მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო, შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ მიიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე (ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზა) ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოაცხადა. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ხელშეკრულება 2017 წლის 22 მაისს გაფორმდა. ამ კომპანიას 6 155 842 ლარის ღირებულების პროექტი 12 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2018 წლის მაისიდან მას დათქმული ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს, ბოლოს კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის დრო 2019 წლის 31 ოქტომბრამდე მისცეს.

პარალელურად, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენისა და სოფლის სასმელი წყლის მილების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა, რამაც როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავდაპირველად განმარტეს, სამუშაოების დასრულების ვადა 2-3 თვით შეაფერხა.

მსოფლიო ბანკის მიერ დასახელებული პროექტის განსახორციელებლად 6 155 842 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) გამოიყო. აქედან შემსრულებელმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ამ დრომდე არ დაუსრულებია, 3 469 524 ლარი უკვე მიიღო.

თავდაპირველად პროექტის დასრულება 2018 წლის ოქტომბრამდე გადაიდო. იმ პერიოდში საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოების გაჭიანურების სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. ერთ-ერთის მიხედვით, პროექტის დასრულებას, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე ადგილობრივი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უშლიდა ხელს.

„ინჟინრის მხრიდან გარკვეული ტიპის შენიშვნებიდან გამომდინარე, დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანას დასჭირდა დაგეგმილზე მეტი დრო. ამასთან, საწყის ეტაპზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზსადენისა და სოფლის სასმელი წყლის მილების მშენებლობის გამო, შეუძლებელი შეიქმნა სამობილიზაციო სამუშაოების განხორციელება, რამაც 2-3 თვით შეაფერხა მანქანა-მექანიზმების ობიექტზე მობილიზება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების დაწყების შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამდა პრეტენზიას მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საავტომობილო გზის მშენებლობისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით, რის გამოც სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე შეფერხდა პროექტით გათვალისწინებული მიწის სამუშაოები და საჭირო გახდა განსახლების პროცედურების განხორციელება“,- აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ წერილში. მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს 2016 წლის 17 ნოემბერს მიაწოდეს. შეხვედრის შედეგად შედგენილ ოქმში, რომელსაც ხელს 18 მოსახლე აწერს, სამუშაოების ვადებიცაა მითითებული. იმ პერიოდისთვის მოსახლეობა ინფორმირებული იყო სამუშაოების განხორციელების დეტალებისა და პროექტის სრულად განხორციელებისთვის საჭირო დროის შესახებ.

რაც შეეხება ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხიდისთავსა და ატენში გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო, ანუ ამ დროს ხელშეკრულების მიხედვით, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის პროექტი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო და აღნიშნულ სამუშაოებს სავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტისთვის, მისი ვადებიდან გამომდინარე, ხელი არ უნდა შეეშალა.

ამ საკითხზე საუბარი 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია (გვ. 49-50). დოკუმენტის მიხედვით, პროექტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო), ყველა შესაძლო, მოსალოდნელი პრობლემა თუ რისკი წინასწარ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და უწყებებს შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ. 2018 წელს აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ცალკე რეკომენდაცია გასცა. როგორც აღმოჩნდა, დეპარტამენტი განახლებულ ყოველდღიურ სანდო ინფორმაციას ზედამხედველების მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ არ ფლობდა.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეაბილიტაციის პროექტს, ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის ივნისის მდგომარეობით 8 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის მოწყობა იყო დასრულებული. ამ ეტაპზე კი უწყების განმარტებით, კონტრაქტორი დარჩენილი 2-კმ ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოებს, საგზაო ნიშნების მოწყობას, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ლითონის ბადეების მოწყობასა და სხვა დარჩენილ სამუშაოებს ასრულებს, რომელთა გათვალისწინებით პროექტის დასრულებას ამჯერად ორ თვეში ვარაუდობენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორს პირგასამტეხლო ( მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე) დაეკისრა, რომლის მაქსიმალური ოდენობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 10%-ით არის განსაზღვრული, რაც 615 584 ლარს შეადგენს.

„იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წლის ოქტომბრის შემდგომ კონტრაქტორს არ წარმოუდგენია შუალედური გადახდის სერთიფიკატი, ვერ იქნა დაქვითული ზემოთ აღნიშნული თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონტრაქტორს თანხა დაექვითება შუალედური გადახდის სერთიფიკატის წარმოდგენის შემდგომ“,- განმარტავენ უწყებაში.

გზის მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების გაჭიანურებაზე გორელი პარლამენტარებიც აქტიურად საუბრობდნენ. იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ 2017 წელს აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მისი კომპანიაც მონაწილეობდა, თუმცა გზების დეპარტამენტმა ის კომპანია შეარჩია, რომელმაც ვალდებულებების შესრულება 50 ათას ლარით ნაკლებ ფასად შესთავაზა. თენგიზ ხუბულური კი აცხადებს, რომ ყველა მხარესთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება და იმედოვნებს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მისი დეპუტატობის მანდატის ამოწურვამდე დასრულდება.

აღნიშნული უცხოური კომპანია, შესყიდვების სააგენტოს საიტზე, როგორც პრეტენდენტი 2016 წლიდან გამოჩნდა. მთლიანობაში 2016-2017 წლებში ის 3 ტენდერის გამარჯვებულია, რომელთა საერთო ღირებულება 38 360 538 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მათგანში შემსყიდველი უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რომელმაც ატენის ხეობაში მიმდინარე გზის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის კონტრაქტორ კომპანიას ჯარიმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკისრა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი