კოვზის გამოყენება კი ყოველგვარ ჰიგიენურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ღვინოს ანსტისეპტიკური თვისება ჰქონდა და მასში მოხვედრილი კოვზი თავისუფლდებოდა ბაქტერიებისაგან. ეს განცხადება მცდარია და ღვინოს არანაირი ანტისეპტიკური ან სადეზინფექციო თვისებები არ გააჩნია. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ეკლესიას ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდეს. 11 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ განიხილავს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას და საერთო კოვზიდან ზიარების წესი არ შეიცვლება. [2]

საქართველოს საპატრიარქოს და ეკლესიის პოზიცია გაუგებარია, რადგან მათ ზიარების დროს დროებით საერთო კოვზის არ გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ამგვარი ტიპის ჰიგიენური ნორმების დაცვა კი ეპიდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

-------------------------------------------------------------------------------------

[1] უსაფრთხო დისტანცია არის არანაკლებ ერთი მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.

[2] აღსანიშნავია, რომ ევენგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საერთო თასიდან ზიარების პრაქტიკა შეცვალა. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა ქრისტიანულ ეკლესიებს ღია წერილით მიმართა: „საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის [ზიარების] აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი... პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის [ზიარების] თეოლოგიაზე“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი