ლალი მოროშკინას Facebook-პოსტი სხვადასხვა ვებ-გვერდმა (iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“) ახალ ამბად გამოაქვეყნა და საკმაოდ აქტიურად გაავრცელა. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც 5G არის გავრცელებული, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებშიც ანტენების ინსტალაცია არ მომხდარა, კორონავირუსი სუსტად ვლინდება ან საერთოდ არ ფიქსირდება. მისი მტკიცებით, 5G ქსელების ინსტალირება მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდება, საქართველოში ნოემბერში მხოლოდ მილიონი ადამიანი დარჩება. აღნიშნული სტატიები Facebook-ზე რამდენიმე ათასჯერ გამოქვეყნდა და გავრცელდა, შედეგად კი, 16 ათასზე მეტი ინტერაქცია და 10 ათასზე მეტი გაზიარება აქვს; სამ ვებ-გვერდზე კი - ჯამურად 75 ათას ნახვაზე მეტი. კორონავირუსი „ბლეფად“ შეაფასა და 5G-ს დაუკავშირა კობა კუპრაშვილმაც. გაზეთში - „ასავალ-დასავალი“, 5G-ზე დეზინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელწმიფოს“ დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემაც გაავრცელა. იგი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან, ქართული მარშის ლიდერ სანდრო ბრეგაძესა და პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული პირია.

5G-სა და კორონავირუსს შორის კავშირზე შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ყალბი ამბის გავრცელების შემდეგ, ბირმინჰემსა და მერსისაიდში, გადამცემ ანძებს ხანძარი გაუჩინეს. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინგლისის განყოფილების სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სტივ პოუსმა კორონავირუსისა და 5G-ს შორის კავშირს „ყველაზე ცუდი სახის ყალბი ამბავი“ უწოდა, ხოლო კაბინეტის მინისტრმა მაიკლ გოუვმა - „აბსურდი და სახიფათო სისულელე“. მეცნიერები კავშირის არარეალურობაზე მიუთითებენ. ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლის პროფესორი ბრენდან უერენი სატელეფონო ანძებსა და ვირუსს შორის კავშირს „როგორც ფიზიკურ, აგრეთვე ბიოლოგიურ შეუძლებლობად“ აფასებს. ამასთან ერთად, კორონავირუსი გაერთიანებული სამეფოს ისეთ ნაწილებშიც ვრცელდება, რომლებსაც 5G ქსელები არ ფარავს, მაგალითად მილტონ კეინესსა და პორტსმუტში.

ავტორიტეტული ბრიტანული ფაქტების გადამამოწმებელი ვებ-გვერდის FullFact-ის მიხედვით, მსოფლიოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ძირითადად ორი მიმართულებით ვრცელდება: 1. 5G კორონავირუსს იწვევს და მის გავრცელებას აჩქარებს და 2. 5G ადამიანების იმუნურ სისტემას აზიანებს, რის შედეგადაც ორგანიზმი კორონავირუსს ვერ უმკლავდება და, შედეგად, სიკვდილიანობა იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 5G მობილური ქსელები COVID-19-ს არ ავრცელებს. ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს. ხოლო კორონავირუსი მრავალ ისეთ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც 5G მობილური ქსელები არ არის, მაგალითად - იაპონიასა და ირანში. COVID-19 ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ასევე დაინფიცირებული ზედაპირის ხელით შეხების შედეგადაც შესაძლებელია ვირუსის გადადება.

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგა ჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტონ. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოც ამავე დასკვნას აკეთებს. გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია.

საქართველოში Facebook-ჯგუფი „STOP 5G GEORGIA!!!” შეიქმნა, რომელშიც დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ჯგუფის ადმინისტრატორებიდან ორი (Schiller Schiller; Faika Faika), ტროლები არიან (Facebook-ანგარიშები, რომლებიც არ იყენებენ თავის რეალურ სახელს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას ცდილობენ). ასევე, ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი კობა კუპრაშვილია.

ჯგუფში 5G-ის დამაზიანებელ თვისებებზე დეზინფორმაცია ვრცელდება. 5G-ის კორონავირუსის გავრცელებასაც უკავშირებენ. ჯგუფში ინფორმაცია ძირითადად რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რომლებიც შეთქმულების თეორიებს წარმოადგენს და 5G-ის მომაკვდინებლად, კორონავირუსის გამომწვევად, აპოკალიფსის დასაწყისადაც კი მიიჩნევს და ადამიანებში ჩიპების ჩამონტაჟებასაც უკავშირებს (იხილეთ ჯგუფში წყაროდ მოყვანილი ვიდეოები: ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4, ბმული5). რუსეთი 5G-სთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა და აღნიშნული ამ შემთხვევაშიც რუსული პროპაგანდის წყაროებს, მათ შორის Russia Today-ს უკავშირდება. თუმცა ალტ-ინფომ 5G-სთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-ს დააბრალა.

Facebook-ჯგუფში „STOP 5G GEORGIA!!!” საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან გადამცემი ანძების სურათებს ავრცელებენ. მათ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ახალ დამონტაჟებულებად წარმოაჩენენ და 5G-ს უკავშირებენ. სინამდვილეში ეს ანძები 5G-ის გამოგონებამდეც ფუნქციონირებდნენ. აღნიშნულის დემონსტრირებით, ჯგუფში პანიკას აღვივებენ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ცდილობენ. ისინი ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პანდემიის დროს ქუჩაში გამოსვლისა და გადამცემების დაზიანებისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, იხილეთ შემდეგი სურათები ჯგუფიდან:

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი