რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალური მშპ ერთ სულზე 32.8%-ით გაიზარდა. რეალური მშპ ერთ სულზე 2012 წელს 8,162.5 ლარი, 2019 წელს კი 10,839.8 ლარი იყო. საქართველოს მსგავსი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის სასურველია მშპ-ის ზრდის ბევრად მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა უფრო არ გაღარიბებულა. აღსანიშნავია, რომ ხშირად მშპ-ის დინამიკის განხილვა დოლარში გადაანგარიშებული მაჩვენებლით ხდება, რაც არასწორი მიდგომაა, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს, შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

არსებული მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 30%-დან 20.1%-მდე, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კი 22.4%-დან 20.5%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლების“ პერიოდში ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა, მცდარია.

ანალიზი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება დაანონსა, განაცხადა (37:20): „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა უფრო გაღატაკდა".

ქვეყნის სიღარიბის შესაფასებლად, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება უნდა განვიხილოთ. საქსტატის მონაცემებით, რეალური მშპ ერთ სულზე ყოველწლიურად იზრდება. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 8,162.5 ლარი იყო, 2019 წელს კი 10,839.8 ლარი შეადგინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალური მშპ ერთ სულზე 32.8%-ით არის გაზრდილი.

პოლიტიკოსები ხშირად მშპ-ის მაჩვენებლების დინამიკის შესაფასებლად, დასახელებულ მონაცემს აშშ დოლარში გამოსახულს იყენებენ, რაც არასწორი მიდგომაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ წარსულში არაერთხელ წერდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის, ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი მოიცავს საკუთარ თავში, შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

ცხრილი 1: მშპ ერთ სულზე, 5 სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

მიმდინარე ფასებში, ლარი

7,301.8

7,691.1

8,368.0

9 109.4

9 613.9

10 933.9

11 968.0

13 428.9

მუდმივ 2015 წლის ფასებში, ლარი

8,162.5

8,483.1

8,855.7

9,109.4

9,368.5

9,820.9

10,300.6

10,839.8

მიმდინარე ფასებში, აშშ დოლარი

4,421.9

4,623.7

4,738.8

4 012.6

4 062.1

4 358.5

4 722.0

4 763.5

მუდმივ 2015 წლის ფასებში, დოლარი

4,943.2

5,099.8

5,015.0

4,012.6

3,958.4

3,914.8

4,064.1

3,845.0

მუდმივი 2011 წლის PPP საერთაშორისო დოლარი

8,061

8,381

8,772

9,013

9,253

9,706

10,155

10,674

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ცხრილ 1-ში წარმოდგენილი მონაცემებიდან, მშპ ერთ სულზე მხოლოდ 2015 წლის ფასებშია შემცირებული, აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლის მიხედვით. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს დინამიკის აღსაწერად არარელევანტურია, რადგან რეალურად მის მდგენელს უმეტესწილად გაცვლითი კურსი წარმოადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში, მშპ ერთ სულზე 2012 წელთან შედარებით გაზრდილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, 2015 წლის ფასებში გამოსახული რეალური მშპ-ისა და მუდმივი PPP საერთაშორისო დოლარში გამოსახული მონაცემის ანალიზი. რეალური მშპ ერთ სულზე 2012 წელს 8162 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 10839 ლარს შეადგენს, ხოლო რეალური მშპ ერთ სულზე (საერთაშორისო მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) 2012 წელს 8061 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 2019 წელს 10674 ლარს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება [1], 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის ცხოვრების დონე (სიღარიბის მაჩვენებლები) გაუმჯობესებულია. საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტური სიღარიბის[2] ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 30%-დან 20.1%-მდე შემცირდა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი[3] 2012 წელს 22.4% იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 20.5%-მდე შემცირდა. 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა, 2016-2017 წლებში, ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წელს კი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ისევ შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, 2012-2018 წლებში

წყარო: საქსტატი


[1] იხილეთ სიღარიბეზე „ფაქტ-მეტრის“სტატია.

[2] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ.

[3] ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას ქვეყანაში საშუალო მოხმარების დონესთან. ღარიბად მიიჩნევა ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი