ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებულმა საკარანტინო რეჟიმმა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მიმართ ოჯახური ძალადობის რისკები გაზარდა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებისა, რომ პანდემიის პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება, სტატისტიკა რეალურ სურათს ვერ ასახავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახის მოძალადე წევრს მუდმივად შინ ყოფნა უწევს და ძალადობის ობიექტს დახმარების თხოვნის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. ძალადობის რისკს ის ფაქტორიც ზრდის, რომ ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული მოქალაქეები, თვითდასაქმებულები ან სამსახურებიდან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათხოვნილი თანამშრომლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ეს გაღიზიანების კიდევ ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფსიქოლოგების შეფასებით, შფოთვისა და სტრესის ალბათობა მაღალია, რაც, შესაძლოა, აგრესიის გამოხატვაში გადაიზარდოს. ფიზიკური ძალადობის გარდა, ოჯახის მოძალადე წევრი მსხვერპლს, შესაძლოა, მუდმივი ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის ქვეშ ამყოფებდეს.

ის, რაც ძალადობის ფაქტის გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს, მსხვერპლს კიდევ უფრო აშინებს. ამიტომ ძალადობრივ გარემოში დარჩენას ამჯობინებს. მსგავს ფაქტებზე საუბრობს ა(ა)იპ „იალქანის“ დირექტორი, რომელსაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თეონა აბაშიძე, აჭარის რეგიონში ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელის (ძდექ) წარმომადგენელი, ამბობს, რომ ბოლო დროს აღინიშნება შემთხვევები, როცა ძალადობის ფაქტის შესახებ მეზობლები ატყობინებენ. თუმცა როცა მსხვერპლთან დაკავშირებას ცდილობს და საქმეში შსს-სა და სოცმუშაკს რთავს, მსხვერპლი კონტაქტზე საერთოდ უარს აცხადებს, ან ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ასეთ შემთხვევაში რაიმე ტიპის რეაგირება ან დახმარება ძალიან რთულდება.

თეონა აბაშიძე: „ამ ბოლო დროს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადგილზე მისულს, მსხვერპლმა მომხდარის შესახებ დაგვიმალა. თუ შემთხვევა ისეთი არაა, რომ აშკარად სახეზეა ძალადობის კვალი და გარემოებაც ამაზე მიუთითებს, პოლიციაც და ჩვენც უძლური ვართ. ჩვეულებრივ, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, ვაგრძელებთ მსხვერპლთან მუშაობას და ვცდილობთ, ნდობა მოვიპოვოთ და დავიცვათ. ახლა ესეც გართულებულია, რადგან მოძალადე მუდმივად სახლშია და მსხვერპლს მისი კონტროლის ქვეშ უწევს ყოფნა. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, პირად კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ მსხვერპლთან და შემოვლითი გზების ძიება გვიწევს. ამ მეთოდს კი შედეგზე ყოველთვის ვერ გავყავართ. რისკები ნამდვილად გაზრდილია და თუ ჩვენ ან შესაბამის სამსახურებს ვინმემ არ შეგვატყობინა, ბუნებრივია, შემთხვევების დაფიქსირებული რაოდენობა რეალურ რაოდენობას ვერანაირად ვერ დაემთხვევა. სინამდვილეში, იმაზე მეტია ძალადობის ფაქტი, ვიდრე მანამდე გვქონდა, რადგან ვერ გამოდიან გარეთ და ვერ აწვდენენ ხმას. ანონიმური შეტყობინებები შემოდის, ამას აკეთებს მეზობელი ან სხვა გარეშე პირი. ჩვენ უფლება არ გვაქვს, პოლიცია გამოვიძახოთ მსხვერპლის ნებართვის გარეშე, თუ ის არის სრულწლოვანი და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. შესაძლოა, მან უარი თქვას ფაქტის აღიარებაზე. შემდეგ კი მოძალადისგან უფრო მძიმე ვითარება შეექმნას. ამიტომ იძულებული ვართ, მხოლოდ ვურჩიოთ, რომ დარეკოს 112-ზე ან 116 006-ზე და გაუწევენ მომსახურებას.

გაძნელდა ბავშვების ოჯახიდან გაყვანა, მათზე მშობლის ან მეურვის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში. რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც გვაცნობა, რომ მრავალშვილიან ოჯახში სისტემატურად ძალადობენ ბავშვებზე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურადაც. მოძალადე არის დედასთან თანამცხოვრები პირი. გვითხრა, რომ ის ბავშვებს სცემს, მათ საჭმელზე წვდომას უზღუდავს და ამცირებს. ამასთანავე, ემუქრება, რომ, თუ გაბედავენ და ვინმეს ეტყვიან, ერთმანეთს დააშორებენ და სხვადასხვა ბავშვთა სახლში გაამწესებენ. ჩვენ შესაბამისი სამსახურები ჩავრთეთ და მოძალადე უკვე გაყვანილია ოჯახიდან, გამოცემულია შემაკავებელი ორდერი. თუმცა დედის მხრიდანაც იყო ძალადობის არაერთი შემთხვევა, მაგრამ ამ ეტაპზე რეგიონში ბავშვების მინდობით ოჯახში გადაყვანა ძალიან ჭირს, უფრო მეტიც, შეუძლებელიცაა. არ არის თავისუფალი რესურსი.

ჩვენს ორგანიზაციას აქვს დღის ცენტრი მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახების ბავშვებისთვის. ამიტომ ვიცით, სად შეიძლება იყოს მაღალი რისკი ბავშვზე ან ქალზე ძალადობის. მათ შევუძინეთ ინტერნეტპაკეტი და ვცდილობთ, ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს. თუ რამდენიმე მცდელობის შემდეგაც არ გამოდის კონტაქტზე, ვუკავშირდებით მეზობლებს და ვიგებთ ამბებს. ამ გზით რამდენიმე შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ თავად მსხვერპლთან ურთიერთობის საშუალება არ მოგვეცა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარანტინის შემდეგ გაიზრდება ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა“.

იმას, რომ რეგიონში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადაყვანა გართულებულია, სოციალური მუშაკიც ადასტურებს.

ციცო ჩიკვაიძე, სოციალური მუშაკი: „ამ ეტაპზე, რაც დაიწყო საგანგებო მდგომარეობა, ბავშვებზე გვქონდა ორი შემთხვევა. დედის მხრიდან დაფიქსირდა ფსიქო-ემოციური ძალადობა და ბავშვები გავიყვანეთ სახელმწიფო ზრუნვაში. თუმცა ესეც გართულებულია, რადგან ბათუმში უკვე აღარ გვყავს თავისუფალი მიმღები მშობელი, ყველა დატვირთულია. ამიტომ ბავშვები სხვა რეგიონში განვათავსეთ. დანარჩენ შემთხვევებზე, რეინტეგრაცია იქნება, პრევენცია, კრიზისული თუ მინდობითი აღზრდა, ვაწარმოებთ ყოველკვირეულ სატელეფონო მონიტორინგს, რადგან ვიზიტისგან თავს ვიკავებთ. ამ ბოლოს იყო შემთხვევა, ქალზე იძალადა მეუღლემ. ის ახლა დაპატიმრებულია, დედა-შვილი კი თავშესაფარში გადავიყვანეთ. სატელეფონო შეტყობინება ყველა მოქალაქეს გაეგზავნა, როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის დროს. ხშირად ქალები ვერ ბედავენ გამჟღავნებას, ამიტომ ჩართულობა უნდა მოხდეს ყველა იმ მოქალაქის, ვინც ამის შესახებ იცის. ძალადობის ფაქტის გაუმჟღავნებლობა დანაშაულია“.

„ფაქტ-მეტრმა“ ძალადობის რამდენიმე ფაქტზე ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიპოვა. დავუკავშირდით მსხვერპლის ერთ-ერთ მეზობელს, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაციის პოლიციისთვის მიწოდება სცადა, მაგრამ მსხვერპლის დაჟინებული მოთხოვნით, ეს არ გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქალბატონი დაგვპირდა, რომ უწყებას მომხდარის შესახებ აუცილებლად შეატყობინებს.

ლილი, მსხვერპლის მეზობელი: „ჩვენ გვესმის ხმა, რომ კაცი სცემს მეუღლეს, მაგრამ არ გვიშვებს შიგნით. ხშირად ხდება ასე. ეს საგანგებო მდგომარეობამდეც ხდებოდა, მაგრამ ასე ხშირად - არა და გოგო არ გვაძლევდა უფლებას, პოლიციისთვის მიგვემართა. ქმარმა ტელეფონიც გაუტეხა. სამი წლის შვილი ჰყავთ, იმასაც აქვს პრობლემები ამ სტრესული გარემოდან გამომდინარე. ქმარი მუშაობდა, სადღაც გადიოდა და ამ გოგოს შეღავათი ჰქონდა ცოტა. მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედა არ პატრონობს. უთხრა, ჩემი იმედი არ გქონდესო. ძალიან გვეცოდება“.

კიდევ ერთ მსხვერპლზე, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ფიზიკურად მეუღლის ოჯახის წევრმა იძალადა. მან მოახერხა და ამის შესახებ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას შეატყობინა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაარკვია, რომ დიანაზე (სახელი შეცვლილია) დროდადრო მუდმივად შინ მყოფი მეუღლეც ძალადობს და შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ ვცადეთ მსხვერპლთან დაკავშირება, თუმცა მის ნომერზე კაცმა გვიპასუხა და სიტუაციის გამწვავებას მოვერიდეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია (მსხვერპლის ოჯახმა იცის, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია მსხვერპლს. ამიტომ არ ვასახელებთ ორგანიზაციას. ვშიშობთ, ძალადობის პროვოცირება არ გამოვიწვიოთ) შემთხვევაზე მუშაობს და ცდილობს, დიანას შემოვლითი გზებით დაუკავშირდეს და მისი უსაფრთხოებისთვის ზომები მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს.

„ფაქტ-მეტრი“ შეგახსენებთ: თუ გახდით ძალადობის მსხვერპლი, ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ, აუცილებლად დარეკეთ ნომრებზე:

  • 112 - გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი;
  • 116 006 - მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ცხელი ხაზი.

გახსოვდეთ, რომ ოჯახში ძალადობა ხშირად იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას. ძალადობა, შეიძლება, ფატალური შედეგით დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, 2012 წლის მაისიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა. ამ ცვლილებით განსაზღვრულია ოჯახის წევრთა წრე, დანაშაულის ჩამონათვალი, განმარტებულია ოჯახში ძალადობის კრიმინალური ხასიათი და პასუხისმგებლობა ჩადენილი ქმედებისთვის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი