რეზიუმე: 2019 წლის მონაცემებით, 2015 წლის ფასებში გამოხატული (რეალური ზრდა, რომელიც გამორიცხავს ინფლაციის გავლენას ეკონომიკური ზრდის მონაცემებში) მშპ 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მონაცემთან შედარებით 32.2%-იანი ზრდაა. ამ ნაწილში პოლიტიკოსის განცხადება ზუსტია. თუმცა, 2013-2019 წლებში, საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 4.08 %-ს შეადგენდა და არა 4.8%-ს.

აღსანიშნავია, რომ განცხადება ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების საპასუხოდ გაკეთდა, რომლებიც მშპ-ს დინამიკას აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლის მიხედვით აანალიზებენ, რაც არასწორი მიდგომაა. მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს. შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, არამედ ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

ანალიზი

5 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენა“-ში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა (12წთ-დან): „2012-2019 წლებში, დაახლოებით 4.8 %-ით საშუალოდ იზრდებოდა ეკონომიკა, ჯამში რეალურ გამოსახულებაში ეკონომიკა გაიზარდა ალბათ 1/3-მდე“.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ-ს მოცულობა, ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონის ერთ-ერთი ინდიკატორია.

მშპ-ის დინამიკის ძირითადი მაჩვენებლები ცხრილ 1-შია გამოსახული. 2019 წლის მონაცემებით, 2015 წლის ფასებში გამოხატული (რეალური ზრდა, რომელიც გამორიცხავს ინფლაციის გავლენას ეკონომიკური ზრდის მონაცემებში) მშპ 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მონაცემთან შედარებით 32.2%-იანი ზრდაა. ამ ნაწილში პოლიტიკოსის განცხადება ზუსტია. თუმცა, 2013-2019 წლებში, საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 4.08 %-ს შეადგენდა და არა 4.8%-ს.

ცხრილი 1: მშპ-ს დინამიკა 2012-2019 წლებში

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019*

მშპ მიმდინარე ფასებში, მილიარდი ლარი

27.2

28.6

31.1

33.9

35.8

40.8

44.6

50

მშპ მუდმივ 2015 წლის ფასებში, მილიარდი ლარი

30.4

31.5

32.9

33.9

34.9

36.6

38.4

40.4

მშპ მიმდინარე ფასებში, მილიარდი აშშ დოლარი

16.5

17.1

17.6

14.9

15.1

16.2

17.6

17.7

მშპ-ის რეალური ზრდა, პროცენტი

6.4

3.6

4.4

3

2.9

4.8

4.8

5.1

მშპ მიმდინარე ფასებში (PPP)

32.162

33.911

36.07

37.547

39.038

41.699

44.784

47.91

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მინისტრმა განცხადება ჟურნალისტის შენიშვნის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაუზუსტებელ Facebook-ის პოსტს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მშპ-ის დინამიკის ანალიზისას ხშირად აშშ დოლარში გამოსახულ ნომინალურ მაჩვენებელს იყენებენ, რაც არასწორი მიდგომაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ წარსულში არაერთხელ წერდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს. შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით, შესაძლებელია მოსახლეობის რეალური შემოსავლების დინამიკის საერთაშორისო დოლარში განხილვა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვთ და გაცვლითი კურსების ცვლილებაც ასახულია. აღნიშნული მონაცემი, 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს 49%-ით არის გაზრდილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი