რეზიუმე: პანდემიისა და საკანონმდებლო შეზღუდვების გავლენით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რასაც სამუშაო ადგილების (დროებით) შემცირება მოჰყვა. მტკიცება, რომ სამუშაო ადგილები პანდემიამდეც იყო შემცირებული სიმართლეს შეესაბამება. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. საერთო ჯამში კი, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება, თუმცა უმუშევრობის შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით არის განპირობებული და არა დასაქმების ზრდით. ბოლო წლებში (2016-2019) დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

ანალიზი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა: „სამუშაო ადგილები პანდემიამდე შემცირდა. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდეს, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 2019 წელს 10 800 ადამიანით შემცირდა... გასულ წელს შემცირდა უმუშევრების დონე, მაგრამ არა ახალი სამუშაო ადგილების, არამედ მთლიანი სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე... აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური პრობლემები კრიზისამდეც გვქონდა, რადგან ქვეყანა წლებია არასწორად იმართება“.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა, რაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა წილი 49.7%-ია. თვითდასაქმებულთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაში მომუშავე პირები არიან, ხოლო მათი სამუშაო ხშირ შემთხვევაში საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მუშაობას უკავშირდება.

გრაფიკი 1: დასაქმებულები სტატუსის მიხედვით (ათასი)

წყარო: საქსტატი

2019 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 11.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. თუმცა, ბოლო წლებში (2016-2019) ასევე მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. უმუშევრობა მცირდება არა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობის შემცირების ხარჯზე. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა.

გრაფიკი 2: დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკა 2012-2019 წლებში

წყარო: საქსტატი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი