რეზიუმე: საქართველოს მთავრობამ, „ანტიკრიზისული გეგმის“ ფარგლებში, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სუბსიდიის რაოდენობა 1 ჰა მიწაზე 200 ლარით ანუ აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით განისაზღვრა.

აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში, 2 000 ჰა მიწის დასახნავად, 500 000 ლარი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო. პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა „ლიბერთი ბანკის“ ბარათზე 20 მაისს დაიწყო. 2020 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გათვალისწინებით, 1 395 ჰა მიწაა დამუშავებული, რისთვისაც 242 850 ლარია გახარჯული. აქვე აღვნიშნავთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ განცხადება 19 ივნისს გააკეთა. ჩვენ ინფორმაცია 25 ივნისს მივიღეთ და უფასო ხვნის პროგრამით დამუშავებული მიწის ფართობი 1 500 ჰექტარს ამ დროისთვისაც კი არ აღწევდა.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნათესი ფართობების მაჩვენებელი, 2016 წლამდე, ცალკე კომპონენტად გამოყოფილი საერთოდ არ არის და „სხვა დანარჩენ რეგიონებში“ მოიაზრება. 2016 წელს კი ნათესი ფართობი 4.4 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მომდევნო წლების მაჩვენებლებს აღემატება. 2019 წელს ნათესი ფართობის მოცულობა 3.4 ათასი ჰექტარია. ფაქტია, რომ უფრო ადრინდელ პერიოდთან შედარებით, აჭარის რეგიონში ნათესი ფართობი იმატებს, რაზეც ცხრილში მისი ცალკე პარამეტრად დაფიქსირება მეტყველებს. მართალია, უფასო ხვნის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 1 395 ჰა დამუშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ჰა მიწა დაიხვნა სახელმწიფო პროგრამის მიღმა, დამოუკიდებლად. ეს მონაცემები მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

ანალიზი

მიმდინარე წლის 19 ივნისს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ფერმერებს შეხვდა და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები შეაჯამა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „დაახლოებით 500 000 ლარი იქნა გამოყოფილი აჭარის ა/რ საგანგებო ბიუჯეტიდან, რომ თითოეულ თქვენგანს, თქვენს მეზობლებს, ჰქონოდათ საშუალება, უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლათ. დღეს აჭარაში დამუშავდა 1 500 ჰა მიწა. ეს არის 20-30 წლის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე მაღალი შედეგი“.

აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასო ხვნის სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 20 მაისს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო 2 000 ჰა ფართობის დახვნა, რისთვისაც აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 500 000 ლარი გამოიყო. ხვნის მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი არანაკლებ 1.25 ჰა-ს უნდა შეადგენდეს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით - აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. აღნიშნული პროგრამა აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში განხორციელდა.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში უფასო ხვნის პროგრამით განხორციელებული სამუშაოების მოცულობა (ჰა) და ღირებულება (ლ)

წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, აჭარის ა/რ ხუთივე მუნიციპალიტეტში 1 395 ჰა დამუშავდა და ამისთვის ჯამში 242 850 ლარიდაიხარჯა. ნათესი ფართობების სტატისტიკას ჩვენ 2008 წლიდან მივყევით. აღმოჩნდა, რომ 2016 წლამდე აჭარის ა/რ ნათესი ფართობების შესახებ მონაცემები ცალკე არ ფიქსირდება და ის სხვა რეგიონებში მოიაზრება. 2016 წლიდან კი აჭარის რეგიონი ცხრილში ცალკეა გამოტანილი, რაც ნიშნავს, რომ ნათესი ფართობების რაოდენობა გაიზარდა.

გრაფიკი 2. ნათესი ფართობი (ჰა) აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, 2016-2019 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, დამუშავებული მიწის ფართობი ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2016 წელს აღწევს, მომდევნო წლებში კი თითქმის ერთ დონეზეა. 2020 წლის მონაცემი არ გვაქვს, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ, მათ მეზობლად არაერთი ოჯახი დაბრუნდა და მიწა დაამუშავა. სავარაუდოდ, ეს ფაქტორი ნათესი მიწის ფართობის პარამეტრებზე აისახება.

ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული 290.0 ათასი მიწის ფონდიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 72.9 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანი ფონდის 25.1%-ია. აქედან რეგისტრირებულია მხოლოდ 27.9 ათასი ჰექტარი. საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულიდან ფიზიკურ პირებზე, ანუ მათზე, ვინც სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან უშუალოდ დაკავშირებულია, 12.6 ჰა მოდის, ხოლო 11.6 ჰა სახელმწიფო საკუთრებაა. რაც შეეხება აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებულ სავარგულებს, ის მხოლოდ 2.9 ათას ჰექტარს შეადგენს. მუნიციპალიტეტების, კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა საკუთრებაში 0.8 ათასი ჰექტარია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია