სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვების გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 29 მაისს გამოქვეყნდა, უწყება რამდენიმე მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე საუბრობს.

დოკუმენტში გამოკვეთილი გარემოებებიდან ერთ-ერთია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული სტრუქტურების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება. აუდიტმა 110 შესწავლილი შემთხვევიდან, 18 შემთხვევაში დარღვევა გამოავლინა. აქედან 13 უნებართვო მშენებლობაა, ხოლო 4 ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილი და მიტოვებულია. ერთ შემთხვევაში კი მშენებლობა დასრულებულია და ნებართვის გაცემის პროცედურები ახლა მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მშენებლობები, ძირითადად, 2016 წლიდან ხორციელდება, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ არ არის აღმოჩენილი კანონდარღვევის ფაქტები და არც აკრძალვის ღონისძიებებია გატარებული. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წერილობითი მიმართვები მხოლოდ აუდიტის დროს გაიგზავნა.

ცხრილი 1. ბათუმის ტერიტორიაზე დარღვევითა და უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით

მდებარეობა

ფიზიკური პირი

ნებართვის ნომერი

რეაგირება მერიის მხრიდან

სვიმონ კანანელის პირველი ჩიხი №23

ფიზიკური პირი

N 004649 ვადა

03.05.2019 − 08.05.2020

დაირღვა პროექტი, საქმის წარმოება დაიწყო 29. 11. 2019

გონიოს დასახლება

შპს „ნირან პროპერტის დეველოპმენტი“

უნებართვო

საქმის წარმოება დაიწყო

29. 11. 2019

ანდრია პირველწოდებულის ქუჩა №15

ფიზიკური პირი

N000297 ვადა 30.03.2015 −30.03.2016

ვადაგასულია

აფსაროზის გზატკეცილი N11ა

ფიზიკური პირი

უნებართვო

საქმის წარმოება დაიწყო

22. 11. 2019

აეროპორტის გზატკეცილი N243/ა

ფიზიკური პირი

N000952 ვადა

19.12.2016 − 25.01.2018

საქმის წარმოება დაიწყო

28. 11. 2019

ფრიდონ ხალვაშის გამზირი №163

ფიზიკური პირი

უნებართვო

საქმის წარმოება დაიწყო

22. 11. 2019

ბაქოს (გოგებაშვილის) ქ. №33

რესტორანი „ფიშლანდია“

სახელმწიფო საკუთრება

ნებართვა არ არის გაცემული

საქმის წარმოება დაიწყო

27. 11. 2019

ბაქოს (გოგებაშვილის) ქ. №33

რესტორანი „ლურჯი ტალღა“

სახელმწიფო საკუთრება

ნებართვა არ არის გაცემული

საქმის წარმოება დაიწყო

26. 11. 2019

ბაქოს (გოგებაშვილის) ქ. №33

რესტორანი „ნეპტუნი“

სახელმწიფო საკუთრება

ნებართვა არ არის გაცემული

საქმის წარმოება დაიწყო

26. 11. 2019

ბაქოს (გოგებაშვილის) ქ. №33

რესტორანი „ზღვის ვარსკვლავი“

სახელმწიფო საკუთრება

ნებართვა არ არის გაცემული

საქმის წარმოება დაიწყო

26. 11. 2019

დემეტრე თავდადებულის

ქ. №48

ფიზიკური პირი

უნებართვო

დაჯარიმებულია

09. 09. 2019

ნიჟარაძის ქ. №18

ფიზიკური პირი

უნებართვო (ნებართვა გაიცა

02. 12. 2019)

საქმის წარმოება დაიწყო

21. 11. 2019

ლერმონტოვის ქ. №107

ფიზიკური პირი

საქმის წარმოება დაიწყო

28. 11. 2019

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცხრილიდან ჩანს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ცხრა ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვების გარეშე. ანგარიშში წერია, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, კერძოდ, უნებართვოდ აშენებული შენობების მესაკუთრე რვა პირი ჯამში 12,000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ზედამხედველობის განმახორციელებელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ, ვისაც ევალებოდა უკანონო მშენებლობებზე ზედამხედველობა და დარღვევის აღმოფხვრა, რეაგირება არ განხორციელებულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა 2020 წელსაც გრძელდება, რაც კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს და შესაბამისი პირების მიერ მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, არამართლზომიერი ქმედების რისკზე მიანიშნებს.

ანგარიშში ასევე გამოკვეთილია გარემოებები, როცა სანებართვო პირობების მოძიება და შექმნა შენობის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს. კერძოდ, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №49/ა-ში უკვე აშენებულია სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი, მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები, თუმცა ბათუმის მერიამ 2019 წლის თებერვალში მხოლოდ შპს „ჰორიზონტ ჯგუფის“ განცხადება დააკმაყოფილა და არქიტექტურული პროექტი შეითანხმა, მაგრამ ნებართვა არ გაუცია. აუდიტის სამსახურის დასკვნით, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მერია, მშენებლობის დაწყებისა და მიმდინარეობის ეტაპებზე, არ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად, რაც, შესაძლოა, უნებართვო მშენებლობების ხელშეწყობით იყოს განპირობებული. უწყება არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური ხასიათის კანონშეუსაბამობები გაცილებით მეტი იყოს.

უნებართვო მშენებლობების გარდა, აუდიტის ანგარიშში საუბარია მშენებლობის ნებართვების მაძიებლების განცხადებების განხილვის ვადებზე, კერძოდ, ხარვეზებზე, რომლებიც ვადების დარღვევებს უკავშირდება. მოქმედი რეგულაციით, მშენებლობის ნებართვის გაცემა სამი სტადიისგან შედგება. ყოველ სტადიას თავისი ვადა აქვს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მაძიებელი შემდგომ ეტაპზე გადადის. ინფორმაციისთვის, ვადები განისაზღვრება შენობის კლასის მიხედვით: I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები)

I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის გრძელდება არაუმეტეს 10 დღისა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება - არაუმეტეს 18 დღისა; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არაუმეტეს 5 დღისა, ხოლო V კლასის შენობა -ნაგებობებისთვის – არაუმეტეს 10 დღისა. სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, ქალაქ ბათუმის მერია. ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მერ რეგისტრირებულია 3,146 მოთხოვნა, საიდანაც 923 მოთხოვნის განხილვა ვადის დარღვევით განხორციელდა.

ცხრილი 2. ბათუმის მერიის მიერ დაგვიანებით განხილული განცხადებების მაგალითები

მაძიებელი

განცხადების თარიღი

განხილვის ვადა

განხილვის თარიღი

დაგვიანებულ დღეთა რაოდენობა

შპს „აგისანი“

4.01.2016

9.01.2016

25.01.2016

16

შპს NBN

14.08.2017

19.08.2017

25.08.2017

6

ნატალია ინშენკო

4.08.2017

9.08.2017

5.09.2017

27

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

რამდენიმე მაძიებლის შემთხვევაში კი განცხადებები მიმართვიდან მეორე ან მესამე დღეს არის განხილული. მაგალითად: შპს „როიალ პალასის“ განცხადება შეტანიდან მეორე დღეს არის განხილული, ხოლო ამხანაგობა „ნიკოს“ განცხადება - იმავე დღეს. აუდიტი ასკვნის, რომ ნებართვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება არაერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება და არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი