რეზიუმე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში სამუშაო დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში, თვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ (ჯამურად 1 200 ლარს). თვითდასაქმებული პირები კი შემოსავლების დაკარგვის დადასტურების შემთხვევაში, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

დახმარება აშშ-ში, რომელზეც ფინანსთა მინისტრი საუბრობდა, წარმოადგენს სტიმულირების პაკეტს და ძირითადად მდგომარეობს შემდეგში: მოქალაქეები, რომლებიც წლიურად 75 000 აშშ დოლარამდე გამოიმუშავებდნენ, სამსახურის შენარჩუნების შემთხვევაშიც, ერთჯერადი დახმარების სახით 1 200 აშშ დოლარს მიიღებენ (დამატებით 500 აშშ დოლარს ერთ ბავშვზე). უმუშევრად დარჩენილ პირებზე კი ცალკე პაკეტია შემუშავებული, რომელიც შინაარსით სამუშაოდაკარგულების დახმარების ქართული პროგრამის მსგავსია. კერძოდ, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები აშშ-ში, გარდა უმუშევრობის დაზღვევისა, კვირაში 600 აშშ დოლარის ოდენობით დახმარებას 4 თვის განმავლობაში, ჯამში 9 600 აშშ დოლარს მიიღებენ. პროგრამა ბონუსად დამატებით 13 კვირით უმუშევრობის დაზღვევას ითვალისწინებს.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრი შესადარებლად ამერიკული მოდელიდან არარელევანტურ პაკეტს იღებს. საქართველოში დახმარების სახით უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი 1 200 ლარს, ნაწილი კი 300 ლარს მიიღებს, მაშინ, როცა აშშ-ში უმუშევრად დარჩენილებისთვის, უშუალოდ 1200 დოლარით სტიმულირებასთან ერთად (თუ პირი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს), კომპენსაცია 9 600 დოლარია. 1 200 დოლარს აშშ-ში ყველა გადასახადის გადამხდელი მიიღებს,[1] ვისი წლიური შემოსავალიც 75 000 დოლარზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, სამსახური უნარჩუნდება თუ არა. მსგავს კომპონენტს ქართული პაკეტი საერთოდ არ მოიცავს. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ დახმარების მასშტაბი საქართველოში „პრაქტიკულად იგივეა“ რაც აშშ-ში, ფაქტებით მანიპულაციას წარმოადგენს.

ანალიზი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, „1 200 ლარი დახმარება 6 თვეზე ცოტაა, მაგრამ აშშ 1 200 დოლარს დაურიგებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შემოსავლის ზღვარს აკმაყოფილებს. მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, პრაქტიკულად იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, მათ ვინც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში სამუშაო დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ (ჯამურად 1 200 ლარს). აღნიშნული დახმარებით დაახლოებით 350 000 მოქალაქე ისარგებლებს, რისთვისაც 460 მლნ ლარია გამოყოფილი. თვითდასაქმებული პირები კი შემოსავლის დაკარგვის დადასტურების შემთხვევაში, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

დახმარება აშშ-ში, რომელზეც ფინანსთა მინისტრი საუბრობდა, ძირითადად (დაშვებულია საგამონაკლისო ზღვარი სხვადასხვა სტატუსების მიხედვით) შემდეგში მდგომარეობს: მოქალაქეები რომლებიც წლიურად 75 000 აშშ დოლარამდე გამოიმუშავებდნენ, ერთჯერადი დახმარების სახით 1 200 აშშ დოლარს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს ინარჩუნებენ. 75 000-დან 99 000 აშშ დოლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე კი დახმარება მცირდება, ხოლო 99 000 აშშ დოლარს ზემოთ შემოსავლის მქონე პირი, დახმარებას ვეღარ მიიღებს.

ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული ამერიკული პაკეტის შედარება ქართულ, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარების პაკეტთან, არარელევანტურია, რადგან არსობრივად სხვადასხვა სახის შეღავათზეა საუბარი. აშშ-ში უმუშევრად დარჩენილი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეები გარდა უმუშევრობის დაზღვევისა, 4 თვის განმავლობაში, კვირაში 600 აშშ დოლარ დახმარებას მიიღებენ - ჯამში 9 600 აშშ დოლარს. გარდა ამისა, პროგრამა დამატებით 13 კვირით უმუშევრობის დაზღვევასაც ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში, საშუალოსტატისრიკური მოქალაქე, რომელმაც სამუშაო დაკარგა, დახმარების და დაზღვევის ჩათვლით, 4 თვის განმავლობაში კვირაში 985 დოლარს მიიღებს. უმუშევრად დარჩენილი ამერიკელების დახმარებაზე აშშ-ს 2.2 ტრილიონიანი კრიზისული გეგმიდან 260 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მინისტრის მიერ ხსენებულ დახმარებაზე 290 მლრდ აშშ დოლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ინიციატივას ამერიკაში კრიტიკოსები გამოუჩდნენ, რომელთა აზრითაც მსგავსი სახის დახმარება უმუშევრად დარჩენის საზიანო სტიმულს გააჩენს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სწორია ფინანსთა მინისტრის მიდგომა, გაცემული დახმარება საერთაშორისო დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით შეაფასოს. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს PPP დოლარის კოეფიციენტი ამერიკისას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება, შესაბამისად, ამ ნაწილში ფინანსთა მინისტრის განცხადება ზუსტია.

რედაქციის შენიშვნა:

„ფაქტ-მეტრის“ აღნიშნული სტატია გაზეთ Financial-ში გამოქვეყნდა ვერდიქტით: ტყუილი. რედაქციამ დამატებითი მსჯელობის შედეგად, ვერდიქტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო.

-----------------------------------------------------------------------------------------------

[1] ვინც დაადასტურებს ფინანსურ მონაცემებს და გადასახადების გადახდას 2019 ან 2018 წლებში


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი