ახალი კორონავირუსის (COVID – 19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა. დეკრეტის მიხედვით, მთავრობას კონსტიტუციური უფლებების ნაწილობრივ ან მთლიანად შეზღუდვის უფლება ეძლევა. კერძოდ:

  • შესაბამის ორგანოებს მიეცათ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში;
  • საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებულად დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;
  • აიკრძალა ყველა სახის საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა. აღნიშნული არ ეხება ტვირთბრუნვას;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, არსებულისგან განსხვავებული წესით დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;
  • შეჩერდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები/ვადები დაადგინოს;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. საყურადღებოა, რომ პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტისადმი მიმართვაში განსაზღვრული იყო, რომ იკრძალებოდა 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. პრეზიდენტის დეკრეტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეკრების უფლების შეზღუდვა რელიგიურ რიტუალების მონაწილეებზე არ ვრცელდება, რადგან პრეზიდენტის დეკრეტით აღმსარებლობის თავისუფლება არაა შეზღუდული;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, დადგენილებით განსაზღვრულ კერძო სამართლის სუბიექტებს აუკრძალოს, შეუზღუდოს ან დაავალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, თავად განსაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების დარეგულირება;
  • საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები დაადგინოს;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 3 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარს. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

პრეზიდენტის დეკრეტი არსებითად ახალ აკრძალვებს არ ითვალისწინებს. ძირითადად, მასში მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიღებული შემზღუდავი ზომები აისახა. ამასთან, შეიძლება, ითქვას, რომ პრეზიდენტის დეკრეტი არ იყო, კონკრეტულად, 21 მარტს არსებული მდგომარეობის საპასუხო და უფრო მეტად, სამომავლოდ, მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას ისახავდა მიზნად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მთავრობის მიერ მიღებული ამკრძალავი გადაწყვეტილებების უმეტესობა, სამართლებრივად სარეკომენდაციო ხასიათის მატარებელი იყო [1]. მთავრობის უფლებამოსილებების გაფართოება, ერთი მხრივ, ეპიდემიასთან ბრძოლაში უფრო ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ კი, მთავრობის მხრიდან ძალაუფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების მომეტებულ რისკს ქმნის. საგანგებო მდგომარეობის დროს, სახელმწიფოში პროცედურული დემოკრატიის როლი მნიშნველოვნად მცირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის დეკრეტით მინიჭებული უფლებების გამოყენება მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო. 22 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდგომ, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აღნიშნული გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით გადაადგილება აიკრძალა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსახლეობა საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაადგილდება. ასევე სურსათის, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა. მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს, სხვა მედიებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. გიორგი გახარიას თქმით, რადიკალური ზომების მიღება მარნეულის რაიონში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევის გამოვლენამ გამოიწვია.

23 მარტს მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით:

  • საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. ასევე შეიზღუდა ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები.
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა. აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
  • აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
  • აიკრძალა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. ასევე, აიკრძალა საჯარო სივრცეში [2] 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. აიკრძალა ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები). 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით.
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სურსათის, ფარმაცევტული პროდუქციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობპროდუქტების მიწოდება/რეალიზაციას, ასევე პრესის ჯიხურების ფუნქციონირებას.
  • რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე. მკაცრად განისაზღვრა სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები.
  • შეჩერდა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.
  • შეჩერდა საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
  • შეჩერდა/გადაიდო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების დიდი ნაწილი.

ზემოხენებული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მოქმედებს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით ზომებს მიმართოს. შემოიღოს ახალი შეზღუდვები, გაამკაცროს ან შეამსუბუქოს მოქმედი რეგულაციები და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ შეზღუდვას თან უნდა ახლდეს სათანადო დასაბუთება და მისი შემოღების აუცილებლობა.

საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას მოკლებული არიან, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას პარლამენტს დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ წარუდგენს. გადაწყვეტილება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან შედის. პარლამენტი გადაწყვეტილებას შეკრებისთანავე ამტკიცებს. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი იურიდიულ ძალას კენჭისყრისთანავე კარგავს. საგანგებო უფლებამოსილებანი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ვრცელდება, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს გამოსცემს. საქართველოში მოქმედი ნორმატული აქტების იერარქიის მიხედვით, კანონთან შედარებით, ორგანულ კანონს უპირატესი ძალა აქვს.

საქართველოს კონსტიტუციისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტით შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული შემდეგი უფლებები: ადამიანის თავისუფლება; მიმოსვლის თავისუფელბა; პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები; აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები; სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები; საკუთრების უფლება; შეკრების თავისუფლება; შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.

კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარდა, პრეზიდენტის დეკრეტით კონსტიტუციის კონკრეტული ნორმების მოქმედებაც შეიძლება შეჩერდეს. კანონით ზუსტადაა მოცემული იმ ნორმების ჩამონათვალი, რომლის შეჩერების უფლებაც აქვს პრეზიდენტს. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა და საქვეყნოდ ცხადდება ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება, ხოლო კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა ამ მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდება.

-----------------------------------------------------------------------------------

[1] 19 მარტს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სახის სავაჭრო ობიექტის მუშაობა იკრძალებოდა. მიუხედავად ამგვარი ფორმულირებისა, მთავრობას მსგავსი აკრძალვის უფლებამოსილება არ ჰქონდა და იგი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შეიძლება ყოფილიყო.

[2] მოცემული დანაწესების მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს არ წარმოადგენს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი