რეზიუმე: 2020 წლის 2 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ 2006 წელს, ციხის ამბოხის ჩახშობისას სპეცრაზმმა პატიმართა მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღი არა მხოლოდ შენობის შიგნით გამოიყენა, არამედ მის გარშემო მდებარე შენობების სახურავებიდანაც, საიდანაც ნასროლი ბრმა ტყვიები პირდაპირ საკნებში ფანჯრების გავლით აღწევდა.

ანალიზი

29 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ კოლეგებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეახსენა. „რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე? რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ უმისამართოდ ესროდით მსჯავრდებულებს? სტრასბურგის ციტატაა ეს - უმისამართოდ ესროდით მსჯავრდებულებს“ - განაცხადა მან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება 2020 წლის 2 აპრილს გამოიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც 2006 წელს მარტში ე.წ. ციხის ბუნტის ჩასახშობად ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დადგინდა. კერძოდ, სასამართლომ დარღვეულად ჩათვალა მუხლის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული ასპექტი. მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, პირველ და მეორე მომჩივნებს (ს. ბუხრაშვილი, მ. გორდაძე) ერთობლივად 40 000 ევრო მიეკუთვნათ, ხოლო მესამე მომჩივანს (რ. ჩიტაშვილი) - 32 000 ევრო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2006 წელს თბილისის N5 საპყრობილედან პატიმრების გადაყვანას პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამბოხში გადაიზარდა. მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, ბაჩანა ახალაიას გადაწყვეტილებით, ამბოხის ჩასახშობად სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, 7 პატიმარი გარდაიცვალა, მათ შორის, აღნიშნულ საქმეზე მომჩივნების ოჯახის წევრები, ხოლო 22-მა პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება სამი თვის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა გამოძიების ფარგლებში კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. გარდაცვლილი პატიმრების, ზ.კ.-ს და ა.ბ.-ს ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სიცოცხლის უფლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით 2007 წელს მიმართეს.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ლეგიტიმური მიზნები ამბოხის ჩასახშობად, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელთა მხრიდან გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო და კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ასპექტი დაირღვა.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ შემთხვევამდე პატიმრების მხრიდან ამბოხის დაგეგმვის შესახებ წინასწარ იცოდა. მიუხედავად ამისა, სპეცდანიშნულების რაზმს ზემდგომი პირებისგან კონკრეტული ბრძანებები ლეტალური ძალის გამოყენების ფორმასა და ინტენსივობასთან დაკავშირებით არ მიუღია, რათა მსხვერპლის ალბათობა მინიმუმამდე შემცირებულიყო. გარდა ამისა, სპეცრაზმელებს პატიმრებთან მოლაპარაკების წარმოება არ უცდიათ, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების მხრიდან მზაობა არსებობდა.

შესაბამისმა ორგანოებმა ციხეში მომხდარი ინციდენტის ჩასახშობად ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად უფრო მსუბუქი, (მაგალითად, როგორიცაა ცრემლმდენი აირი, ან წყლის ჭავლი) საშუალებების გამოყენება არც კი განიხილეს. როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, სპეცსამსახურების რაზმები უკონტროლოდ და არაორგანიზებულად მოქმედებდნენ. მეტიც, რაზმებმა პატიმართა მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღი არა მხოლოდ შენობის შიგნით გამოიყენეს, არამედ მის გარშემო მდებარე შენობების სახურავებიდანაც, საიდანაც ნასროლი ბრმა ტყვიები პირდაპირ საკნებში ფანჯრების გავლით აღწევდა. სპეცრაზმელები პატიმრებს სცემდნენ და მათ მიმართ სროლას განაგრძობდნენ იმისდა მიუხედავად, რომ პატიმრები მათ წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, პატიმრებისთვის ბუნტის ჩასახშობი ოპერაციის დასრულების შემდეგ ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა უზრუნველეყოთ. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევაც დაადგინა. კერძოდ, პოზიტიური ვალდებულება, რომ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება უკანონო ან საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველომ ვერ შეასრულა.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სპეცოპერაციის დროს უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, ხოლო საქმეზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები იგივე უწყებამ აწარმოა (იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა), რომელმაც ციხის ბუნტის ჩახშობის შესახებ ბრძანებები გასცა და ბუნტის ჩამხშობ სპეცდანიშნულების რაზმებს ხელმძღვანელობდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიება არ იყო ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მის ფარგლებში კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. გარდა ამისა, გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი არ მიენიჭათ, რის გამოც ისინი გამოძიების პროცესში ვერ ჩაერთვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ციხის ბუნტის ჩახშობიდან 14 წლის შემდეგაც, აღნიშნულ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა და პასუხისმგებელი პირები არ გამოვლენილან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი