გორის მერის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. თემურ მანველიშვილი გორის მერისგან სამართლებრივი გზით მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდური ხელფასის მიღებას ითხოვს. თემურ მანველიშვილი „ფაქტ-მეტრთან“ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მას აღნიშნული პოზიციიდან ხელფასიც ეკუთვნის და ამ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობაც. „არის რაღაც მოსაზრებები, რის გამოც მოხდა თავის დროზე ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან სადავოა და შევეცდები ჩემი სიმართლე ამ შემთხვევაშიც დავამტკიცო. პიროვნულად არავის მიმართ არაფერი მაქვს გასარკვევი, მე ამ სარჩელით ვითხოვ მერის ბრძანების ბათილად ცნობას, რის საფუძველზეც გავთავისუფლდი დაკავებული თანამდებობიდან და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას იმ ოდენობით, რაც იქნება იმ კონკრეტული პერიოდისთვის, როდესაც დავა დასრულდება“, - ამბობს თემურ მანველიშვილი.

მანველიშვილმა გორის მერიაში ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია 2019 წლის 8 თებერვალს დატოვა. 9 თებერვალს კი ბრალი მას პროკურატურამ წაუყენა. ამ ფაქტს წინ უძღოდა გორის მერიის შენობასთან გამართულ აქცია-პერფორმანსი. 2018 წლის 10 ოქტომბერს აქ მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. სწორედ, ამ დროს მოხდა ინციდენტი. კერძოდ, გორის მერის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გიგა მაქარაშვილმა კი პროკურატურას მიმართა და დაზარალებულად ცნობა მოითხოვა. მომხდარიდან ოთხი თვის შემდეგ, მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, მანველიშვილს კი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მერიის ბრალდებულ თანამშრომელს მაშინ თავდებში კოლეგებიც უდგებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მეორე „ბ“ ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, თემურ მანველიშვილმა გორის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილმა ამაზე ხელი არ მოაწერა, რაც იმით ახსნა, რომ აღნიშნული განცხადება დაუყონებლივ დაკმაყოფილებას არ გულისხმობდა. მანველიშვილს გადაწყვეტილების შეცვლისთვის 14-დღიანი ვადა განესაზღვრა. მოქალაქისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით კი, გორის მერი მანვლიშვილისთვის საყვედურის გამოცხადებით შემოიფარგლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანველიშვილმა თანამდებობა პირადი სურვილით ოფიციალურად დატოვა და გორის მერმა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ბოლო ერთი წელია ამ პოზიციას ალექსანდრე თარხნიშვილი იკავებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, თემურ მანველიშვილმა სამართლებრივი დავა გააგრძელა და საქმის გადაცემა ნაფიცი მსაჯულებისთვის ითხოვა. 2019 წლის დეკემბერში ის გაამართლეს და 12 ნაფიცი მსაჯულის მიერ უდანაშაულოდ გამოცხადდა. თემურ მანველიშვილი, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს აქტივისტს თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო, დღეს ისევ თანამდებობაზე დაბრუნებას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას სამართლებრივი გზით ცდილობს. ამ ეტაპზე, მერი აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუ მანველიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას თავზარაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მერის ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. მანველიშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მერიას ბიუჯეტიდან მინიმუმ 25 500 ლარის (ამ დროისთვის 15 თვის ხელფასი) გაღება მოუწევს (განაცდურის ხელფასის გასაცემად). ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოიმოქმედებს მერი, თუკი სასამართლომ მანველიშვილის სამსახურში დაბრუნება დაავალდებულა, მაშინ, როცა აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას კონკურსის წესით შერჩეული კადრი უკვე ასრულებს.საინტერესოა, კიდევ ერთი დეტალი,გასულ წელს მანველიშვილმა გორის მერს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება (პროკურატურის ბრალის წარდგენამდე) რატომ მოსთხოვა, თუ ეს მის სურვილს არ შეესაბამებოდა და რის საფუძველზე ფიქრობს, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეშიც მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

P.S. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე. ამავე კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა წარმოადგენს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი