აჭარის ა/რ ტერიტორიაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები, რა მოცულობის თანხა იხარჯება და ამ პროექტების განხორციელებას რა პრობლემები ახლავს.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ოთხ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 600 მილიონ ლარს აღემატება.

ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც არ შეწყვეტილა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაა. პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და დასრულება 2020 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. პროექტს ერთობლივი საწარმო - POLAT YOL & MAPA (თურქეთი) ახორციელებს, რომელსაც, მოცემული მდგომარეობით, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის, ქვის სვეტების საშუალებით სუსტი გრუნტების გამაგრების ღონისძიებები, ხიდების სამუშაოები, მე-3 და მე-4 გვირაბების გაჭრის, ხიდების მალის ნაშენისათვის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების დამზადების, მე-5 გვირაბის მოპირკეთებისა და კომუნიკაციების გადატანის სამუშაოები აქვს შესრულებული. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 735 ლარს შეადგენს. უნდა ითქვას, რომ იმ სოფლების მოსახლეობა, სადაც ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო პროცესებით მიყენებულ ზარალზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს, კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, მართავს. თუმცა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის მშენებლობით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი არ დადასტურებულა.

მეორე პროექტი, რომლის შესახებაც სამინისტრომ მოგვწერა, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, საავტომობილო გვირაბის მიმდებარედ, მოსაბრუნებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებია. სამინისტროს ინფორმაციით, მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. პროექტს შპს „გზა“ ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, კომპანიამ ამ ეტაპზე კლდოვანი მასის დამუშავება, ქვესაგები ფენისა და საფუძვლის მოწყობა გზის მარცხენა მხარეს, ასევე გაბიონის უკან ყრილის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 789 999.99 ლარს შეადგენს.

სინამდვილეში, აღნიშნული გზის მშენებლობის სამუშაოები სამი წლის წინ დაიწყო. 2017 წელს ბათუმის იმდროინდელმა მერმა გიორგი ერმაკოვმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრ ზურაბ ალავიძეს წერილით მიმართა და აუხსნა, რომ ჩაქვი-მახინჯაურის გზის მონაკვეთზე, გვირაბის მიმდებარედ, აუცილებელი იყო, შეზღუდულ ვადებში, მოსაბრუნებელი საავტომობილო გზის მოწყობა. ერმაკოვი ამის მიზეზად გადატვირთულ საავტომობილო ნაკადებს ასახელებდა. სახელმწიფომ გზის სამშენებლო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა. ანუ პროექტზე მუშაობა მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა.

იმ დროს დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩაქვი - მახინჯაურის მონაკვეთზე მოსაბრუნებელი საავტომობილო გზა (1 კმ ) ზამთრის დადგომამდე მოწყობილიყო.

2017 წლის 8 აგვისტოს შპს „გზასთან“2 500 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც სამუშაოები 2017 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. შპს „გზამ“ სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გაუგრძელეს.

პროექტის დასრულების ვადა მეორედ 2018 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდა, ამჯერად - 2018 წლის 1 ივნისამდე. სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულება 7 853 356 ლარამდე გაიზარდა. თუმცა სამუშაოები მაინც ვერ დასრულდა. 2019 წელს კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. გამარჯვებულად იგივე კომპანია დასახელდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წელს პირდაპირი წესით გაფორმდა. 3 790 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს „გზას“ 2019 წლის 23 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, მაგრამ ხელშეკრულებაში 17 ცვლილება შევიდა, მათ შორის რამდენიმე - პროექტის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. მშენებლობა ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ ჯერ კიდევ 2018 წელს დაწერა.

კიდევ ერთი უსასრულოდ გაწელილი პროექტია ბათუმი (ანგისა) - ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთი, ლოტი I (29კმ). ამ პროექტზე ხელშეკრულება 2018 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა და მისი დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წლის ოქტომბერში. ტენდერში გამარჯვებული იყო TODINI Costruzioni Generali S.p.a. (იტალია). კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაიწყო, რის გამოც შემსყიდველმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას ხელისუფლება 2016 წლიდან აანონსებს და თემას ყოველი არჩევნების წინ ააქტიურებს. იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია. „ტოდინთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, სამინისტრომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ხულო - გოდერძის უღელტეხილის) კმ 0+000 - კმ 4 + 007 მონაკვეთის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები დეპარტამენტმა შპს „მამისონისგან“ 14 581 880 ლარად შეისყიდა. სხვათა შორის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბათუმის ახალი სასაფლაოების მშენებლობის პროექტი განახორციელა. ამ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი 2017 წელს დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმებულია, ის დღემდე არ ფუნქციონირებს, რადგან ექსპლუატაციისთვის უვარგისია. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ამ ეტაპზე კიდევ ერთი ტენდერია გამოცხადებული, ამჯერად ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ 59 - კმ 68 მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 935 265 ლარია. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ასევე ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტიც არაერთხელ მოექცა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ხელშეკრულება Struijk Group-სთან (ნიდერლანდები) 2016 წლის 15 ნოემბერს არის გაფორმებული. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (Sustainable Urban Transport Investment Program - SUTIP) ფარგლებში აფინანსებს. სახელშეკრულებო ღირებულება55 609 958 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის დასაწყისია მითითებულია. ინფორმაციისთვის, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების მიმდებარედ, Struijk Group-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია წიაღისეულს ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით მოიპოვებდა და ბათუმში ჩამოჰქონდა. ეს მასალა ნაპირის გასამაგრებლად გამოიყენებოდა. ნიდერლანდური კომპანია სახელმწიფომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა, თუმცა ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებაზე მისთვის თანხმობა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიეცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თანხმობა არ ჰქონდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი აფეთქების დროს ასხლეტილი ლოდი ადგილობრივი მოსახლის ეზოში გადავარდა და ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა.

რაც შეეხება ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას (ლოტი II - 18კმ), ის 2013 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ივნისში დასრულდა. პროექტი, რომლის ღირებულებამაც 209 852 079 ლარი შეადგინა, Sinohydro Corporation Limited-მ (ჩინეთი) განახორციელა. არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გზა უკვე დაზიანებულია, მასზე გადაადგილებისას საფრთხე გაცილებით მაღალია და მძღოლები ძველი გზით სარგებლობას ამჯობინებენ. თვითონ „სინოჰიდროს“ საქმიანობა და რეპუტაცია განსჯის საგანი არაერთხელ გახდა. კომპანიის საქმიანობას მუდმივად ახლდა მოსახლეობის, დასაქმებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები და პროტესტი. აღსანიშნავია, რომ ვიდრე „სინოჰიდროსთან“ ქართული მხარე ძვირადღირებულ ხელშეკრულებებს გააფორმებდა, აფრიკის განვითარების ბანკის მიერ ის უკვე „შავ სიაში“ იყო შეყვანილი. 2018 წელს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს თხოვნით მიმართა, კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისია შეექმნა. ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის მიუხედავად, მასთან ქართული მხარე მილიონიან ტენდერებს მაინც აფორმებს.

ფოტო: „ლაივპრესი"

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი