აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების დაბებისა და სოფლების სასმელი წყლით მომარაგება კვლავაც პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.

მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემა დაბა ხულოშიც არსებობს. დღეს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის პირობებში, როცა პირადი ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ზოგიერთ ოჯახს სასმელი წყლის საკმარისი მარაგიც კი არ აქვს. ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობდა, თვითმმართველობა მიზეზად დებეტის სიმცირეს ასახელებდა და აცხადებდა, რომ წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, მაგისტრალზე ახალი წყლების მოძიება და მიერთება დაწყებული იყო.

ის, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემაც დაადასტურა: „წყლის პრობლემა გვაქვს ჩვენ. მოსაწესრიგებელია ბევრ სოფელში... შემოსულია „აჭარის წყლის ალიანსი“ და აღებული აქვს სოფლად წყლის მოწესრიგებაზე ვალდებულება და ყველგან უნდა იყოს წყალი. ამიტომ ისეთი დიდი პროექტებისთვის, რომლებიც საკმაოდ ძვირი ჯდება, ხულოს მუნიციპალიტეტმა წელს ბიუჯეტში თანხა აღარ გაითვალისწინა“.

„ფაქტ-მეტრმა“ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2019 წლებში წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საანგარიშო პერიოდში, დაბა ხულოს ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, თითქმის 3 მლნ ლარია დახარჯული.

დაბა ხულოს წყალსადენის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA140002256) 2014 წლის იანვარში გამოცხადდა. 29500-ლარიანი ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტექნიკურ ჯგუფთან“ გაფორმდა, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო. იმავე წელს, უკვე არსებული პროექტის საფუძველზე, დაბა ხულოს წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 1726206 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (SPA140022174) გამოცხადდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი ჩაერთო, თუმცა შემსყიდველმა ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა და 2015 წლის 29 იანვარს ხელშეკრულება „უნივერსალ ჯორჯია 2008-სთან“ გააფორმა, რომელმაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელი დატოვა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები იმავე წლის 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.

2015 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. მასში საუბარია, რომ სამუშაოებზე დაკვირვებას „საქართველოს ტექნიკური ჯგუფი“ აწარმოებს, რომელმაც პროექტი შეადგინა. ოქმის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესში რიგი ხარვეზები გამოვლინდა და ახალი სამუშაოების დაგეგმვა გახდა აუცილებელი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული არ იყო ისეთი საკითხები, რომლებიც მოგვიანებით ხულოს გამგეობამ წერილში დააზუსტა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის ავტორს მისწერა, რომ დეკანაშვილებიდან ბაბანურამდე პროექტით გათვალისწინებული 10 144 მეტრის ნაცვლად, 9265 მეტრი სიგრძის მილი გაეყვანა; ზოგიერთ ადგილზე, რთული რელიეფის გამო, მილების 50 სმ სიღრმეზე მოწყობა ვერ მოხერხდებოდა; მაგისტრალური ხაზის მიმართულება შეიცვალა; საჭირო გახდა მილებზე იზოლაციის მოწყობა და სხვ. ამიტომ პროექტის კორექტირება გახდა საჭირო.

სამუშაოების მოცულობის შეცვლა და დამატებითი სამუშაოები, „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორმა, თანმდევ სამუშაოებად მიიჩნია. ამიტომ შემსყიდველმა ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ დამატებით სამუშაოებსაც იგივე მიმწოდებელი განახორციელებდა. საბოლოო ჯამში, პროექტი დასრულდა და შემსყიდველმა მასში 1719887 ლარი გადაიხადა.

2015 წლის 23 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაბა ხულოს მოსახლეობის წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, დამატებითი წყალსადენი ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენაზე, 5000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი შპს „წყალმშენი 2013-მა“ მოამზადა.

მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვა (SPA160016733) გამოცხადდა. 872811-ლარიანი ხელშეკრულება შპს „B & B“-სთან 2016 წლის 29 ივლისს არის გაფორმებული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ვადების გახანგრძლივების მიზნითაც, მაგრამ პროექტი ვერც 2018 წელს დასრულდა. საბოლოოდ, მიმწოდებელთან ხელშეკრულება, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სხვადასხვა დაუსაბუთებელი მიზეზით, ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებდა, შემსყიდველი მას, ეტაპობრივად, თანხას მაინც ურიცხავდა და ჯამში 831088 ლარი ჩაურიცხა. პარალელურად, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, 104462 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შემსყიდველმა პროექტი მაინც ჩაიბარა.

2017 წელს, საჯოგია-ნაგოიანის წყალსადენების კვეთიდან ბაბანური-ხულოს წყალსადენის ქსელის სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად, მუნიციპალიტეტმა 2950 ლარი გადაიხადა. უკვე 2018 წელს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180008170) საჯოგია-ნაგოიანის წყალსადენების კვეთიდან ბაბანური-ხულოს წყალსადენის ქსელის სათავე ნაგებობამდე მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, რომელშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. 29 ივნისს გამარჯვებულ კომპანია „უნივერსალ ჯორჯია 2008-სთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, სამუშაოების ღირებულება -368993 ლარით, ხოლო დასრულება - 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. შემსყიდველმა მიმწოდებელს, შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 356032 ლარი უკვე გადაურიცხა.

დაბა ხულოს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების გარდა, ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ბაბანური-ხულოს წყლის გამწმენდი შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, 2016 წლის ოქტომბერში, 32016 ლარი აქვს გადახდილი.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ დაბა ხულოს სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, 2013-2019 წლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის მოცულობა 2976473 ლარს შეადგენს. ამ თანხაში არ შედის წყლის მილები. ისინი შემსყიდველმა სხვადასხვა დროს რამდენიმე დასახლებისთვის ერთიანად შეიძინა.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხსენებულ „აჭარის წყლის ალიანსს“, დაგეგმილია, რომ სააქციო საზოგადოებამ აჭარის რეგიონში, ხუთი წლის განმავლობაში, ათეულობით მილიონი ლარის პროექტები უნდა განახორციელოს, რაც წყლით მომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს საბოლოოდ მოაგვარებს.

ინფორმაციისთვის, სს „აჭარის წყლის ალიანსი“ აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, 2016 წელს შეიქმნა. 2018 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ განხორციელების შესახებ. პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ 43 მლნ ევროთი დააფინანსა. ქართული მხარე 40 მლნ ევროს - შეღავათიანი ფინანსური რესურსის, ხოლო 3 მლნ ევროს გრანტის სახით მიიღებს. 2019 წელს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, პროექტისთვის გამოყოფილია 50 მლნ ევრო, რომელიც ეტაპოვრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში დაიხარჯება. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელისუფლება იმ მილიონობით „ლარის ჩაკარგვას“ ეცდება, რომელიც რეგიონის მოსახლეობის წყლით მომარაგების მიზნით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, უშედეგოდ და კანონის დარღვევით, უკვე დაიხარჯა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი