13 მაისს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილის შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, „საკარანტინო ღონისძიებების“ მნიშვნელობა ფართოვდება. შედეგად კი, მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, შეზღუდოს ის რიგი ძირითადი უფლებები, რომლებიც არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში იყო შეზღუდული.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დღეს არსებული განმარტების მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. კანონპროექტით შემოთავაზებული „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება კი, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ისეთი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის; პირთა მიმოსვლის; საკუთრების; შრომის; პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის უფლება.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვას პარლამენტის მიერ დამტკიცება სჭირდება, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული უფლებების შეზღუდვის ბერკეტი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში გადავა. მთავრობას შეზღუდვების დაწესება (საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრა), საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება ისე, რომ პროცესში პარლამენტი ჩართული აღარ იქნება.

ვინაიდან საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ფარგლებში ადამიანის ძირითადი უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხე მომეტებულია, პროცესებში პარლამენტის ჩართულობა და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დროს. საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტის როლის სრულიად გამორიცხვით, ადამიანის უფლებების მხოლოდ მთავრობის შეხედულებისამებრ შეზღუდვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკმაოდ დიდ რისკს ქმნის. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ასეთი ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების დანაწილების (Checks and Balances) პრინციპს ეწინააღმდეგება.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანს ოფიციალურად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, თუმცა ამ უფლების დასაცავად მთავრობის განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვა კონსტიტუციის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. კანონპროექტით არ არის განსაზღვრული, მთავრობა მითითებულ უფლებებში რა მოცულობით ჩაერევა და ნებისმიერი ასეთი ჩარევა, რა კრიტერიუმებს და წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

შეფასებები კანონპროექტის შესახებ

კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ ვინმეს კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები აქვს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების გარეშე შესაძლოა, პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, რამდენიმე არჩევანია: ან უნდა დარჩეს საგანგებო მდგომარეობა, ან კანონში უნდა შევიდეს დაზუსტებები, ან უბრალოდ „პროცესი უნდა მიუშვან“. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, ეს აქამდე არავის გაუპროტესტებია, არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ“, - განაცხადა მან.[1]

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას გარკვეულ უფლებებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე აძლევს, დიქტატორულია. მისი თქმით, მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიების, პოლიტიკური დევნისა და ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი კი, უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რადგან მისი შეფასებით, ეს „დემოკრატიასა და ისედაც შელახულ იმიჯს დააზიანებს“.

საპარლამენტო ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით, ზვიად კვაჭანტირაძემ სალომე ზურაბიშვილს შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება სთხოვა. „ჩვენ, კოლეგებმა მოვითათბირეთ აქ და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება, მანამდე ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, რომ იგი იყოს აღსრულებაში მოყვანილი", - განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭება კონსტიტუციით დაცულ უფლებებში გაუმართლებლად ჩარევის შესაძლებლობას ზრდის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელებას არაკონსტიტუციურად აფასებს. „კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მთავრობის მიერ ადამიანის იმ ძირითად უფლებათა შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უნდა შეიზღუდოს და ისიც პარლამენტის გადაწყვეტილებით“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა. ომბუდსმენის შეფასებით, ის სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის. „წარმოდგენილი ცვლილებები მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას შეზღუდოს ადამიანის უფლებები იმ სახით, რა სახითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იყო დაშვებული, რაც წინააღმდეგობრივია კონსტიტუციასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან“, - წერია სახალხო დამცველის წინადადებაში.

21 მაისს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ვერ ერკვევიან ხელისუფლების დანაწილების პრინციპში. „ნორმათშემოქმედება უნდა იყოს გამიჯნული იმ სისტემაში, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება. დაუშვებელია, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, არსებობდეს შემთხვევა, როდესაც მთავრობის ნორმატიულ აქტს ამტკიცებს პარლამენტი თავისი ნორმატიული აქტით“, - განაცხადა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს არა ის, რომ პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებს უნდა ამტკიცებდეს, არამედ ის, რომ მთავრობას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ისეთი განუსაზღვრელი დისკრეცია, რასაც მას კანონპროექტი ანიჭებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, განუსაზღვრელი დისკრეცია მთავრობას იმ უფლებათა შესაზღუდავად ენიჭება, რომელთა შეზღუდვასაც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პარლამენტის მიერ სჭირდებოდა დამტკიცება. შესაბამისად, იმის თქმა, რომ პარლამენტს მთავრობის აქტების დამტკიცებაში უნდა ჩარევა, პოლიტიკური მანიპულაციაა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოვიდა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვების შენარჩუნების ნორმა, დროებით, შესაბამისი კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს და მისი მოქმედების პირობითი ვადა, მაგალითად, 15 ივლისამდე განისაზღვროს.

აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ხელისუფლების ფაქტობრივ კაპიტულაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან დიდი ზეწოლის და ოპოზიციის არგუმენტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, სპეციალისტების მიერ „განხორციელებული შტურმის შედეგად, ხელისუფლებამ უკან დაიხია“. მისივე თქმით, „ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევის. ამას მართლაც ჰქვია ძალა ერთობაშია. დღეს ერთობაში ვიყავით როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ყველა ოპოზიციური პარტია“.

--------------------------------------------------------------------------------------------------

[1] „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მუხლით კონკრეტულადაა განსაზღვრული თითოეული ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებებს შეიძლება ზღუდავდეს. შესაბამისად, მისი შედარება ცვლილებების კანონპროექტთან, ალოგიკურია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი